როდესაც ის კორუფციასთან ბრძოლის საკითხზე და შედეგებზე საუბრობდა, თქვა, სუსი მუშაობს იმისთვის, რომ "ნათელი მოეფინოს", როგორ აღმოჩნდა მსგავსი ტიპის დანაშაული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტროლს მიღმა.
„რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე დაკავებულ იქნა ერთ-ერთი ყოფილი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი. შესაძლოა, გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენდეს, როგორ აღმოჩნდა აღნიშნული ტიპის დანაშაული უსაფრთხოების სამსახურის კონტროლს მიღმა, თუმცა ჩვენ ვმუშაობთ და ყველა საკითხს ნათელს მოვფენთ“, - თქვა ოხანაშვილმა.
მოგვიანებით, მედიასთან საუბარში დამაზუსტებელ კითხვებზე პასუხისას ოხანაშვილმა თქვა, რომ გამოძიება გრძელდება და "ბევრი რამ შეიძლება კიდევ გამოვლინდეს".
"გვაქვს მოლოდინი, რომ არის კონკრეტული საკითხები, რაზეც გამოძიებამ ინტენსიურად უნდა იმუშაოს. ეს იყო პირველი ნაბიჯი, რაც კონკრეტული სამართლებრივი საფუძვლით შეიქმნა და კონკრეტულ სამართლებრივ შედეგში გადაიზარდა".
მან აღნიშნა, რომ "არასწორია კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე საუბარი", ვინაიდან შესაძლოა მოჰყვეს "სპეკულაციები". მისი სიტყვებით, უწყების "ვალდებულებაა, გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად. შესაბამისად, ჩვენ ვმუშაობთ და უნდა დაელოდოთ კონკრეტულ საგამოძიებო მოქმედებებს. სახელებით და გვარებით საუბარი არ არის ამ შემთხვევაში სპეცსამსახურის ფუნქცია და დანიშნულება". ანრი ოხანაშვილმა დაამატა, რომ "შესწავლის პროცესში რა გამოიკვეთება", წინასწარ ვერ იტყვის".
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 20 ივნისს დააკავა. მათი ცნობით, ის 2017 წლის 3 ოქტომბრიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე, როდესაც სხვადასხვა მაღალი თანამდებობა ეკავა, თანამდებობრივ გავლენას „სანაცნობო წრისა და გამოცდილებას პირადი სარგებლის მიღების მიზნით უკანონოდ იყენებდა ენერგეტიკულ სფეროში სხვადასხვა პირისთვის არამართლზომიერი უპირატესობის მისანიჭებლად“.
სუსი აცხადებს, რომ სანაცვლოდ რომეო მიქაუტაძე ენერგოკომპანიებში, ჰესებში იღებდა საწარმოს წილებს, რომელთა რეალური მესაკუთრე თვითონ იყო, ხოლო წილები ოფიციალურად სხვა, თავის ნდობით აღჭურვილ პირებზე ჰქონდა გაფორმებული.
პროკურატურა რომეო მიქაუტაძეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის, 2 556 192 ლარის, უკანონო დაუსაბუთებელ ლეგალიზაციას ედავება. ყოფილი მაღალჩინოსნისთვის წაყენებული ბრალი 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მისი გამდიდრების შესახებ საგამოძიებო მასალები მოამზადეს „თავისუფლების მონიტორმა“ და „TV პირველმა“ - მასალებში საუბარი იყო არადეკლარირებულ ქონებაზე.
23 ივნისს რომეო მიქაუტაძეს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
ფორუმი