Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

IAEA ადასტურებს ირანის არაქის რაიონში მდებარე რეაქტორის დაზიანებას


ირანის არაქის რაიონში მდებარე ობიექტზე ისრაელის ავიადარტყმების შემდეგ გადაღებული სატელიტური ფოტო. 2025 წლის 19 ივნისი
ირანის არაქის რაიონში მდებარე ობიექტზე ისრაელის ავიადარტყმების შემდეგ გადაღებული სატელიტური ფოტო. 2025 წლის 19 ივნისი

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ(IAEA) დაადასტურა, რომ ირანის არაქის რაიონზე ისრაელის ავიადარტყმის შედეგად დაზიანებულია მძიმე წყლის (დეიტერის ჟანგი) რეაქტორი. ისრაელმა ამ ობიექტზე იერიში 19 ივნისს მიიტანა.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ 19 ივნისს, დღის ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით, რეაქტორი არ მუშაობდა, ბირთვულ მასალებს არ შეიცავდა და შესაბამისად, მის დაზიანებას რადიოლოგიური ეფექტი არ ჰქონია.

სააგენტო ჯერჯერობით არ ფლობს ინფორმაციას, დაზიანდა თუ არა ამავე რაიონში მდებარე მძიმე წყლის მწარმოებელი ქარხანა.

თეირანიდან სამხრეთ-დასავლეთით, 250 კილომეტრში მდებარე რეაქტორის მსგავსი ობიექტები სამეცნიერო-კვლევითი მიზნებით გამოიყენება, თუმცა ხდება პლუტონიუმის წარმოქმნა, რაც შესაძლოა, ბირთვული იარაღისთვის გამოიყენონ.

არაქის რეაქტორზე ისრაელის ავიადარტყმის შემდეგ ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაყჩიმ განაცხადა, რომ ეს ობიექტი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გარანტიებითაა დაცული და გაეროს უშიშროების საბჭოს თავდასხმაზე რეაგირებისკენ მოუწოდა.

  • ისრაელმა ირანის წინააღმდეგ 13 ივნისს დაიწყო სამხედრო ოპერაცია, რომლის სამიზნედ გამოაცხადა ისლამური რესპუბლიკის არმიის სამხედრო ობიექტები და ის ცენტრები, სადაც ისრაელის განცხადებით, თეირანი ბირთვულ იარაღს ქმნის და ისრაელის არსებობას ემუქრება.
  • პასუხად ირანმა ისრაელზე რაკეტებით და დრონებით შეტევა დაიწყო.
  • ორივე ქვეყანაში მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში.


ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მონაცემებით, 13 ივნისიდან ირანში დანგრეულია ნათანზის ურანის გამამდიდრებელი ქარხნის მიწისქვეშა ნაწილი და ენერგომომარაგების სისტემა. სააგენტოს თანახმად, ობიექტს მიღმა რადიაციული დაბინძურება არ დაფიქსირებულა, თუმცა ქარხნის შიგნით იყო შეზღუდული რადიოლოგიური და ქიმიური დაბინძურება.

სააგენტოს ცნობითვე, ისპაჰანის ბირთვულ ობიექტზე შეტევის შედეგად დაზიანდა მთავარი ქიმიური ლაბორატორია და ურანის კონვერსიის და რეაქტორებისთვის საწვავის მწარმოებელი ქარხნები, თუმცა ამ ტერიტორიის მიღმაც რადიაციის დონე არ შეცვლილა. 13 ივნისთან ისრაელის გამანადგურებლებმა ირანში დაბომბეს ცენტრიფუგების ორი საწარმოც, მათ შორის თეირანში.

IAEA მხარეებს მოუწოდებს მაქსიმალური თავშეკავებისა და შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილებისკენ.





ფორუმი

XS
SM
MD
LG