გადაწყვეტილება მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებაზე მოსამართლე ნატო ხუჯაძემ გამოაცხადა დღეს, პირველ ნოემბერს.
გაბუნიას დაკავების შესახებ ინფორმაცია „ფინანსური პოლიციამ“ 30 ოქტომბერს გაავრცელა; იქვე განაცხადა, რომ გაჩხრიკეს ექსმინისტრ ირაკლი ქარსელაძის, გაბუნიასა და სხვა პირების ქონება - სულ 18 ობიექტი.
კობა გაბუნია სამინისტროში იყო საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის კურატორი - ამ ფონდთან დაკავშირებით უკვე არაერთი მაღალჩინოსანია მიცემული პასუხისგებაში, მათ შორის, ფონდის აღმასრულებელი დირექტორი. სამ პირს გირაო შეუფარდეს.
საქმე უკავშირდება აუშენებელი საბავშვო ბაღებს.
„მატერიალური გამორჩენა ჩემს ცხოვრებაში არ მქონია“, - ტვ პირველის ცნობით, ასე მიმართა ბრალდებულმა სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე.
მისი თქმითვე, მართალია, ბაღებთან დაკავშირებულ ყველა შესყიდვას ვერ გაივლიდა, თუმცა აღიარებს, რომ „მეტი ყურადღება“ უნდა გამოეჩინა.
„კონკრეტულ შემთხვევაში რაც გამოიხატება, შეიძლება რაღაც საკითხი გამომრჩა. ჩემი უშუალო დავალებით ან რამე ფორმით ჩემი ჩართულობა ასე არ გამოხატულა“, - განაცხადა ყოფილმა მაღალჩინოსანმა.
მანამდე მისმა ადვოკატმა განაცხადა, რომ გაბუნია თვითონ კობა გაბუნია „გაოგნებული“ იყო ბრალდების შინაარსით.
კობა გაბუნია 2021 წლიდან, - ქარსელაძის დანიშვნის შემდეგ, - 2025 წლამდე იყო ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე.
მანამდე, 2018-19 წლებში ის საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე იყო - აქაც ქარსელაძის უფროსობისას.
2019-21 წლებში კი სუსში მუშაობდა - იყო სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.
წლევანდელი, ბოლო დეკლარაციის თანახმად, მისი მეუღლე, მაკა გვენცაძე მუშაობდა სემეკში - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიაში - ჯერ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის უფროსი თანაშემწის პოსტზე, შემდეგ კი საზოგადოებრივ დამცველად.
ამავე წყაროს თანახმად, გაბუნიამ 2024 წელს ინფრასტრუქტურის სამინისტროდან 93 030 ლარის ხელფასი მიიღო; დეკლარაციის თანახმადვე, ფლობს მხოლოდ ორ ბინასა და ერთ ავტოფარეხს.
ფორუმი