ბრალდების თანახმად, მეექვსე საავტორო სკოლის ბუღალტერმა, - რომელსაც წვდომა ჰქონდა სკოლის ინტერნეტ ბანკთან და განკარგავდა სკოლის თანხებს, - საკუთარ ანგარიშზე 2,1 მილიონი ლარი გადარიცხა.
უფრო ზუსტად, საუბარია 2 161 806,52 ლარზე.
პროკურატურა ასევე აცხადებს, რომ ბუღალტერმა ამ თანხის ნაწილი აზარტულ თამაშებში წააგო.
„დაკავებულის ქმედების შედეგად „მეექვსე საავტორო სკოლას“ დიდი ოდენობით ზიანი მიადგა“, - წერს უწყება.
ბრალდებული გუშინ, 11 სექტემბერს, დააკავეს.
ბუღალტერს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
პროკურატურა მისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. როდის გაიმართება სასამართლო, ჯერ უცნობია.
დღეს საღამოს, 12 სექტემბერს, ამ ამბავს გამოეხმაურა მეექვსე საავტორო სკოლა და განაცხადა, რომ ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.
„ჩვენი შვეიცარიელი და ქართველი დამფუძნებლების ძალისხმევით, სკოლა სრულად უზრუნველყოფილია ყველა საჭირო რესურსით, რათა სასწავლო პროცესი წარიმართოს შეუფერხებლად და სრულყოფილად“, - აცხადებს სკოლის ადმინისტრაცია.
მეექვსე საავტორო სკოლა მდებარეობს თბილისში, სოლოლაკში, ლადო ასათიანის ქუჩაზე. ის განთავსებულია ისტორიულ, 1905 წელს აგებულ შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
ფორუმი