16 ივნისს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კანადის პრემიერმინისტრმა მარკ კარნიმ დაგვიანებით მიულოცა დაბადების დღე, აშშ-ის სამხედრო ძალების დღე და აგრეთვე შეახსენა, რომ წელს "დიდი შვიდეულის" შექმნიდან 50 წელი სრულდება:
„დიდი შვიდეული" არაფერია აშშ-ის ლიდერობის გარეშე - თქვენი პერსონალური ლიდერობისა და შეერთებული შტატების ლიდერობის გარეშე. ბევრი საკითხია: გეოპოლიტიკა, ეკონომიკა, ტექნოლოგიები. კანადა და აშშ, "დიდი შვიდეულის" სხვა პარტნიორები მხარდამხარ მუშაობენ თქვენი ლიდერობით".
აშშ-ის პრეზიდენტმა კანადის პრემიერმინისტრს მადლობა გადაუხადა, მასთან კარგ ურთიერთობებს გაუსვა ხაზი და იქვე აღნიშნა, რომ "დიდი რვიანიდან" რუსეთის გაგდება შეცდომა იყო:
"დიდი შვიდეული" იყო "დიდი რვიანი": ბარაკ ობამასა და პირს - სახელად ტრუდო - არ სურდათ რუსეთის იქ ყოფნა და ვიტყოდი, რომ ეს იყო შეცდომა, რადგან ვთვლი, რომ ახლა ომი არ გექნებოდათ. რუსეთი რომ ჯგუფში ყოფილიყო და არ გექნებოდათ ომი, ოთხი წლის წინ ტრამპი რომ ყოფილიყო პრეზიდენტი. ასე არ მოხდა.
ეს იყო "დიდი რვიანი" და რვა თუ ცხრა წლის წინ რუსეთი გააგდეს, რაზეც, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს პოლიტიკაში არ ვიყავი, ძალიან ხმამაღლა განვაცხადე, რომ დიდი შეცდომა იყო. ამდენ დროს უთმობთ რუსეთზე ლაპარაკს და ის მაგიდას აღარ უზის. ეს უფრო ართულებს ცხოვრებას. ეს ომი არ გექნებოდათ".
ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი და კანადის პრემიერმინისტრის შეხვედრა უპირატესად ვაჭრობის საკითხებს დაეთმობოდა. იქვე განმარტა განსხვავება მისი და მარკ კარნის შეხედულებები ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობაზე განსხვავებულია, თუმცა გამოთქვა იმედი, რომ აშშ-სა და კანადას შორის შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია მოკლე დროში:
"...ჩვენ განსხვავებული კონცეფციები გვაქვს. მე მაქვს ტარიფების კონცეფცია. მარკს განსხვავებული კონცეფცია აქვს, რომელიც ზოგიერთს მოსწონს. ვნახოთ, მოვახერხებთ თუ არა საკითხის ძირამდე მისვლას. მე ტარიფების ტიპი ვარ. ყოველთვის ტარიფების ტიპი ვიყავი. ეს მარტივია, ადვილია, ზუსტია და სწრაფად მუშაობს. ვფიქრობ, მარკს უფრო კომპლექსური იდეა აქვს, მაგრამ - ასევე ძალიან კარგი. ასე რომ, ორივეს შევხედავთ და ვნახოთ, რა გამოგვივა".
ჟურნალისტების შეკითხვები მხოლოდ აშშ-ის პრეზიდენტს მიემართებოდა. ერთ-ერთი შეკითხვა შეეხებოდა ირანს - რამე სიგნალი ხომ არ მიუღია აშშ-ს, რომ ირანს კონფლიქტის დეესკალაცია სურს:
"დიახ... მათ სურთ საუბარი. მათ ეს მანამდე უნდა გაეკეთებინათ. მე მქონდა 60 დღე, მათაც ჰქონდათ 60 დღე. 61-ე დღეს ვთქვი - ჩვენ არ გვაქვს შეთანხმება. მათ უნდა მიაღწიონ შეთანხმებას და ეს ორივე მხარისთვის მტკივნეულია. ვიტყოდი, რომ ირანი არ იმარჯვებს ამ ომში და მათ უნდა ილაპარაკონ და ილაპარაკონ დაუყოვნებლივ, ვიდრე ძალიან გვიანი არ არის".
ამასთან, ტრამპმა არ ისურვე პასუხის გაცემა შეკითხვაზე - რა არის საჭირო აშშ-ის ისრაელი-ირანის კონფლიქტში სამხედრო ჩართვისთვის:
"არ მსურს ამაზე ლაპარაკი" - იყო მისი მოკლე პასუხი.
ამის შემდეგ ისევ რუსეთზე - კერძოდ, "დიდი რვიანის" ფორმატის აღდგენის საკითხზე დაისვა შეკითხვა, რაზეც აშშ-ის პრეზიდენტმა გაიმეორა, რომ პუტინის "გაგდება" დიდი შეცდომა იყო და რომ მისი მოლაპარაკებების მაგიდასთან ყოლა ომის თავიდან აცილებას შესაძლებელს გახდიდა. მოგვიანებით ტრამპმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი მხოლოდ მას ელაპარაკება, რადგან "შეურაცხყოფილია" თავის დროზე "დიდი რვიანიდან" გაგდებით:
"პუტინი მე მელაპარაკება, სხვას არავის, რადგან ძალიან შეურაცხყოფილი იყო, როცა "დიდი რვიანიდან" გააგდეს, როგორც მეც ვიქნებოდი, თქვენც და ნებისმიერი სხვა. ძალიან შეურაცხყოფილი იყო და ის გააგდეს - ტრუდომ, რომელმაც ერთი-ორი ადამიანიც დაარწმუნა, როგორც ობამა, რომ პუტინი გაეგდოთ და შემიძლია გითხრათ, ის არ არის ამით ბედნიერი და არ ელაპარაკება იმათ, ვინც ის გააგდო და მე მას ვეთანხმები".
წამყვანი ქვეყნების ჯგუფში ჩინეთის მიწვევის შესახებ შეკითხვაზე ტრამპის პასუხი იყო, რომ "ეს არ არის ცუდი იდეა".
კანადა 2025 წელს "დიდი შვიდეულის" მორიგე თავმჯდომარე ქვეყანაა. 15-17 ივნისის სამიტი საკურორტო ზონაში - კანანასკისში იმართება, სადაც 2002 წელს "დიდი რვიანის" სამიტიც გაიმართა. მიმდინარე სამიტის პარალელურად გაიმართა ორმხრივი შეხვედრები. ვრცელდება ინფორმაცია, რომ კანადაში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.
ფორუმი