განაჩენი უნდა გამოაცხადოს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ.
დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდა ბრალდებული ზურა ჯაფარიძე. როგორც მისმა ადვოკატმა ქეთი ჩომახაშვილმა თქვა, მიზეზი ის იყო, რომ ის არ ენდობა ამ მოსამართლეს, რადგან სწორედ ჯვებე ნაჭყებიას გადაწყვეტილებით დააკავეს მისი თანაგუნდელი ნიკა გვარამია.
„არ აქვს ობიექტური განაჩენის მოლოდინი“, - უთხრა ადვოკატმა მოსამართლეს.
მოგვიანებით ზურა ჯაფარიძის ფეისბუკგვერდზე მისი სახელით განცხადება გავრცელდა, რომელშიც წერია, რომ არც 23 ივნისს აპირებს სხდომაზე მისვლას.
ზურა ჯაფარიძე მოსამართლე ირაკლი შვანგირაძის გადაწყვეტილებით 22 მაისს დააპატიმრეს სასამართლო სხდომათა დარბაზში. მოსამართლემ ჯაფარიძისთვის მანამდე შეფარდებული გირაო, 20 000 ლარი, რომელიც პოლიტიკოსმა არ გადაიხადა, პატიმრობით შეცვალა - ამით დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა სრულად.
იმ დღეს სასამართლოს ეზოსა და შენობაში მოქალაქეებს გამკაცრებული წესებით უშვებდნენ - ბევრი მათგანი მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა ჯებირებს მიღმა დატოვეს. სასამართლოს ფოიეში არ შეუშვეს მედიის ვიდეოკამერები, რაც მანამდე არასოდეს მომხდარა. სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განმარტებით, ეს საგამონაკლისო წესი იმ დღეს მოქმედებდა, ვინაიდან სასამართლო სხდომების მიმდინარეობას ხელი ეშლებოდა.
ზურა ჯაფარიძის წინააღმდეგ საქმე აღძრულია „სისხლის სამართლის კოდექსის“ 349-ე მუხლით, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს.
„ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდის შესასწავლად საგამოძიებო კომისია 5 თებერვალს შექმნა. კომისიის თავმჯდომარეა ამავე პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თეა წულუკიანი.
„ქართულ ოცნებას“ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ აკრძალვა სურს. "კოლექტიურ ნაცმოძრაობაში იგი მოიაზრებს დიდ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი გადალახეს და რომლებიც არ ცნობენ მოქმედი ხელისუფლების ლეგიტიმაციას.
თეა წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო შეფარდებული გირაოს გადაუხდელობისთვის პატიმრობაშია ოთხი პოლიტიკოსი: ზურა ჯაფარიძე, ირაკლი ოქრუაშვილი, ნიკა მელია და ნიკა გვარამია.
ფორუმი