Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოსა და რუსეთს შორის დავიწყებული უკრაინელები


უკრაინის მოქალაქეები საზღვარზე, კოლაჟი
უკრაინის მოქალაქეები საზღვარზე, კოლაჟი

ორმოცდაათამდე უკრაინელი უკვე რამდენიმე კვირაა, საქართველოსა და რუსეთს შორის, ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში ცხოვრობს.

სძინავთ მორიგეობით, საქართველოს ნახევრად აშენებული ტერმინალის სარდაფში საწოლები არ ჰყოფნით. მათ შორის ყოფილი პატიმრებიც არიან, ადამიანები, რომლებიც რუსეთმა უკრაინის ტერიტორიის დეოკუპაციისას გაიტაცეს და ისინიც, ვინც რუსული პასპორტის მიღებაზე უარი თქვა. „ეხო კავკაზა“ მათი შესახებ მოხალისეებს დაელაპარაკა.

16 საწოლი 56 ადამიანზე

ნესტიანი ბეტონი მძიმე ჰაერიან, უფანჯრო ოთახში. რამდენიმე ორსართულიანი საწოლი და იატაკზე დაყრილი ათამდე მატრასი. სივრცე ნაჭრებით პირობით ოთახებად არის გატიხრული. ამ სარდაფში ახლა 56 ადამიანი ცხოვრობს. მათ სულ 16 საწოლი აქვთ.

ეს დროებითი დაყოვნების ბანაკი არ არის. სახელი საერთოდ არ აქვს იმ ადგილს, სადაც ახლა უკრაინის მოქალაქეები იცდიან და არ იციან, რა ბედი ეწევათ. გასეირნების უფლება არ აქვთ, არც ნორმალური სანიტარული პირობები. ხალხს ორ ცვლაში სძინავს, ტუალეტში რიგ-რიგობით დადიან, საჭმელს კი მოხალისეები აწვდიან.

„უწყლოდ, უსაჭმლოდ, პრო...ლ პირობებში. საშინელი სიტუაციაა, სავალალო“, - ამბობს კაცი, რომელმაც მოხალისეების ჯგუფს (Volunteers Tbilisi) ვიდეო გამოუგზავნა.

საწოლები სარდაფში
საწოლები სარდაფში

ეს ჯგუფი დეპორტირებულ უკრაინელებზე სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ზრუნავს. მათი ინფორმაციით, ადრე ბუფერულ ზონაში 10-12 ადამიანზე მეტი არ იკრიბებოდა. ივნისის დასაწყისში ვითარება შეიცვალა. რუსეთი ისევ აძევებს უკრაინელებს, რომლებსაც რუსული პასპორტი არ აქვთ, ქართველი მესაზღვრეები კი მათ შეშვებას აჯანჯლებენ. ამის გამო აღმოჩნდა დაახლოებით 50 კაცი ერთდროულად ერთ შენობაში.

მოხალისე გვიხსნის, რომ ადგილი, სადაც ისინი ახლა არიან, ფორმალურად საქართველოს არ ეკუთვნის. ეს სარდაფი „დარიალის“ დამატებითი ტერმინალია. იურიდიულად ეს ბუფერული ზონაა.

„ისინი საქართველოს ტერმინალში არიან, მაგრამ ქვეყნის საზღვრის გადაკვეთის ფაქტი არ არსებობს. ანუ ეს ბუფერული ზონაა. არის რუსეთის საზღვარი და საქართველოს საზღვარი, მაგრამ საზღვარი რომ გადალახო შესაბამის საბუთები უნდა გაგაჩნდეს“, - გვიხსნის იურისტი ანა სკრიპკა, ის წარმოადგენს ორგანიზაციას „უკრაინელი პატიმრების დასაცავად“. მან და მისმა კოლეგებმა ომის დაწყებიდან მოყოლებული უკრაინაში 500-მდე დეპორტირებული უკრაინელი დააბრუნეს.

პირველი ცნობები იმის შესახებ, რომ უკრაინის მოქალაქეები ბუფერულ ზონაში იჭედებიან 2023 წლის აგვისტოში გამოჩნდა. მაშინ ხერსონიდან ყოფილი პატიმრების ჯგუფმა ტერმინალში რამდენიმე დღე გაატარა. მათ მოხალისეების მიტანილ მატრასებზე ეძინათ.

ახლა სარდაფში არა მხოლოდ სხვადასხვა ბედისა და ისტორიის არამედ სხვადასხვა დიაგნოზის ადამიანები აღმოჩნდნენ. ტუბერკულოზით დაავადებულებიც არიან, აივ-ინფექციითაც, ყავარჯნიანიც. ზოგს მუდმივი თერაპია სჭირდება, ამის საშუალება კი იქ არ არის.

„წამლები აქვთ, მაგრამ აივ-თერაპიას პაციენტების უმეტესობა ახლა ვერ იღებს, ან რუსეთიდან გამოყოლილ მარაგს იყენებენ. ტუბერკულოზით დაავადებულს რაც შეეხება, მისი ავადმყოფობა გადამდები არ არის. კიდევ არის ადამიანი ყავარჯნებით, მას ძალიან უჭირს სიარული. ორიოდე დღის წინ, ღამით სასწრაფო დახმარებას გამოუძახეს, წნევა უწევდა“, - ამბობს მარია ბელკინა, „Volunteers Tbilisi“-ის დირექტორი.

უკრაინელები ბუფერულ ზონაში
უკრაინელები ბუფერულ ზონაში

ის ჰყვება, რომ ჯერჯერობით კრიტიკული არაფერი ხდება, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია. ის პირობები, რომლებშიც ეს ხალხი ცხოვრობს, ჰუმანურს ოდნავადაც არ შეესაბამება.

მარია იმასაც ამბობს, რომ სხვებისგან მხოლოდ ერთი ქალია გამოცალკევებული, თუმცა, ის რა პირობებშია არ იციან.

სამი ჯგუფი, ერთი ბედისწერა

საქართველოს საზღვარზე ახლა უკრაინელების სამი ჯგუფია. მოხალისეთა ორგანიზაციის დირექტორი აღწერს თუ ვინ არიან ისინი.

პირველი: ყოფილი პატიმრები, რომლებიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე იხდიდნენ სასჯელს: „ეს ის ხალხია, რომლებიც ფართომასშტაბიანი ომის დაწყებისას ციხეებში ისხდნენ, ძირითადად ხერსონის რეგიონში. ხერსონის დეოკუპაციის დროს ძალით გაიყვანეს რუსეთში. შემდეგ მათ ბრალეულობას რუსეთის კანონების მიხედვით გადახედეს და უბრალოდ „გაათავისუფლეს“, მერე კი რუსეთიდან გააძევეს“.

მარია ბელკინა, „Volunteers Tbilisi“-ის დირექტორი.
მარია ბელკინა, „Volunteers Tbilisi“-ის დირექტორი.

მეორე: უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც რუსეთში ომამდე იხდიდნენ სასჯელს: „ისინი რუსეთში 2022 წლამდე ბევრად ადრე წავიდნენ. ზოგს სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი, ვის მძიმე, ვის მსუბუქი. სასჯელი მოიხადეს და აღმოჩნდნენ უცხოეთის მოქალაქეების დროებითი დაყოვნების ცენტრში, რუსეთის ტერიტორიაზე. აქ გაძევების წინ ხვდებიან. მერე გაძევების დამადასტურებელი ქაღალდით ხელში ისინი საქართველოს საზღვარზე გაიყვანეს“.

მესამე: მოქალაქეები ოკუპირებული ტერიტორიიდან, რომლებმაც რუსული პასპორტების მიღება არ ისურვეს.

„თუ ადამიანი რამე საშუალებით ეწინააღმდეგება ოკუპანტ ხელისუფლებას, ან არ სურს რუსეთის დოკუმენტები მიიღოს, რამდენიმე საათში აძევებენ. ეუბნებიან, ჩაალაგე ბარგი, რუსეთიდან გაძევებული ხარო. ქვეყანაში შესვლა ეკრძალება 5 წლიდან გაურკვეველი ვადით“.

„Volunteers Tbilisi“-ის მოხალისეების ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საზღვარზე კიდევ 100 კაცს შემოიყვანენ. ისინი ორიოლიდან, ტამბოვიდან და ტულიდან მოჰყავთ - რუსეთის ციხეებიდან და სპეცცენტრებიდან უცხოელებისთვის.

„ეხო კავკაზამ“ ბუფერული ზონის სარდაფში მყოფ ადამიანებთან დაკავშირება ვერ მოახერხა. მოხალისეები ამბობენ, რომ მესაზღვრეებმა ნება არ დართეს, მათთვის სიმ-ბარათები გადაეცათ.

ერთ დროს ყველაზე იოლი გზა

ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან საქართველო ამგვარი ადამიანებისთვის თითქმის ბოლო მაშველი დერეფანი გახდა. ხშირად მესაზღვრეები თვალს ხუჭავდნენ იმაზე, რომ უკრაინელებს საზღვარგარეთის პასპორტი არ ჰქონდათ, უკრაინის ფარგლებში მოქმედი დოკუმენტებით უშვებდნენ. ეს ქვეყნის გაუხმაურებელი ჰუმანიტარულ პოლიტიკა იყო.

„ეს ყველაზე იოლი გზა იყო - ნებისმიერი საბუთით გიშვებდნენ. მსგავსი რამ ახლა არსად ხდება. ბელარუსში დოკუმენტები გინდა, ყაზახეთშიც. ევროპაში კიდევ უფრო რთულია მოხვედრა“, -ამბობს მარია ბელკინა.

ის ჰყვება, რომ 2024 წლის აგვისტომდე ჯერ კიდევ შეიძლებოდა ხალხი უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე ჰუმანიტარული დერეფნით დაგებრუნებინა - კოლოტილოვკას საკონტროლო-გამშვები პუნქტით, რომელიც სუმის რეგიონს მიემართება. დეპორტირებულების უმრავლესობა იქითკენ მიდიოდა, საქართველოსკენ ცოტას უშვებდნენ.

მერე კოლოტილოვკას დაბომბვა დაიწყეს და დერეფანი დაიხურა. დაგვპირდნენ, ახალს გავხსნითო, მაგრამ - არა. ამის შემდეგ, ვისაც ჰუმანიტარული დერეფნით უნდა გაევლო, საქართველოს გავლით მოდის“, - ამბობს ის.

იურისტი ანა სკრიპკა ამბობს, რომ სიტუაცია 2025 წლის ივნისში შეიცვალა, მას შემდეგ, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელმძღვანელობა გამოიცვალა და ვახტანგ გომელაურის ნაცვლად მინისტრად გელა გელაძე დანიშნეს.

იურისტი ანა სკრიპკა
იურისტი ანა სკრიპკა

„როგორც ჩანს მან უბრძანა, არავინ შემოეშვათ. საქართველომ გადაწყვიტა, წესები გაამკაცროს. მედიაში გასული ინფორმაციისა და საქართველოს ხელისუფლების ქმედების მიხედვით ჩანს, რომ აღარ სურთ ყოფილი პატიმრების შემოშვება. თუმცა, მათ შორის ჩვეულებრივი მოქალაქეებიც არიან. როგორც ჩანს, ხელისუფლებისთვის ყველა მიუღებელია. მათი თქმით, ყოფილი პატიმრები კრიმინალის დონეს ამაღლებენ“, - ამბობს იურისტი.

აპრილში „ქართულმა ოცნებამ“ ინიციირება გაუკეთა კანონპროექტების პაკეტს, რომელიც იმიგრაციის კონტროლს ამკაცრებს. შესაძლო ცვლილებების საფუძვლად მითითებულია არალეგალური მიგრაციისა და მასთან დაკავშირებული დანაშაულების ზრდა.

მაგრამ იურისტი ამბობს, რომ უკრაინელების უმეტესობისთვის საქართველო ტრანზიტულ ქვეყნად რჩება. რამდენიმე დღის შემდეგ ქართველი მესაზღვრეები დაარწმუნეს, რომ უკრაინის სულ მცირე სამი მოქალაქე საქართველოში დარჩენას არ აპირებს. უკრაინის საელჩომ მათი ვინაობა დაადასტურა. მათ სახელზე „თეთრი პასპორტები“ გასცა და შსს-ს წარმომადგენლებმა ისინი აეროპორტამდე მიაცილეს.

„თეთრ პასპორტს“ უკრაინელები ეძახიან საბუთს, რომელიც საზღვრის გადასალახად გაიცემა. აძლევენ მოქალაქეობის არმქონეებს, ან მათ, ვინც უკრაინის მოქალაქეობა დაკარგა, მაგრამ საზღვარზე გადასვლა ან უკრაინაში დაბრუნება უნდა.

„ბილეთები ვუყიდე, საელჩოს ვაჩვენე. მათ საქართველოს ხელისუფლებას წარუდგინეს. საელჩომ პასპორტები მისცა და მაშინვე ზემო ლარსიდან აეროპორტში წაიყვანეს, თვითმფრინავში ჩასვეს“, - ამბობს ანა სკრიპკა.

უკრაინელებიდან ზოგი საქართველოში რჩება და თავშესაფარს ითხოვს, რადგან სახლები დაკარგეს ან დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდნენ და წასასვლელი სხვაგან არსად აქვთ.

ბიოგრაფია ქაღალდზე

დეპორტირებული უკრაინელები საქართველოს საზღვართან ცარიელ-ტარიელები მიდიან. უმრავლესობას საბუთები არ აქვს ზოგს აქვს ცნობა გათავისუფლების შესახებ, ზოგს - ვადაგასული პასპორტი. ზოგის დოკუმენტები წესრიგშია.

ყველას ამოწმებენ. ანა სკრიპკა ამბობს, რომ ადრე ამას უფრო მარტად აკეთებდნენ, ახლა გრძელ გზას ირჩევენ.

საზღვარზე პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას იღებენ. აძლევენ სუფთა ფურცელს, რომელზეც თავიანთი ბიოგრაფია უნდა დაწერონ, რომ რამენაირად საბუთები აღადგინონ და უკრაინის მოქალაქეობა დაამტკიცონ.

შეგროვებული მონაცემებს გადასცემენ უკრაინის საელჩოს საქართველოში. საელჩო უკრაინის საემიგრაციო სამსახურსა და სხვა უწყებებს უკავშირდება. ისინი ამოწმებენ და ადამიანის ვინაობას ადასტურებენ. მონაცემებს უკრაინულ ბაზებს ადარებენ - დაბადების მოწმობის რეესტრებს, სკოლების, სასწავლო დაწესებულებების, ასევე ციხეებისა და საგამოძიებო იზოლატორების.

ინიციატივის „გატაცებული მელიტოპოლელები“ მონაცემებით, 2024-2025 წლებში ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინელებს საქართველოში 17-ჯერ გაუკეთეს დეპორტი. ამის შესახებ გამოცემა „ვაჟნიე ისტორიი“ წერს. რეალური რიცხვი შესაძლოა გაცილებით დიდი იყოს. რუსული მხარე ამ მონაცემებს არ ამხელს.

2023 წელს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოსცა ბრძანება, რომ თუ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანი რუსეთის მოქალაქეობას არ აიღებს, მის სტატუსს უცხოეთის მოქალაქის სტატუსს გაუთანაბრებენ. სხვა ბრძანების თანახმად, რომელიც 2025 წლის მარტში შევიდა ძალაში, უკრაინის მოქალაქეები იმყოფებიან რუსეთის ტერიტორიაზე „კანონიერი საფუძვლის გარეშე“ და ვალდებულები არიან თავიანთი იქ ყოფნა დააკანონონ, მაგალითად, მიიღონ პასპორტი ან ბინადრობის მოწმობა 10 სექტემბრამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში ან თავად უნდა დატოვონ ქვეყანა, ან დეპორტაციას გაუკეთებენ.

ოკუპირებული ტერიტორიების მკვიდრი მოსახლეობის დეპორტაცია საერთაშორისო კანონმდებლობას არღვევს. უკრაინული მხარე მათ სამხედრო დანაშაულის მსხვერპლებად მიიჩნევს.

„ეხო კავკაზამ“ მიმართა საქართველოს შსს-ს. გამოითხოვა სტატისტიკა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიიდან დეპორტირებულ იმ ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებმაც საქართველოს საზღვარი გადაკვეთეს. სტატიის გამოქვეყნებისას პასუხი ჯერ კიდევ არ იყო მოსული.

საქმეზე იციან

მოხალისეები ცდილობენ ყველა კარზე დააკაკუნონ - უკრაინის საელჩოში, საერთაშორისო ორგანიზაციებში, სახალხო დამცველთან. ამბობენ, რომ ყველა ეს უწყება საქმის კურსშია, მაგრამ რეაქცია თითქმის არანაირი არ არის.

„ეხო კავკაზამ“ მიმართა უკრაინის სახალხო დამცველის ოფისს, თხოვნით, დაეზუსტებინათ, იციან თუ არა იმ ვითარების შესახებ, რაც რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ხდება და თუ იციან, რა ზომებს მიმართავენ. სტატიის გამოქვეყნების მომენტში პასუხი ჯერ მოსული არ იყო.

საქართველოს ომბუდსმენის ოფისში თქვეს, რომ მათ ამ ვითარების შესახებ არ იციან და მათთვის არც არავის მიუმართავს.

უკრაინის საელჩოში „ეხო კავკაზას“ დაუდასტურეს, რომ ამ საკითხის შესახებ იციან და მასზე მუშაობენ.

„ერთხელ ჰუმანიტარული დახმარებაც მოიტანეს“, - ამბობს იურისტი უკრაინის საელჩოზე.

საჭმელი, ტანსაცმელი, ჰიგიენის საშუალებები, წამლები - ეს ახლა მხოლოდ მოხალისეებს მიაქვთ. ერთხელ, როდესაც საკვების მარაგი დროულად ვერ შეავსეს, ქართველი მესაზღვრეები დაეხმარნენ.

„საკვები ქართულმა მხარემ მოგვცა. პაშტეტი ცოტათი ვადაგასული იყო, ხორცის კონსერვი თითქმის ნახევარი წლით. კონსერვები იბერებოდა, ამიტომ თერმულად ვამუშავებდით. ლავაშებსაც ნახევარი წლის წინ ჰქონდა ვადა გასული“, - ამბობს უკრაინელი იმ ვიდეოში, რომელიც მოხალისეებს გამოუგზავნა.

პაშტეტი და კონსერვები
პაშტეტი და კონსერვები

მარინა ბელკინა ჰყვება, რომ რაღაც მომენტში უკრაინელები ძალიან ბევრნი გახდნენ, საკვები კი საკმარისი არ ჰქონდათ, არ ელოდებოდნენ ამ რაოდენობას.

„მესაზღვრეებთან მივიდნენ და უთხრეს: „ბიჭებო, არაფერი გვაქვს საჭმელი, სასწრაფოდ გვჭირდება საჭმელი, რამე მოგვეცით“. და აი, ქართველმა მესაზღვრეებმა პირველად ორი წლის განმავლობაში რაღაც მოიტანეს ბევრი. ისინი ან რამდენიმე შეკვრა პურს ყიდულობდნენ, როდესაც, მაგალითად, პური უფუჭდებოდათ, ჩვენ კი ჯერ ახალი არ მოგვეტანა. ეს თანამშრომლების პირადი ინიციატივა იყო და არა დაგეგმილი ღონისძიება. ახლა კი მოულოდნელად ყუთით პაშტეტი და ხორცის კონსერვები მოიტანეს, პურიც“.

ახლა მოხალისეებს დღეში რამდენჯერმე მიაქვთ საჭმელი - ეს ჯერჯერობით ერთადერთი მოქმედი მექანიზმია. ისინი ამბობენ, რომ რაც ხდება სერიოზული ჰუმანიტარული კრიზისია.

„ჩვენ მოხალისეები ისევ ვკვებავთ მათ და ვაწყნარებთ. მათთან კავშირი მაქვს. მიწევს დავაწყნარო, ერთგვარ მინიფსიქოლოგიურ დახმარებას ვუწევ, რადგან დაბნეულები და დეზორიენტირებულები არიან. არ იციან მერე რა ქნან“, - ამბობს იურისტი ანა სკრიპკა.

უფლებადამცველები და მოხალისეები ამბობენ, რომ თუ ამ ხალხს მალე ასობით ადამიანი დაემატა, საქართველოს საზღვარზე ჰუმანიტარული კრიზისი დაიწყება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG