Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი: ჩრდილოეთ კორეის ჯარისკაცების კურსკში გაგზავნის გადაწყვეტილება ფხენიანმა მიიღო


სერგეი ლავროვი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
სერგეი ლავროვი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, ჩრდილოეთ კორეის სამხედროების კურსკის ოლქში მიმდინარე ბრძოლებში მონაწილეობის გადაწყვეტილება ფხენიანს ეკუთვნოდა.

მისი თქმით, მოსკოვმა ეს წინადადება მიიღო, როგორც "სოლიდარობის გულწრფელი გამოხატულება". ჩრდილოეთ კორეასთან კავშირს მინისტრი უწოდებს "დაუმარცხებელ ძმობას".

"ჩვენ რეაგირება მივეცით ჩრდილოეთი კორეის ხელმძღვანელის, სახელმწიფო საქმეების თავმჯდომარის წინადადებას. არ გვქონდა რაიმე მიზეზი უარის თქმისთვის სოლიდარობის გულწრფელ გამოხატულებაზე. ჩვენ ამოვდივართ იმ მოცემულობიდან, რომ ჩრდილოეთი კორეა თავად განსაზღვრავს ფორმებს, რომლებითაც ხორცშესხმულია ჩვენი მოლაპარაკება სტრატეგიულ პარტნიორობაზე", - თქვა ლავროვმა ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ცოი სონ ჰისთან მოლაპარაკების შემდეგ.

ლავროვი დასძენს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი და ჩრდილოეთი კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი უწყვეტ კონტაქტს ინარჩუნებენ და ხშირად ცვლიან შეტყობინებებს.

თავის მხრივ, ჩრდილოეთ კორეის მინისტრმა განაცხადა, რომ ფხენიანი უპირობოდ უჭერს მხარს რუსეთის ქმედებებს.

"მზად ვართ ვუერთგულოთ სახელმწიფოებს შორის მოლაპარაკების ყველა პირობას", - თქვა მან.

ჩრდილოეთ კორეის სამხედროები მონაწილეობდნენ ბრძოლებში კურსკის ოლქში - რომელიც 2024 წლის აგვისტოდან ნაწილობრივ მოექცა უკრაინის არმიის კონტროლის ქვეშ. ჩრდილოეთ კორეის ჯარისკაცების ჩართულობის შესახებ პირველი ცნობები ჯერ კიდევ 2024 წლის ოქტომბერში ვრცელდებოდა, თუმცა რუსეთმა ეს ინფორმაცია ოფიციალურად მხოლოდ 2025 წლის აპრილის ბოლოს აღიარა.

უკრაინის ოფიციალური პირების შეფასებით, გასული წლის შემოდგომაზე ჩრდილოეთმა კორეამ რუსეთში გაგზავნა 11 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე. სამხრეთ კორეის მონაცემებით, რუსეთის მხარეს ბრძოლისას შესაძლოა დაიღუპა ჩრდილოეთ კორეის 600-მდე ჯარისკაცი - ათი ვინაობის დადგენა ამ ეტაპამდე არ ხერხდება.

უკრაინის და სამხრეთ კორეის დაზვერვის სამსახურები მოელიან, რომ შემდეგ თვეებში ჩრდილოეთმა კორეამ შესაძლოა რუსეთში კიდევ 25-დან 30 ათასამდე სამხედრო მიავლინოს. CNN-ის მონაცემებით, ისინი, დიდი ალბათობით, ჩაერთვებიან ბრძოლებში რუსეთის მიერ დაკავებულ უკრაინის ტერიტორიებზე - მათ შორის მასშტაბური შეტევის ოპერაციების ფარგლებში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG