Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტი და ევროპული საბჭო შეთანხმდნენ ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფუძვლებზე - რას ნიშნავს ეს?


საილუსტრაციო ფოტო; ევროპარლამენტის ვიტრაჟი
საილუსტრაციო ფოტო; ევროპარლამენტის ვიტრაჟი

ევროპარლამენტი და ევროპული საბჭო 17 ივნისს შეთანხმდა ევროკავშირში ხანმოკლე ვიზიტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფუძვლებზე. შეთანხმება აადვილებს, უვიზო მიმოსვლის შეჩერებას, მათ შორის, პირველ ეტაპზე არა მთლიანად მოსახლეობის, არამედ იმ თანამდებობის პირებისთვის, ვისაც ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო შეთანხმებების დარღვევებზე ეკისრება პასუხისმგებლობა.

რა შეიცვლება?

უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის რეფორმა საშუალებას მისცემს ევროკავშირს უფრო მოქნილად უპასუხოს, ქვეყნების მიერ უვიზო მიმოსვლის შეთანხმების ისეთი მნიშვნელოვანი პრინციპების უგულებელყოფას, როგორიცაა უსაფრთხოების საკითხები თუ ადამიანის უფლებათა დარღვევა.

უვიზო რეჟიმის შეჩერების კანონიერი საფუძველი იქნება უვიზო რეჟიმით მოსარგებლე ქვეყნის მიერ გაეროს ქარტიის დარღვევა, ადამიანის საერთაშორისო უფლებების ან ჰუმანიტარული სამართლის უხეში დარღვევები და საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებების შეუსრულებლობა.

ასევე, "ახალი კანონით, უვიზო რეჟიმის შეჩერების დამატებითი საფუძვლები მოიცავს ჰიბრიდულ საფრთხეებს, როგორიცაა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მიგრანტების ინსტრუმენტალიზაცია, რაც მიზნად ისახავს საზოგადოების დესტაბილიზაციას ან შერყევას და სქემები, რომელიც ინვესტორებისთვის მოქალაქეობის მინიჭებას ითვალისწინებს („ოქროს პასპორტები“), რომლებიც უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ შეშფოთებას იწვევს. ქვეყნის შეუსაბამობა ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან, რაც მას, პოტენციურად, ევროკავშირში უკანონო შესვლის ტრანზიტულ ქვეყნად აქცევს, ასევე უვიზო რეჟიმის შეჩერების კანონიერი საფუძველი იქნება“, - განმარტებულია ევროპარლამენტის ვებ-საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ევროკავშირში ფიქრობენ რომ რეფორმა, მისცემს საშუალებას შეაკავონ მესამე ქვეყნების მთავრობები უვიზო მიმოსვლის შეთანხმების პირობების დარღვევისგან და თუ ისინი მაინც დაარღვევენ შეთანხმებას, მაშინ შეუჩერონ ევროკავშირში უვიზოდ შევსლის უფლება ადამიანის უფლებების ან სხვა დარღვევებზე პასუხისმგებელ თანამდებობის პირებს.

უვიზო მიმოსვლა შეუჩერდებათ თანამდებობის პირებს

„ამჟამად, შეჩერების მეორე ფაზა ყველა მოქალაქეზე ვრცელდება, მაგრამ ეს შეიძლება არაპროპორციული იყოს იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა აშკარად არის პასუხისმგებელი სიტუაციაზე. ახალი წესების თანახმად, დამატებითი 24-თვიანი შეჩერების ფაზა ავტომატურად არ იმოქმედებს მთელ მოსახლეობაზე. ამის ნაცვლად, ზემოთ ჩამოთვლილ სიტუაციებში, ევროკავშირს შეუძლია გადაწყვიტოს და ის მთავრობის წარმომადგენლებისა და დიპლომატებისკენ მიმართოს“, - ნათქვამია განცხადებაში.

რა არ იცვლება?

ევროპარლამენტში განმარტავენ, რომ შენარჩუნდება უვიზო რეჟიმის შეჩერების არსებული საფუძვლები, მათ შორის რეადმისიის საკითხში თანამშრომლობის არ არსებობა.

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, უნებართვოდ მყოფი ადამიანების რაოდენობის „მნიშვნელოვანი“ ზრდა, თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადების რაოდენობა დაბალი აღიარების მაჩვენებლის მქონე ქვეყნიდან ან სერიოზული სისხლის სამართლის დანაშაულების რაოდენობა ასევე შეიძლება გახდეს ვიზის შეჩერების მიზეზი.

მოქმედი კანონის თანახმად, ევროკომისიას, დაინტერესებული წევრი სახელმწიფოს წინადადების საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით, შეუძლია დაიწყოს მესამე ქვეყნებიდან შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცესი, თავდაპირველად დროებით, შესაბამისი ქვეყნის შემდგომი გამოძიებისა და დიალოგის დაწყებამდე, ხოლო შემდეგ სამუდამოდ, თუ საკითხები არ მოგვარდება. დღემდე, უვიზო მიმოსვლა მხოლოდ ერთხელ, ვანუატუს შემთხვევაში გაუქმდა.

იმისთვის, რომ შეთანხმება კანონად იქცეს, ის ოფიციალურად უნდა დამტკიცდეს როგორც ევროპარლამენტის, ასევე ევროპული საბჭოს მიერ.

"ქართული ოცნება" ცვლილებებს შანტაჟის მცდელობად აღიქვამს

18 ივნისს, "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროკავშირში მიღებულ შეთანხმებას, რომელიც ყველა ქვეყანაზე გავრცელდება, ვისაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა აქვს, "ქართველი ხალხის შანტაჟის მცდელობა" უწოდა. ჟურნალისტების დამაზუსტებელ შეკითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან შესაძლოა შეჩერდეს, მან უპასუხა: "მე მგონი - არა, მე მგონი ეს არის შანტაჟი ქართველი ხალხის მიმართ, რატომ არ მგონია გეტყვით - ეს მგონია აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული ნაბიჯი, ასეთ შესაძლო არაგონივრულ ქმედებაზეც ეს ადამიანები მიიღებენ საკადრის პასუხს ქართველი ხალხის მხრიდან", - თქვა კობახიძემ, ისე რომ მას არ დაუკონკრეტებია რას გულისხმობდა "საკადრის პასუხში".

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველის ჰერჩინსკის, განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმრავლესობა არ ემხრობა საქართველოსთის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას.

11 ივნისს პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა თქვა, რომ მისი მთავრობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობს, რათა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის გაუქმებას დაუჭირონ მხარი.

ამჯერად ევოკავშირში 61 მოქალაქეებში შეუძლიათ უვიზოდ შესვლა მოკლევადიანი პერიოდით (90 დღე 180 დღიანი პერიოდში)

ფორუმი

ყველაზე პოპულარული

XS
SM
MD
LG