Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი რუსეთს მაღალი გადასახადებით ემუქრება, თუ უკრაინაში ომის დასრულებაზე შეთანხმება 50 დღეში არ გაფორმდება


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მასპინძლობს ნატოს გენერალურ მდივან მარკ რიუტეს.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მასპინძლობს ნატოს გენერალურ მდივან მარკ რიუტეს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 14 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ "ძალიან მკაცრ გადასახადებს" დაუწესებს რუსეთს 50 დღეში - თუკი უკრაინაში ომის დასრულებაზე შეთანხმება არ იქნება მიღწეული.

რესპუბლიკელი პრეზიდენტი ამ განცხადებით გამოვიდა თეთრ სახლში მიმდინარე შეხვედრაზე ნატოს გენერალურ მდივანთან, მარკ რიუტესთან.

"ჩვენ ძალიან მკაცრ გადასახადებს დავაწესებთ, თუ 50 დღეში შეთანხმება არ გვექნება" - თქვა ტრამპმა. - "მე ვაჭრობას ბევრი რამისთვის ვიყენებ... ის გამოსადეგია ომების მოსაგვარებლად".

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ აშშ მაღალტექნოლოგიურ იარაღს გაუგზავნის ნატოს უკრაინის მხარდასაჭერად რუსეთის წინააღმდეგ ომში.

ტრამპის თქმით, ამ იარაღის ფასს გადაიხდიან ნატოს წევრი ქვეყნები და არა ამერიკელი გადასახადების გადამხდელები.

კერძოდ, ტრამპმა ილაპარაკა უკრაინისთვის დამატებით Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებაზე და აღნიშნა, რომ ეს "ძალიან სწრაფად" მოხდება. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, საუბარი შესაძლოა ეხებოდეს 17-მდე ამგვარი სისტემის გაგზავნას. ღია მონაცემებით, უკრაინას ამ დრომდე მიეწოდა არანაკლებ 7 სისტემისა.

მარკ რიუტეს თქმით, საქმე ეხება არა მხოლოდ საჰაერო თავდაცვის სისტემებს, არამედ სხვა სახის იარაღსაც. მედიაში მანამდე ვრცელდებოდა ცნობები, რომ განიხილება გრძელი რადიუსის რაკეტების მიწოდების შესაძლებლობა.

რიუტემ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ადგილზე ის სწრაფად დაეთანხმებოდა სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვას.

ტრამპმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ უკმაყოფილოა რუსეთის ქმედებებით უკრაინასთან მიმართებაში. მისი თქმით, იგი იმედოვნებდა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკება ჯერ კიდევ ორი თვის წინ გაფორმდებოდა. ვაშინგტონში რამდენჯერმე ჩათვალეს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკების გაფორმება ახლოს იყო - მაგრამ რეალობა სხვაგვარი აღმოჩნდა, ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი.

უკრაინა ჯერ კიდევ აპრილში დაეთანხმა ცეცხლის შეწყვეტას წინასწარი პირობების გარეშე - მაგრამ რუსეთის ხელისუფლებამ ეს წინადადება ფაქტობრივად უარყო და გამოვიდა შეთავაზებით მოლაპარაკება საომარი მოქმედებების შეწყვეტის გარეშე გამართულიყო. სტამბოლში გამართული მოლაპარაკების ორმა რაუნდმა შედეგად მოიტანა შეთანხმებები ტყვეების და დაღუპულთა გვამების გაცვლაზე - მაგრამ არა ცეცხლის შეწყვეტაზე. ამ ეტაპზე უცნობია როდის, ან საერთოდ თუ გაიმართება შემდეგი რაუნდი.

მოსკოვი რამდენიმე პირობას აყენებს ცეცხლის შეწყვეტისთვის და მშვიდობის დამყარებისთვის. მათ შორისაა უკრაინის ჯარების გაყვანა უკრაინის ოთხი რეგიონიდან - რომლებზეც მოსკოვი აცხადებს პრეტენზიას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG