სოციალურ მედიაში გავრცელდა იერიშის შედეგად გაჩენილი ხანძრების ფოტოები. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ქალაქში ექვს ადგილას დაფიქსირდა აფეთქების ან ნამსხვრევების ჩამოვარდნის შემთხვევები. წინასწარი მონაცემებით, არავინ დაღუპულა.
რუსეთმა 2022 წლიდან მოყოლებული არაერთხელ მიიტანა საჰაერო იერიში კრემენჩუკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ წუხანდელი დარტყმების მთავარი სამიზნე კრემენჩუკი იყო. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა გამოიყენა როგორც მოიერიშე დრონები, ასევე სხვადასხვა ტიპის რაკეტები, მათ შორის „კინჟალი“. უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, საჰაერო თავდასხმის 194 საშუალებიდან 167 განადგურდა.
ფრონტზე რუსული ჯარები აგრძელებენ შეტევას რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის, როგორც მედიაპროექტი DeepState-ი შენიშნავს, დონეცკის ოლქის დასავლეთით, დნეპროპეტროვსკის ოლქის საზღვრამდე. ასევე გრძელდება ბრძოლები სუმის ოლქში, სოფელ იუნაკოვკას მახლობლად. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა წინა დღეს მოახერხეს სოფელ ანდრეევკის დაბრუნება.
წყარომ უკრაინის სამხედრო დაზვერვიდან განაცხადა, რომ 14 ივნისის ღამეს უკრაინელმა აგენტებმა მოახერხეს რუსეთის ქალაქ კალინინგრადში სამრეწველო ელექტროქვესადგურის მწყობრიდან გამოყვანა, რის შედეგადაც მთლიანად შეუწყდა ელექტროენერგიით მომარაგება „რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტებსა და იქვე განლაგებულ რუსეთის შეიარაღებული ძალების ნაწილებს“.
ფორუმი