Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

OSCE PA: დაინიშნოს არჩევნები, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, რუსეთთან და ჩინეთთან კავშირები შემაშფოთებელია


„ქართული ოცნების“ დელეგაცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დღევანდელ სესიაზე
„ქართული ოცნების“ დელეგაცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დღევანდელ სესიაზე

დღეს, 2025 წლის 3 ივლისს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ (OSCE PA) ქალაქ პორტოში პლენარულ სესიაზე მიიღო ვრცელი „პორტოს დეკლარაცია“, - რომელიც საქართველოსაც ეხება, - და ასევე რეზოლუცია საქართველოს შესახებ.

ამ რეზოლუციით ასამბლეამ ხაზი გაუსვა ცვლილებებს საქართველოს საგარეო პოლიტიკაში და შეშფოთება გამოხატა „რუსეთის ფედერაციასთან და ჩინეთთან კავშირების განმტკიცების გამო“ - „საქართველოს დეკლარირებული ევროპული მისწრაფებების კონტექსტში“.

დეკლარაციამ კი მოითხოვა საქართველოში „პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება“, „რუსული სტილის ყველა კანონის გაწვევა“ და ახალი, სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.

რა წერია რეზოლუციაში

ამასთან, პოლონელი დეპუტატის მიერ ინიციირებული რეზოლუცია, რომელსაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აკრიტიკებდნენ, მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას:

  • „დაუბრუნდეს ევროკავშირში ინტეგრაციის გზას“;
  • პატივის სცეს შეკრების და გამოხატვის თავისუფლებას;
  • თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან მშვიდობიანი დემონსტრაციების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ;
  • მაოხდინოს ვითარებას „დეესკალაცია“ და ჩაერთოს „ეროვნულ დიალოგში ყველა მოთამაშესთან ერთად, რათა იპოვოს გზა არსებული ვითარებიდან გამოსასვლელად“.

რეზოლუცია ამავე დროს გამოხატავს „ღრმა შეშფოთებას“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და წერს, რომ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) მისიამ გამოავლინა „არაერთი უწესრიგობა საარჩევნო პროცესში“.

OSCE PA ასევე გამოთქვამს იმედგაცრუებას იმის გამო, „რომ საქართველოს ხელისუფლება ყველა შესაძლო საშუალებას იყენებს თავისი ძალაუფლების გასამყარებლად“ - ამ კონტექსტში კი ახსენებს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტსა“ და სხვა ახალ შემზღუდავ კანონებს.

საპარლამენტო ასამბლეა „ღრმა შეშფოთებას“ გამოხატავს „ევროკავშირის საწინააღმდეგო რიტორიკის ზრდის გამო და მას სრულიად მიუღებლად“ მიიჩნევს.

„ოცნების“ წევრების გამოსვლები

დეკლარაციისა და რეზოლუციის მიღებამდე სესიაზე სიტყვით გამოვიდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები.

„გთხოვთ, პატივი სცეთ ჩვენს სუვერენიტეტს, მშვიდობას და საერთაშორისო სამართალს“, - ასე მიმართა საპარლამენტო ასამბლეას მაია ბითაძემ, რომელმაც გააკრიტიკა ის, რასაც უწოდა „ჩარევა საქართველოს შიდა საქმეებში, მათ შორის ჩვენს დემოკრატიულ არჩევნებში“.

მაია ბითაძე სიტყვით გამოსვლისას
მაია ბითაძე სიტყვით გამოსვლისას

მაია ბითაძემ საუბარი დაიწყო იმის აღნიშვნით, რომ „საქართველოს ევროპაში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს, მიუხედავად იმისა, რომ მისი 20% რუსეთის ოკუპაციის ქვეშ რჩება“.

„იმ დროს, როდესაც ჩვენს რეგიონს, უკრაინიდან ახლო აღმოსავლეთამდე, ომები ცვლის, საქართველო წარმოადგენს იშვიათ შემთხვევას, რომელიც ზეწოლის მიუხედავად, მშვიდობას ინარჩუნებს. ჩვენ არ ვართ თავისუფალნი საფრთხეებისგან, მაგრამ ჩვენ ქაოსს სტაბილურობა, პოპულიზმს - ინსტიტუტები, ხოლო მოკლევადიან პროვოკაციას - გრძელვადიანი ხედვა ვარჩიეთ“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

მისმა კოლეგამ, ნიკოლოზ სამხარაძემ კი განაცხადა, რომ „ეუთო ეგზისტენციალურ კრიზისშია“ და „ვერ შეძლო შეეჩერებინა რუსეთის სამხედრო აგრესია საქართველოსა და უკრაინაში“.

„თუ დღეს ხდება საარჩევნო სადამკვირვებლო მისიების ანგარიშების შინაარსის დამახინჯება, სიცრუის გავრცელება და პიროტექნიკითა და „მოლოტოვის“ კოქტეილებით „შეიარაღებული“ თავდამსხმელების მშვიდობიან მოქალაქეებად მონათვლა, ხვალ, ამავე ლოგიკით, შეიძლება გვიწოდონ სპილოები და თუ უმრავლესობას ეს ტერმინი მოეწონება, მაშინ მსგავსი აბსურდი შეიძლება რეზოლუციაში მოხვდეს“, - განაცხადა სამხარაძემ.

ლევან მახაშვილი (მარცხნივ) და ნიკოლ სამხარაძე სესიაზე
ლევან მახაშვილი (მარცხნივ) და ნიკოლ სამხარაძე სესიაზე

რა წერია პორტოს დეკლარაციაში

თავის მხრივ, „პორტოს დეკლარაციით“ OSCE PA-მ გამოხატა „სერიოზული შეშფოთება“ საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის „გაუარესების გამო“, რომელიც, მისი შეფასებით, ხასიათდება „დემოკრატიული უკუსვლით, პოლიტიკური პოლარიზაციის გაძლიერებით და ფუნდამენტური თავისუფლებების, მათ შორის მშვიდობიანი შეკრების უფლებისა და მედიის დამოუკიდებლობის შეზღუდვებით“.

დეკლარაციამ ასევე დაგმო „პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებები და სასამართლო ჩარევა, რაც ძირს უთხრის დემოკრატიულ მმართველობას და საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ევროპულ მისწრაფებებს“.

პორტოს დეკლარაცია ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, რათა უზრუნველყოს:

  • „სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიის, აქტივისტებისა და მომიტინგეების თავისუფლად და უსაფრთხოდ ფუნქციონირება და ხელი შეუწყოს გამჭვირვალე და ინკლუზიურ პოლიტიკურ პროცესს, რომელიც ასახავს საზოგადოების ფართო მონაწილეობას და დაფუძნებულია დემოკრატიულ პრინციპებზე, მათ შორის ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებით და რუსული სტილის „უცხოელი აგენტების“ კანონის გაუქმებით“.

როგორც დეკლარაცია, ისე რეზოლუცია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ამავე დროს, უარყოფს „ნებისმიერ მცდელობას, ლეგიტიმურობა მიანიჭოს რუსეთის ფედერაციის კონტროლის ქვეშ მყოფ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებულ არჩევნებს, მათ შორის 2025 წლის 2 მარტს აფხაზეთში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც არ არის აღიარებული საერთაშორისო სამართლის მიერ და წარმოადგენს პირდაპირ გამოწვევას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG