პოლიციის ცნობით, თელ-ავივის სამხრეთით, ქალაქ ბათ-იამში დაიღუპა ექვსი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი. შვიდი ადამიანი დაკარგულად ითვლება, თუმცა მაშველები დანგრეული შენობების ნანგრევებში განაგრძობენ ძებნას.
სასწრაფო დახმარების სამსახურების და ადგილობრივი საავადმყოფოს ცნობით, ასევე ოთხი ადამიანი დაიღუპა ისრაელის ჩრდილოეთით, არაბებით დასახლებულ ქალაქ ტამრაზე თავდასხმების შედეგად.
„ძალიან სამწუხარო და რთული დილა იყო", - დაწერა ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა კვირა დილით სოციალურ ქსელ X-ში, - ირანის დანაშაულებრივმა თავდასხმებმა“ დახოცა და დაჭრა „ებრაელები და არაბები, ისრაელის მოქალაქეები და ახალი იმიგრანტები, მათ შორის ბავშვები და მოხუცები, ქალები და კაცები“.
„ვიზიარებ ოჯახების ღრმა მწუხარებას და ვგლოვობ საშინელ დანაკარგს. ვლოცულობ დაჭრილების გამოჯანმრთელებისთვის და დაკარგულების გადარჩენისთვის. ჩვენ ერთად ვიგლოვებთ. ჩვენ ამას ერთად დავძლევთ“, - დასძინა ისრაელის პრეზიდენტმა.
ისრაელის საგანგებო სიტუაციების სამსახურების ცნობით, ცენტრალურ რეგიონში განხორციელებული დარტყმების შედეგად სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა. ვრცელდება ცნობები დასავლეთ გალილეაში განხორციელებული დარტყმების შესახებ. წინასწარი მონაცემებით, იქ სამი ქალი დაიღუპა. მანამდე, ისრაელის საგანგებო სიტუაციების სამსახურებმა განაცხადეს, რომ შაბათს ირანულმა რაკეტამ დააზიანა სახლი ჰაიფის რაიონში, რის შედეგადაც ახალგაზრდა ქალი დაიღუპა და 14 ადამიანი კი დაშავდა.
13 ივნისს, გამთენიისას, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გამოაცხადა, რომ ირანში დაარტყეს „ბირთვული პროგრამის გულს“ - ურანის გამდიდრების მთავარ ობიექტს ქალაქ ნათანზში, ასევე ირანელ მეცნიერებს, რომლებიც ბირთვული ბომბის შესაქმნელად მუშაობდნენ და ბალისტიკური რაკეტების პროგრამის ცენტრს.
ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, პარასკევ საღამოს ირანმა ისრაელზე საპასუხო დარტყმები განახორციელა და „ასობით სხვადასხვა ბალისტიკური რაკეტა“ გაისროლა. თეირანი აცხადებს, რომ ეს ისრაელის მიერ მანამდე ირანზე განხორციელებულ დარტყმებზე „გამანადგურებელი პასუხის“ დასაწყისია.
ფორუმი