შალვა პაპუაშვილი და ნიკოლოზ სამხარაძე თურქეთში ვიზიტით იმყოფებიან.
18 ივნისს პარლამენტის პრესცენტრმა განაცხადა, რომ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე თურქ კოლეგას, - თურქეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, - ფუატ ოქტაის შეხვდა.
„ნიკოლოზ სამხარაძემ ფუატ ოქტაის დახმარება სთხოვა სირიის ახალ ხელისუფლებასთან, რომ სირიამ აფხაზეთის და ცხინვალის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება უკან წაიღოს“, - წერს პრესცენტრი.
ამასთან, სამხარაძემ განაცხადა: „მათ ინფორმაცია მივაწოდეთ, თუ რა ხდება აფხაზეთსა და ცხინვალში“.
მისი თქმით, თურქულმა მხარემ გაუზიარა ინფორმაცია იმის თაობაზე, „თუ როგორ მიდის მოლაპარაკება „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ დაშლის შემდეგ. ასევე, სირიაში მიმდინარე პროცესებზე“.
„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობა არ გვაქვს, რადგან ასადის რეჟიმმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა. თურქულ მხარეს შუამდგომლობა ვთხოვეთ სირიის ახალ ხელისუფლებასთან, რათა მათ ეს აღიარება უკან წაიღონ, რის შემდეგაც მზად ვიქნებით, რომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობა აღვადგინოთ“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ერთი თვით ადრე, 17 მაისს, ამერიკელმა კონგრესმენმა, „მეგობარი აქტის“ თანაავტორმა ჯო უილსონმა განაცხადა, რომ სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს სთხოვა, სირიამ გაიწვიოს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებლობის“ აღიარება.
„ეს მარტივი ნაბიჯი იქნებოდა ძალის ჩვენება [სირიის მხრიდან] და აჩვენებდა სირიის ახალი გზისადმი ერთგულებას“, - დაწერა უილსონმა, რომელიც „ქართული ოცნების“ ლიდერების სანქცირებას ითხოვს.
2025 წლის 31 იანვარს ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ საქართველოდან, - რომლებიც არ აღიარებს „ქართული ოცნების“ გამარჯვებას სადავო საპარლამენტო არჩევნებში, - ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის ჩამოშლის შემდეგ შექმნილ ტრანზიციულ მთავრობას მიმართა ამავე მოწოდებით.
ალ-შარაა შეხვდა რეჯეპ ტაიპ ერდოანს ანკარაში, საუდის არაბეთში - მოჰამედ ბინ სალმანს, იორდანიაში - მეფე აბდულა მეორეს; მას აშშ-ის პრეზიდენტი დონალტ ტრამპიც 2025 წლის მაისში. ტრამპმა განაცხადა, რომ სირიისათვის სანქციების მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო.
საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტები ამბობენ, რომ შექმნილი ვითარების ფონზე ჩნდება შანსი, საქართველომ იმუშაოს სირიის ახალ ფაქტობრივ მმართველებთან რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის - ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გაწვევაზე.
ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ანკარაში ისაუბრეს იმაზეც, რომ „შიდა საქმეებში საგარეო ჩარევა მიუღებელია“.
პარლამენტის თანახმად, დისკუსიის მთავარი თემა იყო „უსაფრთხოების საკითხები და რეგიონის სიახლოვეს მიმდინარე კონფლიქტები, მათ შორის, რუსეთ-უკრაინის ომი, ირანსა და ისრაელს შორის მიმდინარე კონფლიქტი და ზოგადად, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები“.
მხარეებმა, პრესრელიზის თანახმად, „ხაზი გაუსვეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტის პროცესში საქართველოსა და თურქეთის მნიშვნელოვან როლს“.
გაირკვა ისიც, რომ ივლისში მიხეილ ყაველაშვილიც ეწვევა თურქეთს.
ფორუმი