Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაზე ისევ მასირებული შეტევა იყო, არის მსხვერპლი


აფეთქებებით გამოწვეული კვამლი კიევში. 2025 წლის 10 ივნისი
აფეთქებებით გამოწვეული კვამლი კიევში. 2025 წლის 10 ივნისი

რუსეთის ჯარები განაგრძობენ უკრაინაზე მასირებულ შეტევას. 10 ივნისს, შუაღამის შემდეგ რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში იყო, მათ შორის კიევსა და ოდესაზე.

ქალაქ ოდესის მერის, გენადი ტრუხანოვის ინფორმაციით, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაიჭრა ერთ-ერთ სახლზე დარტყმის შედეგად. ტრუხანოვის ცნობით, ოდესაში დაზიანებულია სამშობიარო სახლის ადმინისტრაციული შენობა, საიდანაც ევაკუაცია დროულად განხორციელდა და მსხვერპლი არ არის. ოდესის მერის თანახმად, დაზიანებულია გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სადგური და სახლები.

განახლება: დილის ათის ნახევრისთვის ოდესის საოლქო პროკურატურის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ რუსული დრონებით შეტევის შედეგად ოდესაში ორი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაშავდა.

ოდესაზე რუსული დრონებით შეტევის შედეგად დაზიანებული სახლი. 2025 წლის 10 ივნისი
ოდესაზე რუსული დრონებით შეტევის შედეგად დაზიანებული სახლი. 2025 წლის 10 ივნისი

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, დედაქალაქში, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიჭრა.

კიევის შვიდ რაიონში დანგრეული ან დაზიანებულია სახლები, ბიზნესცენტრი, აფთიაქი და სხვა შენობები. გაჩნდა ხანძრები.

კიევში ხუთ საათზე მეტხანს გაგრძელდა საჰაერო განგაში, რომლის დროსაც მოქალაქეები ვალდებული არიან თავი უსაფრთხო ადგილებს შეაფარონ.

რუსეთის ჯარების შეტევის შედეგად დაზიანებული სახლი კიევში. 2025 წლის 10 ივნისი
რუსეთის ჯარების შეტევის შედეგად დაზიანებული სახლი კიევში. 2025 წლის 10 ივნისი

დრონებით და რაკეტებით შეტევა იყო კიევის ოლქზეც.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ოთხ რაიონში დაზიანებულია სახლები.

ივნისის დასაწყისიდან რუსეთის ჯარებმა კიდევ უფრო ინტენსიური გახადეს უკრაინაზე შეტევა. არაერთი მასირებული იერიში იყო დედაქალაქ კიევზეც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს არის პასუხი სამხედრო აეროდრომებზე უკრაინის თავდასხმებზე, რომლებსაც „ტერორისტულს" უწოდებს. რუსეთი ირწმუნება, რომ უკრაინაში სამიზნე მხოლოდ სამხედრო ობიექტებია და არაფერს ამბობს მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლისა და სამოქალაქო ობიექტების ნგრევის შესახებ.

2025 წლის ივნისის დასაწყისიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა და უსაფრთხოების სამსახურმა სამჯერ განაცხადეს რუსეთის სხვადასხვა ოლქში სამხედრო აეროდრომებზე შეტევის შესახებ.



ფორუმი

XS
SM
MD
LG