Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი აცხადებს, რომ ისრაელს „მოწინავე იარაღით“ დაარტყა


ირანის არმიამ 17 ივნისს დაადასტურა, რომ ისრაელმა თეირანში დაბომბა ირანის სახელმწიფო ტელერადიო კომპანიის შენობა
ირანის არმიამ 17 ივნისს დაადასტურა, რომ ისრაელმა თეირანში დაბომბა ირანის სახელმწიფო ტელერადიო კომპანიის შენობა

მეხუთე დღეა შეიარაღებული დაპირისპირება გრძელდება ისრაელსა და ირანს შორის.

დღეს, 17 ივნისს ისრაელის სხვადასხვა ქალაქში არაერთხელ გამოცხადდა საჰაერო განგაში. ისევ აფეთქებები იყო ირანის დედაქალაქ თეირანსა და ზოგიერთ სხვა ქალაქში, მათ შორის თავრიზში.

ისრაელის არმიის გენერალ-მაიორმა ოდედ ბასიუკმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის საწინააღმდეგო ოპერაცია არ დასრულდება, სანამ ისრაელის არმია საბოლოოდ არ აღკვეთს ირანის ბირთვული პროგრამისა და ბალისტიკური რაკეტებისგან მომდინარე საფრთხეს.

ისრაელის არმიის გენერალი აცხადებს, რომ დარტყმის სამიზნეა „ტერორისტული რეჟიმი“ და არა ხალხი, რომელიც უკეთეს მომავალს იმსახურებს.

ისრაელის არმიის მონაცემებით, სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ გაანადგურეს, ან გაანეიტრალეს ირანის ბალისტიკური რაკეტების 200-ზე მეტი გამშვები დანადგარი, რაც ისლამური რესპუბლიკის არსენალის მნიშვნელოვანი ნაწილია და სერიოზული ზიანი მიაყენეს ბირთვული პროგრამის შემუშავების ცენტრებსაც.

თავის მხრივ, ირანის სახმელეთო ჯარების სარდალმა, გენერალ-მაიორმა ჰეიდარიმ დღეს განაცხადა, რომ „მოწინავე იარაღით“ და უპილოტო საფრენი აპარატებით ისრაელის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს თელ-ავივში, ხაიფასა და სხვა რაიონებში. ირანელ გენერალს, რომლის განცხადებაც ადგილობრივმა სახელმწიფო მედიასაშუალებებმა გაავრცელეს, იარაღის სახეობა არ დაუკონკრეტებია.

მოგვიანებით გავრცელდა ირანის თავდაცვის სამინისტროს განცხადება, რომ გამოყენებული იყო ახალი რაკეტა, რომელიც „სიონისტურმა რეჟიმმა"(ისრაელმა) დარტყმამდე ვერც კი შენიშნა.

ირანის მედიით გავრცელდა ცნობაც, რომ ისლამური რესპუბლიკის გუშაგთა კორპუსმა სარაკეტო იერიში მიიტანა ისრაელის სამხედრო დაზვერვის, „მოსადის“ შტაბ-ბინაზე, რომელიც თელ-ავივთან მდებარეობს. ისრაელს ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია

17 ივნისს, დილით ირანის არმიამ დაადასტურა, რომ ისრაელმა თეირანში დაბომბა ირანის სახელმწიფო ტელერადიოკომპანიის შენობა. ოფიციალური ინფორმაციით, დაიღუპა ორი ადამიანი.

  • ისრაელმა ირანის წინააღმდეგ 13 ივნისს დაიწყო სამხედრო ოპერაცია, რომლის სამიზნედ გამოაცხადა ისლამური რესპუბლიკის სამხედრო დანიშნულების ობიექტები, მათ შორის ობიექტები, სადაც, ისრაელის განცხადებით, თეირანი ბირთვულ იარაღს ქმნის და ისრაელის არსებობას ემუქრება.
  • პასუხად ირანმა ისრაელზე რაკეტებით და დრონებით შეტევა დაიწყო.
  • ორივე ქვეყანაში მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში.
  • მხარეთა ოფიციალური მონაცემებით, 16 ივნისის მდგომარეობით ისრაელში დაღუპული იყო 24 ადამიანი. ირანში - 224, რომელთა უმრავლესობა, თეირანის თანახმად, სამოქალაქო პირი იყო.



ფორუმი

XS
SM
MD
LG