ინფორმაცია, რომელიც თავდაპირველად ადგილობრივმა გამოცემამ, „ქართლის ამბებმა“ გაავრცელა, რადიო თავისუფლებას გორის საკრებულოში დაუდასტურეს.
საკრებულოში გვითხრეს, რომ გოგიჩაიშვილი ავადმყოფობდა - მას სიმსივნე ჰქონდა.
ბორის გოგიჩაიშვილი ყოფილი საბჭოთა კავშირისა და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი იყო ძიუდოში. ხელმძღვანელობდა შიდა ქართლის ძიუდოს ფედერაციას.
ის ასევე იყო გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“.
გოგიჩაიშვილი ექვს ადამიანთან ერთად 2025 წლის 17 სექტემბერს დააკავეს არალეგალური სასმლის საწარმოს საქმეზე.
19 სექტემბერს ყველა მათგანს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
მოგვიანებით, 2 ნოემბერს, მას აღკვეთის ღონისძიების ფორმა შეუცვალეს და გირაო შეუფარდეს - სწორედ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.
მისი ადვოკატი თამარ კუჭავა აცხადებდა: „ბატონი ბორისი უმძიმესი დაავადებით და დიაგნოზით არის წარმოდგენილი. მისი კოგნიტიური ფუნქციები მნიშვნელოვნადაა შეზღუდული... ბორის გოგიჩაიშვილმა სრულყოფილად საკუთარი საცხოვრებელიც ვერ გაიხსენა“.
- ბორის გოგიჩაიშვილი, ბიზნესმენი და ყოფილი სპორტსმენი გორის საკრებულოს დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ 2021 წელს გახდა;
- რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, არალეგალური სასმლის საწარმო სწორედ მის მფლობელობაში არსებულ უძრავ ქონებაში ფუნქციონირებდა.
- გოგიჩაიშვილმა 2019 წელს „ქართულ ოცნებას“ 100 000 ლარი შესწირა.
ბორის გოგიჩაიშვილამდე, პოლიციასთან პრობლემები ჰქონდა მის ვაჟსაც, რომელიც რამდენიმე კვირის წინ კონტრაბანდული საქმიანობისთვის დააკავეს და სასამართლოს გადაწყვეტილებამდე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
პროკურატურის თანახმად, ბორის გოგიჩაიშვილს პირადი ნაცნობობა აკავშირებდა შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილესთან, ვლადიმერ (იგივე ზაზა) ხუნდაძესთან, - სუსის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის მეგობართან.
ზაზა ხუნდაძის წინააღმდეგ პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების კვალიფიკაციით გუშინ აღძრა საქმე. ცნობილი გახდა, რომ ზაზა ხუნდაძემ ქვეყანა დატოვა, მას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს.
ფორუმი