Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფრთხეს "აბსოლუტურ სამარცხვინო ქმედებას" უწოდებს


ირაკლი კობახიძე, "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრი
ირაკლი კობახიძე, "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრი

„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან კითხვა-პასუხისას გამოეხმაურა რადიო თავისუფლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ევროკომისარი საშინაო და მიგრაციის საქმეებში, მაგნუს ბრუნერი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომამდე, რომელიც 15 ივლისს გაიმართება, წერილს გაგზავნის საქართველოს მთავრობასთან ქვეყნისთვის სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერების მუქარით, თუკი საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს არ გადადგამს ქვეყნის ევროპული კურსის დასაბრუნებლად.

ირაკლი კობახიძის თქმით, ქართველი ხალხის დაშანტაჟება იმის გამო, რომ მან არ დააბრუნა ხელისუფლებაში სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლობა, არის „აბსოლუტურად სამარცხვინო ქმედება“:

„საზოგადოებამ თავად უნდა განსაჯოს, თუ რა მიზნებით სურდათ კონკრეტულ ჩინოვნიკებს, ევროპელ ჩინოვნიკებს, მათ შორის, ხელისუფლებაში დაებრუნებინათ სისხლიანი რეჟიმის შემოქმედი ადამიანები, კოლექტიური ნაცმოძრაობა... ქართული საზოგადოების თვალში ევროპული ბიუროკრატიის და სამწუხაროდ, ასევე ევროკავშირის მიმართ ნდობა არის სერიოზულად დაცემული.

ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ეს პროცესი შემოტრიალდეს. ამისათვის, პირველ რიგში, კონკრეტული ევროპელი ჩინოვნიკები უნდა შეეშვან ფიქრს იმაზე, რომ საქართველოში სისხლიანი რეჟიმის შემოქმედი ადამიანები უნდა დაბრუნდნენ“, - ამბობს ირაკლი კობახიძე.

ცნობა ევროკომისიის წერილის შესახებ 14 ივლისს, პლატფორმა X-ზე გაავრცელა ევროპის ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმაც და დაწერა, რომ „ევროკომისია ამზადებს წერილს საქართველოსთვის, რომელიც ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესახებ მუქარას შეიცავს“.

15 ივლისს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ - მათ შორის, „მნიშვნელოვნად გაუარესებულ“ მდგომარეობასა და "ქართული ოცნების" პოლიტიკის საპასუხო ზომებზე.

"ქართული ოცნების" ლიდერები ევროკავშირისა და მისი ლიდერების კრიტიკას ე.წ. დიპ სტეიტს უკავშირებენ და აცხადებენ, რომ “როგორც საქართველოს სჭირდება ევროპა, ისე, არანაკლებ, ევროკავშირსაც სჭირდება საქართველო”.

საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის საფუძვლების გადახედვაზე მსჯელობა ევროკავშირში ჯერ კიდევ 2023 წლიდან დაიწყო და გარკვეული სამუშაო 2024 წელსაც შესრულდა.

ამასთანავე, უკვე რამდენიმე თვეა, ქართული დიპლომატიური და სამუშაო პასპორტის მფლობელებისთვის ევროკავშირის ქვეყნების ნაწილში შესასვლელად ვიზის აღებაა საჭირო.

შეზღუდვების ამოქმედებაზე ივნისის ბოლოს ინფორმაცია დაადასტურეს ჯერ „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, შემდეგ კი სადავო პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

„მინდა ყველამ კარგად იცოდეს, არის 11 ქვეყანა, რომელიც არღვევს საერთაშორისო სამართალს. ესეც არის ევროკავშირის სირცხვილი... ევროკომისიის რეკომენდაცია თუ გადაწყვეტილება დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებისა იყო საერთაშორისო სამართლის დარღვევა და ყველა ის ქვეყანა, რომელიც აჰყვა ამ გადაწყვეტილებას, არღვევს საერთაშორისო სამართალს“, - თქვა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს.

ონლაინგამოცემა Euroscope ავრცელებს ინფორმაციას, რომ შეზღუდვები ამოქმედდა ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში:

  • რუმინეთი;
  • ბულგარეთი;
  • ლატვია;
  • ლიეტუვა;
  • ესტონეთი;
  • ლუქსემბურგი;
  • ნიდერლანდი;
  • საფრანგეთი;
  • ბელგია;
  • იტალია.

„შვედეთი აგვისტოდან. უნგრეთი, რა თქმა უნდა, ღიაა, ავსტრიაც ამ ეტაპზე. არ გვაქვს ინფორმაცია დანარჩენ ქვეყნებზე, მაგალითად, გერმანია ან პოლონეთი“, - წერია გამოცემის მიერ 30 ივნისს გავრცელებულ ინფორმაციაში.

ევროკავშირის მხრიდან ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება დროში დაემთხვა საქართველოში მიმდინარე პროევროპულ აქციებს, რომელთა მთავარი მოთხოვნაც ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლებაა. პროტესტი გამოიწვია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებამ, რომელიც 2024 წლის 28 ნოემბერს გახდა ცნობილი - ხელისუფლებაში მყოფი პარტია არ აპირებს, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დღის წესრიგში დააყენოს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.

დემონსტრაციების ძალადობრივად დაშლიდან ორ კვირაში, 16 დეკემბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დაიწყეს მსჯელობა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმებაზე, 27 იანვარს კი ეს გადაწყვეტილება მიიღეს.

საქართველომ უვიზო მიმოსვლის უფლება სამოქმედო გეგმისა და გზამკვლევის მოთხოვნების შესრულების შედეგად 2017 წლის 28 მარტიდან, მოიპოვა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG