Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თუკი 5 გრამზე მეტ მარიხუანას აღმოგიჩენენ, პატიმრობა დაგემუქრებათ - „ოცნების“ კანონპროექტი


„ქართული ოცნება“ კანონს დაჩქარებული წესით ამკაცრებს.
„ქართული ოცნება“ კანონს დაჩქარებული წესით ამკაცრებს.

„ქართული ოცნება“ დაჩქარებული წესით იღებს კანონპროექტს, რომელიც მნიშვნელოვნად ამკაცრებს სასჯელს კანაფის ან მარიხუანის ფლობისთვის. კანონპროექტის მიღება ამავე კვირაშია შესაძლებელი.

იმის მიუხედავად, რომ მცირე მოცულობის ამ ნარკოტიკულ საშუალებებზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოქალაქეთა სასარგებლოდ ერთხელ უკვე აქვს გადაწყვეტილება მიღებული, სადავო პარლამენტში კანონის გამკაცრება მაინც გადაწყვიტეს.

კანონპროექტის მიხედვით:

  • 10 გრამამდე კანაფის, 5 გრამამდე გამომშრალი (10 გრამამდე ნედლი) მარიხუანის შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა დაისჯება ადმინისტრაციული წესით, განმეორების შემთხვევაში კი სისხლის სამართლის წესით (ჯარიმით ან პატიმრობით);
  • 6 წლამდე პატიმრობით დასჯიან მათ, ვისაც 10 გრამიდან 155 გრამამდე კანაფს ან 5 გრამიდან 70 გრამამდე გამომშრალ (ან 10 გრამიდან 150 გრამამდე ნედლ) მარიხუანას აღმოუჩენენ;
  • 5-დან 8 წლამდე პატიმრობა იქნება 155-დან 750 გრამამდე კანაფის ან 70-დან 250 გრამამდე გამომშრალი (140-დან 500 გრამამდე ნედლი) მარიხუანის შეძენა-შენახვისთვის;
  • 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა იქნება 750 გრამზე მეტი კანაფის ან 50 გრამზე მეტი გამომშრალი (500 გრამზე მეტი ნედლი) მარიხუანის შეძენა-შენახვისთვის.
  • „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივით, ცვლილებები შედის „სისხლის სამართლის კოდექსში“. კერძოდ, 260-ე მუხლს დაემატება ჩანაწერი, რომლითაც მარიხუანა და კანაფი სხვა ნარკოტიკულ საშუალებებს გაუთანაბრდება, ასევე ამოიღებენ იმ ჩანაწერს, რომელშიც წერია, რომ ამ ნივთიერებებზე გამონაკლისი მოქმედებდა.

გარდა ამისა, დამატებით მკაცრდება ადმინისტრაციული სასჯელი. თუკი აქამდე მცირე ოდენობით მარიხუანის მოყვანისთვის 500 ლარამდე ჯარიმა იყო გათვალისწინებული, ახლა კანონში ჩაიწერება, რომ ადამიანს დააჯარიმებენ 500-დან 5000 ლარამდე. პატიმრობის შეფარდების მაქსიმალური ვადა 15 დღის ნაცვლად 60 დღე გახდება.

„მარიხუანა, რომელსაც ახლა მოიხმარენ დამოკიდებული ადამიანები, საერთოდ სულ სხვა შემცველობის მარიხუანაა, ვიდრე ეს იყო წარსულში [საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების დროს] და შესაბამისი ნივთიერებაც რამდენჯერმე უფრო გაზრდილია“, - თქვა სადავო პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ კომიტეტის სხდომაზე.

საკონსტიტუციო სასამართლომ თითქმის 10 წლის წინ, 2015 წლის 24 ოქტომბერს, მიიღო გადაწყვეტილება (საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) და არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის სასჯელის დაწესება 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის შეძენისა და ფლობისთვის.

„ნორმა ითვალისწინებს პირისთვის თავისუფლების აღკვეთის შესაძლებლობას, მათ შორის, მხოლოდ იმის გამოც, რომ პირმა საკუთარ ჯანმრთელობას შეიძლება მიაყენოს ზიანი... ცხადია, აშკარაა სასჯელის სისასტიკე და მკაფიო არაადეკვატურობა, რადგან ასეთი მკაცრი სასჯელი გამოიყენება როგორც ადამიანის დასჯის მიზანი და არა როგორც ლეგიტიმური მიზნების დაცვის უკიდურესი და აუცილებელი საშუალება. შედეგად, ადამიანი სახელმწიფოს ხელთ ხდება ინსტრუმენტი და არა დაცვის ობიექტი. მაშასადამე, სახეზეა ადამიანის ღირსების ხელყოფა არაადამიანური, სასტიკი სასჯელის დაწესების გზით“, - წერია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 10 წლის წინ მიღებულ გადაწყვეტილებაში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG