Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკიმ ხელი მოაწერა ე.წ. ოტავის კონვენციიდან გასვლის ბრძანებას


ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი
ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც უკრაინა 1997 წლის ოტავის კონვენციიდან გასვლის პროცესს დაიწყებს.

ე.წ. ოტავის ხელშეკრულება კრძალავს ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების წარმოებას, გამოყენებას, შენახვას და გადაცემას. გარდა ამისა, ხელშეკრულების მონაწილეები ვალდებულებას იღებენ, გაანადგურონ ყველა უმართავი ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი, რომლებიც მათ მარაგშია.

უკრაინის გადაწყვეტილება უკავშირდება ომის რეალობას: რუსეთი ამ შეთანხმების მხარე არ არის და აქტიურად იყენებს ნაღმებს უკრაინელი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.

როგორც უკრაინის დეპუტატმა რომან კოსტენკომ თქვა: „ვერ ვიქნებით შეზღუდულები, როდესაც მოწინააღმდეგეს არანაირი შეზღუდვები არ აკავებს.“

ბრძანებას უნდა დაუჭიროს მხარი უკრაინის უმაღლესმა რადამ (პარლამენტმა), რომ ქვეყანა ოფიციალურად გავიდეს შეთანხმებიდან.

ბრძანება ჯერ არ გამოქვეყნებულა პრეზიდენტის ოფიციალურ ვებსაიტზე.

28 ივნისს ლიეტუვამ და ესტონეთმა გაერო გააფრთხილეს, რომ ტოვებენ ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის კონვენციას.

ლატვია, ფინეთი და პოლონეთიც ასევე გავიდნენ ოტავის ხელშეკრულებიდან. ეს გადაწყვეტილება მათ ახსნეს რუსეთის აგრესიით, რომელმაც დაადასტურა, რომ კრემლი არ ცნობს სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიულ საზღვრებს და საერთაშორისო სამართალს.

ქვეყნები ოფიციალურად წყვეტენ ხელშეკრულებას გაეროს გაფრთხილებიდან ექვსი თვის შემდეგ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG