ევროპარლამენტარების ჯგუფი ეხმაურება „რეპრესიების ახალ ტალღას” საქართველოში, რომელიც ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და მომიტინგეების წინააღმდეგ არის მიმართული და „ყველა პოლიტიკური პატიმრის“ გათავისუფლებისკენ მოწოდებით გამოდის. ევროპელი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის მიმართ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ ევროკავშირსა და წევრ სახელმწიფოებს.
25 ივნისს გამოქვეყნებულ განცხადებას ხელს აწერენ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი (გერმანია), ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაციის თავმჯდომარე სერგეი ლაგოდინსკი (გერმანია), სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე ნილს უშაკოვსი (ლატვია) და საქართველოზე მუდმივი მომხსენებელი რასა უიკნევიჩიენე (ლიეტუვა):
„გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას საქართველოში ოპოზიციის ლიდერების, სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მაუწყებლებისა და მომიტინგეების წინააღმდეგ რეპრესიების ახალი ტალღის გამო. მკაცრად ვგმობთ ოპოზიციის ოთხი ლიდერისთვის - „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერების მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის, კოალიციის „ცვლილებისთვის“ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძისა და პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერ გიორგი ვაშაძისთვის - განაჩენების გამოტანას „ქართული ოცნების“ საპარლამენტო კომისიაზე გამოძახებაზე უარის გამო".
ევროპარლამენტარების შეფასებით, ოპოზიციის ლიდერებისთვის განაჩენების გამოტანა და საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების ორი წლით აკრძალვა "პოლიტიკურად მოტივირებულ კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის თქმის გამო არის დემოკრატიაზე უხეში თავდასხმა, ოპოზიციური ხმების ჩახშობისა და მათი დაშინების მიზნით".
განცხადებაზე ხელმომწერი ევროპელი დეპუტატები ამ ნაბიჯს მიიჩნევენ
"„ქართული ოცნების“ მიერ ძალაუფლების კონსოლიდაციისა და ოპოზიციის ნებისმიერი ფორმის ჩახშობის მცდელობის მკაფიო მაგალითად".
ტექსტში გამოთქმულია ეჭვები ქვეყანაში არსებული საარჩევნო გარემოს მიმართ. ევროპარლამენტართა განცხადებით, "რეპრესიების ახალი ტალღა" "აძლიერებს შეშფოთებას ადგილობრივი თვითმმართველობის მომავალი არჩევნების მიმართ".
ისინი გამოხატავენ სოლიდარობას ოპოზიციის ლიდერების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, დამოუკიდებელი მაუწყებლებისა და მომიტინგეების მიმართ.
"გამოვდივართ საქართველოში ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებისკენ მოწოდებით", - აცხადებენ ისინი.
ევროპელი დეპუტატები ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძისთვის სანქციების დაწესებისკენ მოწოდებით მიმართავენ ევროკავშირსა და წევრ სახელმწიფოებს:
"მოვუწოდებთ ევროკავშირსა და წევრ სახელმწიფოებს მყისიერი ქმედებისკენ და იმ პირთა მიმართ პერსონალური სანქციების დაწესებისკენ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დემოკრატიის უკუსვლაზე, კერძოდ - ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძისთვის".
განცხადებაში არის აგრეთვე მოწოდება საქართველოში "ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების" ჩატარებისკენ. ტექსტის ავტორთა თანახმად, ეს არჩევნები უნდა ჩატარდეს "გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, წარიმართოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ, ფართო საერთაშორისო დაკვირვებით იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე პროცესი, რომელიც საქართველოს ხალხის ნებას გამოხატავს“.
ოპოზიციონერი ლიდერები „ქართული ოცნების“ მიერ სადავო პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის ან ამის გამო დაკისრებული გირაოს გადაუხდელობისთვის არიან დაპატიმრებული.
- გიორგი ვაშაძეს შვიდი თვით პატიმრობა მიუსაჯეს; ის 24 ივნისს დააპატიმრეს.
- მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს - რვა-რვა თვით პატიმრობა; ისინი 23 ივნისს დააპატიმრეს.
- ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს - შვიდი თვით პატიმრობა. ის 22 მაისს დააკავეს მას შემდეგ, რაც გირაოს თანხა არ გადაიხადა.
- ყველა მათგანს ორი წლით აუკრძალეს თანამდებობის დაკავება.
ამავე მუხლით დაკავებულნი არიან ნიკა მელია, ნიკა გვარამია და ირაკლი ოქრუაშვილი. მათი განაჩენი სასამართლოს ჯერ არ გამოუცხადებია.
ექსპრემიერი გიორგი გახარია იმ გამონაკლის ოპოზიციონერებს შორისაა, რომლებიც კომისიის სხდომაზე მივიდნენ.
16 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ის კიდევ ერთხელ დაიბარეს კომისიაზე. გიორგი გახარია სხდომაზე 23 ივნისს უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა ქვეყანაში არ იმყოფება. მისი პარტიის ცნობით, ის თანახმა იყო დისტანციურად ჩართვაზე, თუმცა კომისიამ ეს თხოვნა არ დააკმაყოფილა.
მეორედ არიან დაბარებული ნიკა გვარამია და მამუკა ხაზარაძე - დისტანციურად, საპატიმროდან ჩართვით. სავარაუდოდ, ისინი არც ამჯერად არ გამოცხადდებიან.
დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანის თანახმად, შესაძლოა, ხაზარაძისა და გვარამიას წინააღმდეგ კვლავ მიმართონ პროკურატურას.
ფორუმი