ამ სტატიაში შევაგროვეთ მრავლიდან მხოლოდ 10 განსაკუთრებული ამბავი სასამართლო სხდომებიდან, რომელზეც „გაიცინეს“ მისი აბსურდულობის, თუ გროტესკულობის გამო. ყველა ეს ამბავი, რომელიც სასამართლოს დარბაზებში მოხდა რადიო თავისუფლების ჟურნალისტებმაც ნახეს, მოისმინეს, გააშუქეს.
ცირკი: სანახაობა აკრობატების, ტანმოვარჯიშეების, ილუზიონისტების, კლოუნებისა და გაწვრთნილი ცხოველების მონაწილეობით [ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი]
„იქ დგას“ - როგორ დაინახა მოწმე პოლიციელმა ბრალდებული, რომელიც დარბაზში არ იყო
13 ივნისს, ჯგუფური ძალადობის საქმეზე სასამართლოში, ბრალდების მოწმედ მისულმა პოლიციელმა, გოგიტა ხარატიშვილმა თქვა, რომ სხდომაზე ბრალდებულებს შორის ხედავდა ვალერი თეთრაშვილს, კაცს, რომელიც მან გასული წლის დეკემბერში დააკავა და გაჩხრიკა.
მოწმესა და ვალერი თეთრაშვილის ადვოკატ, ირმა ჭკადუას შორის ასეთი მოკლე დიალოგი გაიმართა:
ადვოკატი ირმა ჭკადუა: შეგიძლიათ, მიმითითოთ, რომელია ვალერი თეთრაშვილი?
მოწმე პოლიციელი გოგიტა ხარატიშვილი: აი, იქ დგას, პირდაპირ მიყურებს.
დარბაზში სიცილი ატყდა.
„სად გიყურებს კაცო?!“ , - გაიკვირვა პროკურორმა ლაშა თოდუამ.
იმ დღეს ვალერი თეთრაშვილი სასამართლო სხდომას არ ესწრებოდა.
სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის საფუძველზე – ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა – საქალაქო სასამართლოში ორი საქმე განიხილება და ჯამში 19 ბრალდებულს აერთიანებს.
„ადამიანის მოკვლაც შეგვიძლია“ - როგორ დაკითხეს სკამზე ჩამომჯდარი პოლიციელი
ექიმ გიორგი ახობაძის საქმის მოწმეს, გამომძიებელ გრიგოლ კაჭკაჭიშვილს მანდატურებმა სხდომათა დარბაზში სკამი დაუდგეს. როცა ბრალდებულმა თქვა, რომ მოწმესთან ბევრი კითხვა ჰქონდა, კაჭკაჭიშვილმა ჩამოჯდომა ითხოვა.
„მე როცა დაკავებულს ვკითხავ ვაჯენ ხოლმე მაინც, სკამი რომ მომიტანოთ, დავიღალე, ორი საათია ფეხზე ვდგავარ“, - დაიჩივლა პოლიციელმა.
მოწმე მოსამართლის წინ სკამზე ჩამოჯდა, ფეხი-ფეხზე გადაიდო და კითხვებს ისე უპასუხა. ფურცელი და კალამი ჰქონდა, სადაც რაღაცებს ინიშნავდა კიდეც.
კაჭკაჭიშვილის გამოკითხვა მართლაც ხანგრძლივი აღმოჩნდა. სამ საათზე მეტი ხნის განმავლობაში პოლიციელმა ბევრი საყურადღებო რამ თქვა, მათ შორის,
მაგალითად, იმის შესახებ, რისი გაკეთება შეუძლია პოლიციას:„ბევრი რამე შეგვიძლია, წამებაც შეგვიძლია, ადამიანის მოკვლაც, მაგრამ ხომ არ ვაკეთებთ?!“ . მან ასე უპასუხა გიორგი ახობაძის კითხვას - საკმარისია თუ არა ორი პოლიციელი ერთი ადამიანის “გასაკავებლად”.
პროცესის შუაში მასაც „ცირკში“ ეგონა თავი, - დიახ, „ნამდვილად ცირკიაო“ დაუდასტურეს დამსწრეებმაც.
გიორგი ახობაძის საქმის მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიაა. ექიმსა და საპროტესტო აქციების აქტიურ მონაწილეს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას ედავებიან. მას 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
„გაციებული ვარ“ - როგორ დადიოდა დაზარალებული პირბადიანი პოლიციელი დარბაზში უკუსვლით
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) ინსპექტორი შმაგი ჯაჭვაძე სასამართლოში გიორგი მინდაძის საქმეზე დაიკითხეს. ამ დროს მას სასამართლო დარბაზში ეკეთა პირბადე ისე, რომ მისი სახე ვერავის დაენახა.
ამ საქმეში ინსპექტორი შმაგი ჯაჭვაძე დაზარალებულად ითვლება. მან დაკითხვაზე თქვა, რომ პიროტექნიკის ნამწვი მოხვდა და ფეხი დაეწვა. თქვა რომ „პიროვნება“, რომელმაც „აღნიშნული პიროტექნიკა“ წლის ჭავლის მანქანას ესროდა და კაფსულის გახსნისას, ნამწვი ფეხში მოხვდა, დარბაზში, ბრალდებულის სკამზე იმყოფებოდა.
21 წლის გიორგი მინდაძეს ბრალი პოლიციელზე თავდასხმის მუხლით აქვს წარდგენილი. მას ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
გდდ-ს ინსპექტორი ისე შევიდა დარბაზში და გამოვიდა, რომ კამერისკენ სახით არ შეტრიალებულა. დაკითხვის დაწყებამდე მან თქვა, რომ გაციებული იყო და პირბადეს ვერ მოიხსნიდა, როცა მოსამართლის მაგიდასთან ხელის მოსაწერად მიიყვანეს მოწმისთვის გამოყოფილ ადგილზე უკუსვლით დაბრუნდა.
რომ შემობრუნებულიყო, პირბადით დაფარული სახის გადაღებას ჟურნალისტების კამერა შეძლებდა.
დაკითხვის დასრულების შემდეგ მან თავზე კაპიუშონი გადაიფარა და სხდომათა დარბაზი ისე დატოვა.
„რატომ იყურება ტელეფონში?“ - როგორ გაუჩნდა ეჭვი ადვოკატს, რომ პროკურორი მესიჯებს უგზავნიდა მოწმეს
ადვოკატ ირაკლი ჩომახაშვილს მოწმე პოლიციელის, დავით ქიტიაშვილის გამოკითხვისას ეჭვი გაუჩნდა, რომ ის მობილურით პროკურორს სწერდა.
ჟურნალისტების გადაღებულ კადრებშიც ჩანს, რომ დაკითხვისას მოწმე და პროკურორი ტელეფონებს ერთდროულად იყენებდნენ. ადვოკატმა სცადა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის ყურადღება ამ ფაქტისკენ მიემართა.
ადვოკატი: არ გაინტერესებთ, ბატონო მოსამართლე, რაზე დაყრდნობით გვცემს პასუხს?
მოსამართლე: არ ვიციო, გიპასუხათ, ვუყურებ აქედან.
მოწმე: შეურაცხყოფას მაყენებთ უკვე, რა...
ადვოკატი: შეკითხვას არ გავაჟღერებ იქამდე, სანამ სასამართლო არ განმარტავს, მე რომ კითხვას ვსვამდი, რატომ იყურებოდა ტელეფონში და ვისთან ჰქონდა კომუნიკაცია მისი დაკითხვის დროს. გვაჩვენოს...
ამ დიალოგისას მოწმეს თავი აქვს ჩაღუნული. დამსწრეები ეჭვობდნენ, რომ შეტყობინებებს შლიდა, თავად ამბობს, რომ ურეკავდნენ და ხმის გათიშვას ცდილობდა. ამის შემდეგ მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ ყველა მოწმე დარბაზში შესვლამდე ტელეფონს ხმას გამოურთავს.
ქიტიაშვილი ჯგუფური ძალადობის მეორე საქმეზეც გამოიკითხა, სადაც მოსამართლე თამარ მჭედლიშვილია. მან შესვლისთანავე დაავალა მოწმეს გამოერთო ტელეფონი და მოშორებით დაედო. „გუშინდელის თავი არ მაქვს“ - თქვა მოსამართლემ.
ამავე პოლიციელმა ვერ გაიხსენა, რომ დაკავების შემდეგ სტუდენტი ზვიად ცეცხლაძე მან დაკითხა. საპირისპირო აჩვენა დაკითხვის ოქმმა, რომელზეც ხელი აქვს მოწერილი
„ვიყენებ აქტიურად“ - როგორ დაადასტურა პოლიციელმა, რომ ქმრის ფეისბუკს იყენებდა მტკიცებულების მოსაპოვებლად
შსს-ს იურიდიული სამსახურის უფროსმა, მარიამ კერესელიძემ და დეტექტივებმა მისი ქმრის ფეისბუკი გამოიყენეს ტელეწამყვან ვიკა ბუკიას კანონდარღვევის მტკიცებულების მოსაძებნად.
გამოძიება არკვევდა, მართლაც მიაყენა თუ არა შეურაცხყოფა ტვ პირველის ჟურნალისტმა თავისი პოსტით „ქართული ოცნების“ დეპუტატს მარიამ ლაშხს. მარიამ ლაშხზე დაწერილი პოსტი შსს-ს თანამშრომელმა ქმრის ანგარიშით იპოვა, ფოტო გადაუღო და საქმეს დაურთო.
ქმართან საერთო ფეისბუკანგარიშის პაროლი მან დეტექტივებსაც გაუზიარა.
„კი, ნამდვილად არის ჩემი მეუღლის და მე პირადად ვსარგებლობ [ამ ანგარიშით] იმიტომ, რომ საკუთარი არ გამაჩნია. რაც შეეხება ოქმის შემდგენებს, მათაც აქტიური ფეისბუქ ექაუნთი არ გააჩნდათ, შესაბამისად, მე მივეცი წვდომა აღნიშნულზე, საიდანაც მოხდა დათვალიერება. ჩემი მეუღლის ფეისბუქ პაროლი მაქვს მეც, ვიყენებ აქტიურად და შესაბამისად მივეცი“.
31 მაისს მარიამ კერესელიძე „განსაკუთრებული დამსახურებისთვის“ შს სამინისტროს მედალიონით დააჯილდოვეს. კონკრეტულად რა დამსახურებისთვის, ეს ამ ოფიციალურად გამოქვეყნებული ინფორმაციით არ ირკვევა.
„ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ გასაღებით კარს ვერ გავაღებდი“- როგორ აღწერა პოლიციელმა ჩაშლილი ჩხრეკა
ჟურნალისტ, ნიკა კაციას სასამართლო სხდომაზე საინტერესო დეტალი გაირკვა.
მოწმედ გამოძახებულმა პოლიციელმა, ემილ კუპრავამ მოყვა, რომ ბრალდებულის სახლში ჩხრეკაზე მისული პოლიციელები ბინაში ვერ შევიდნენ - გასაღები კარში ჩაუტყდათ.
როგორ მოხდა ეს ან საიდან ჰქონდათ პოლიციელებს სხვისი სახლის გასაღები?
ჩხრეკაზე მისულ პოლიციელებს სახლში ნიკა კაციას დედა მარინე აფციაური დახვდათ. ქალმა კარი ვერ გააღო, ბინიდან გამოსძახა - გაფუჭებულია და მხოლოდ გარედან იღება, გასაღები კი ჩემს შვილს აქვსო.
ამ დროს ნიკა კაცია პოლიციას უკვე დაკავებული ჰყავდა. ბრალდებულს გასაღები გამოართვეს და ჩხრეკაზე მისულებს ის „თეთრი კონვერტით გაუგზავნეს“.
გაგზავნილი გასაღები პოლიციას კარში ჩაუტყდა.
„დამტოვეს ჩაკეტილი, გატეხილი გასაღებით კარში... პირველ სართულზე ვცხოვრობ, ფანჯარა გავუღე, ვუთხარი კიბე მოიტანეთ, გისოსებს გავწევ და აქედან შემოდით მეთქი, არ ვიცოდი ნიკა დაკავებული თუ იყო“, - ამბობს მარინე აფციაური.
„ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ გასაღებით კარს ვერ გავაღებდიო“, - თქვა პოლიციელმა სხდომაზე და დაამატა, რომ იმ დღეს პოლიციელებმა აღარც სამაშველო სამსახური გამოიძახეს და ჩხრეკაც გადაიფიქრეს.
„ფოტოაპარატი [უბრალოდ] ეკეთა“ - როგორ ამტკიცებდა ჟურნალისტის წინააღმდეგ წარდგენილი ვიდეო მის სიმართლეს
შსს პუბლიკას ჟურნალისტ მარიამ ქავშბაიას გზის გადაკეტვაში ადანაშაულებდა და ამის დასადასტურებლად მოსამართლეს სხდომაზე ვიდეოკადრებიც კი წარუდგინა.
თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს კადრები პირიქით, იმას ადასტურებდა, რომ ჟურნალისტი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. კადრებში გარკვევით ჩანს, რომ რეპორტიორს ხელში უჭირავს კამერა და აქციის მონაწილეებს ფოტოებს უღებს.
„არა [არ იღებდა], ფოტოაპარატი [უბრალოდ] ეკეთა, ჩამოკიდებული ჰქონდა არ ასრულებდა პროფესიულ მოვალეობას“, - თქვა ბრალმდებელმა იურისტმა თინათინ კაჭკაჭიშვილმა ამ ვიდეოზე და დაამატა, „არც პრესკარტა ეკეთაო“. პრესის დამადასტურებელი მოწმობის ტარებას ჟურნალისტებს კანონი არ ავალდებულებს.
„პუბლიკამ“ სასამართლოს ოფიციალური ცნობა წარუდგინა, სადაც ადასტურებდა, რომ მარიამი ნამდვილად მათი ჟურნალისტი იყო და იმ დღეს და მომდევნო პერიოდშიც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა - რუსთაველზე აქციას აშუქებდა. თუმცა, მოსამართლე ზვიად ცეკვავამ ჟურნალისტი მაინც დააჯარიმა 5000 ლარით - „გზის უკანონო გადაკეტვისთვის“.
„არაფერი ისმის“, - როგორ ხედავენ პოლიციელები სახეს და არჩევენ სიტყვებს აირწინაღში
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაერთი ჟურნალისტი დაადანაშაულა აქციების გაშუქების დროს „გზის ხელოვნურად გადაკეტვაში“. პოლიციელის დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის გაასამართლეს „პუბლიკის“ კიდევ ერთი ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილიც.
მოწმე პოლიციელებმა თქვეს, რომ დაინახეს, როგორ იგინებოდა ჟურნალისტი და ცდილობდა სპეცრაზმელთა რიგის გარღვევას. ერთ-ერთს ჟურნალისტის წვერიც კი დაამახსოვრდა,. ლექსო ქეშელაშვილს დაკავების დროს აირწინაღი ეკეთა და სახე არ უჩანდა. ეს გამოჩნდა ვიდეოკამერის ჩანაწერებშიც.
იმის დასადასტურებლად, რომ პოლიციელები ტყუიან, ანუ შეუძლებელი იყო მისი ხმის გაგება, ჟურნალისტმა სასამართლოზე აირწინაღი გაიკეთა და ასე მიმართა მოსამართლეს. მისი ხმა მჭიდროდ მომდგარმა აირწინაღმა შთანთქა და სიტყვების შინაარსი ვერავინ გაიგო, მათ შორის ვერც მოსამართლემ.
ჟურნალისტი მოსამართლე ნინო ენუქიძემ სამართალდამრღვევად ცნო.
რეპორტიორი ალექსანდრე ქეშელაშვილი 2024 წლის 29 ნოემბერს ღამით, საპროტესტო აქციას აშუქებდა, რა დროსაც ის ნიღბიანებმა დააკავეს და სასტიკად სცემეს. პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ მას უთხრეს, რომ დაკავებულია სამართალდარღვევისთვის. ჟურნალისტი იმ დღეს საავადმყოფოში მოხვდა. მასზე მოძალადეების დასადგენად გამოძიება დაიწყო. მომხდარიდან 7 თვე გავიდა და დამნაშავე ნაპოვნი არაა.
„მათ სიცოცხლეს საფრთხე ექმნება“, - როგორ ამბობდნენ ბრალდებულები, რომ საბრალდებო სკამებზე დენი არტყამდათ
7 აპრილს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი იძულებული გახდა შეეცვალა დარბაზი მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ირაკლი მიმინოშვილმა „დენის დარტყმაზე“ დაიჩივლა. ჯგუფური ძალადობის საქმის სხდომა ნომერ მესამე დარბაზში იმართებოდა.
„მე დღეს ვზივარ იმ პროცესზე, სადაც ორ ბრალდებულს დენი ურტყამს. როგორ ვთქვა, რომ მე ვარ ადვოკატი, როცა ვიცი, რომ მათ დენი ურტყამთ და მათ სიცოცხლეს საფრთხე ექმნებათ“, - მიმართა ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა მოსამართლეს.
მოსამართლემ დარბაზში ელექტიკოსები გამოიძახა. მათ ბრალდებულებისთვის გამოყოფილი ადგილი შეამოწმეს, თუმცა პრობლემა ვერ აღმოაჩინეს.
„თქვენ ასრულებთ დავალებას“ - როგორ დაუნიშნა მოსამართლემ ბრალდებულებს სახაზინო ადვოკატები
„აქ ხდება ის, რაც არცერთ მოსამართლეს უკადრია. თქვენ გაქვთ ამ საქმეში ინტერესი, თქვენ ასრულებთ დავალებას....“, - თქვა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ მას შემდეგ რაც, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ 11 დემონსტრანტს, მათი ნების საწინააღმდეგოდ დაუნიშნა სავალდებულო ადვოკატები, ისე რომ ეს მათ არ სჭირდებოდათ.
ყველა მათგან ჰყავს კერძო ადვოკატი, ზოგს ერთზე მეტიც კი.
სახაზინო ადვოკატების დანიშვნის წინააღმდეგები იყვნენ:
- თავად ბრალდებულები;
- მათი კერძო ადვოკატები.
- დანიშნული სავალდებულო ადვოკატები, რომლებმაც თვითაცილება მოითხოვეს - ანუ ყველა.
სახაზინო ადვოკატი (ძველი ტერმინი) და ახლა უკვე საზოგადოებრივი ადვოკატი არის სახელმწიფო მიერ დაქირავებული ან დანიშნული ადვოკატი. მას უმეტესად ნიშნავენ იმ დროს, როცა დაკავებული არასრულწლოვანია და სავალდებულო დაცვას საჭიროებს ან ბრალდებულს არ აქვს საშუალება კერძო ადვოკატი დაიქირავოს.
სახაზინო ადვოკატების დახმარებით მოსამართლეს შეძლებს, რომ სხდომები არ გააცდინოს, მიუხედავად იმისა, დაესწრება თუ არა მას ყველა ბრალდებულის ადვოკატი. თუკი რომელიმე ადვოკატი სხდომაზე ვერ მივა, მოსამართლეს იქვე ეყოლება სახაზინო ადვოკატი, რომელიც ნებისმიერს ჩაანაცვლებს.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, წინასწარი პატიმრობის მაქსიმალური ვადა 9 თვეა. როგორც წესი, სასამართლო და მხარეები მოწოდებულები არიან 9-თვიან ვადაში ჩაეტიონ ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ საქმის განხილვის დასრულების მაქსიმალური ვადა 24 თვეა.
თუ ნინო გალუსტაშვილი საქმის 9 თვეში დასრულებას ვერ მოასწრებს, ის იძულებული გახდება ბრალდებულები გამოუშვას და ისე გააგრძელოს პროცესები.
ფორუმი