Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სენატორი რიში: „ქართული ოცნება“ ქვეყანას ერთპარტიულ ტოტალიტარიზმთან აახლოებს


ფოტო არქივიდან. სენატორი ჯიმ რიში(მარჯვნივ) დონალდ ტრამპთან ერთად აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებიდან რამდენიმე დღეში. ვაშინგტონი, 2025 წლის 8 იანვარი
ფოტო არქივიდან. სენატორი ჯიმ რიში(მარჯვნივ) დონალდ ტრამპთან ერთად აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებიდან რამდენიმე დღეში. ვაშინგტონი, 2025 წლის 8 იანვარი

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიში მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა სულ უფრო ხშირად ჰბაძავს ჩინეთის და რუსეთის ავტორიტარულ მმართველობას.

გავლენიანმა რესპუბლიკელმა სენატორმა 19 ივნისს, ღამით სოციალურ ქსელ X-ში, თავის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ დრაკონული კანონების მიღება და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ სასამართლო სისტემის იარაღად გამოყენება სრულიად მიუღებელია.

სენატორ რიშის თანახმად, მთავრობა უზარმაზარ შეცდომას უშვებს, როცა ქვეყანა სულ უფრო შორს მიჰყავს მომავლისგან, რომელიც ხალხს სურს და ერთპარტიულ ტოტალიტარულ სახელმწიფოსთან აახლოებს.

ჯიმ რიშის განცხადებით, შეერთებული შტატებისა და საქართველოს ურთიერთობები დაფუძნებულია საერთო ფასეულობებსა და ინტერესებზე, რომლებიც ამჟამინდელმა მთავრობამ არაერთხელ უარყო და საგანგაშოდ შეტრიალდა ჩინეთისა და რუსეთისკენ, რომელთა ავტორიტარული სტილის მმართველობას სულ უფრო ხშირად ჰბაძავს.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის საქმიანობის შემზღუდავი კანონები მიიღო და მათი აღსრულება დაიწყო.

ბოლო ხანს არაერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიმართ აღიძრა ახალი საქმეები ოპოზიციის მიერ არალეგიტიმურად მიჩნეული პარლამენტის მიერ „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის გამო.

სასამართლოს გადაწყვეტილებით დააპატიმრეს ირაკლი ოქრუაშვილი, ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა მელია და ნიკა გვარამია. ოპოზიციის წარმომადგენელთა ნაწილმა პატიმრობა თავიდან აიცილა გირაოს გადახდით.

  • 2024 წლის ნოემბერში შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა;
  • მანამდე ე.წ. აგენტების კანონის და „ქართული ოცნების" წარმომადგენლების ანტიდასავლური, ყალბ ბრალდებებზე დაფუძნებული რიტორიკის გამო, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ მოუწოდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დაბრუნებისკენ;
  • სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილება სახელმწიფო დეპარტამენტმა 2024 წლის 30 ნოემბერს გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ორი დღით ადრე „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხი, ამის გამო ქვეყანაში დაწყებული საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ კი ძალის გამოყენება დაიწყო.
  • შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ სანქციები დაუწესა „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს და ხელისუფლების არაერთ მაღალჩინოსანს;
  • „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას იმედი ჰქონდა, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკას პრეზიდენტი ტრამპი შეცვლიდა და ურთიერთობები „სუფთა ფურცლიდან" გაგრძელდებოდა;
  • 6 მაისს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო „მეგობარი აქტი“ (MEGOBARI Act), რომელიც „მტრულ აქტად" შეაფასა „ქართულმა ოცნებამ“;
  • 13 მაისს „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ ღია წერილით მიმართა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს;
  • 21 მაისს კობახიძემ თქვა, რომ წერილზე „არ უპასუხიათ, თუმცა დუმილიც ძალიან მნიშვნელოვანი პასუხია“.


ფორუმი

XS
SM
MD
LG