ირაკლი (დაჩი) ბერაია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს 2025 წლის 2 აპრილიდან 16 ივნისამდე ხელმძღვანელობდა.
დაჩი ბერაიას შესახებ
2016 წლიდან „ქართულ ოცნებაში“ იყო, 2022 წლის 4 ოქტომბერს კი შეუერთდა „ხალხის ძალას“, - ანტიდასავლურ პარტიას, რომელიც „ოცნებას“ „მეტი სიმართლის თქმის“ მოტივით გამოეყო.
მან ორივე ჯერზე დაუჭირა მხარი „აგენტების კანონს“ - როგორც 2023 წელს, როცა კანონპროექტი გაიწვიეს, ისე 2024 წელს, როდესაც ის საბოლოოდ მიიღეს.
დაჩი ბერაია 2016-20 და 2020-24 წლების მოწვევის პარლამენტარი იყო. იგი ასევე დეპუტატი იყო 2024 წლის არჩევნების შემდეგ დაკომპლექტებულ პარლამენტშიც, რომლის ლეგიტიმურობაც სადავოა.
იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური ცნობის თანახმად, „ირაკლი ბერაია პროფესიით ეკონომისტია“ და „წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი“.
პარლამენტის საიტზე მითითებული ინფორმაციის თანახმად, ბერაიამ კარიერა დაიწყო 2001 წელს, როდესაც იყო „გაერთიანებული ქართული ბანკის“ შიკრიკი, შემდეგ 2004 წლამდე - ამავე ბანკის სპეციალისტ-შემფასებელი, რის შემდეგაც ბიძინა ივანიშვილის ბანკ „ქართუში“ გადავიდა. ის ივანიშვილის ბანკში 2016 წლამდე სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა, ბოლოს - ცენტრალიზებული ადმინისტრირების დეპარტამენტის დირექტორად.
ფორუმი