მეორე პაკეტს ხსნიან, სადაც დევს ჩაფხუტი, ხუთი რაცია, აირწინაღი და სათვალე. ეს ნივთებიც პროკურატურის თქმით, ზვიად ცეცხლაძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოიღეს.
„აქ გარდა რაციებისა არის თავდაცვითი ხასიათის“, - ამბობს ცეცხლაძის ადვოკატი დავით ჭიკაიძე.
„ეს შეფასებითია“, - ამბობს პროკურორი ვაჟა თოდუა
ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი აფასებს: „დადასტურებული არ არის, რომ ეს რაციები მუშაობს, თქვენს საქმეში რაციები სხვა პირისგან არ ყოფილა ამოღებული, რაც არ ადასტურებს კავშირს, რომ სხვა პირიც იყენებდა რაციას".
ზვიად ცეცხლაძის შემდეგ თორნიკე გოშაძის ჯერია. ხსნიან პაკეტს. ეს ნივთებიც გოშაძის სახლის ჩხრეკისას ამოიღეს. პროკურორს პარკიდან თანმიმდევრობით ამოაქვს საქართველოს დროშა და წითელი უმკლავებო ზამთრის ჟილეტი.
„ეს დროშა ჩემი პირადია", - ისმის დარბაზში მარიზი კობახიძის ხმა.
„საღებავიანი კვერცხებია“, - ამბობს ვაჟა თოდუა და ხსნის კიდევ ერთ დალუქულ პაკეტს.
„მატარებლის ლიანდაგის სუნი აქვს“, - ამბობს ნიკოლოზ ჯავახიშვილი.
მოსამართლეს მიუტანეს გახსნილი პაკეტი. მან მომენტალურად უკან დაიხია: „მაპატიეთ, არ შემიძლია“. სუნი ჩვენამდე ანუ აუდიტორიამდე ჯერ არ აღწევს.
გამჭვირვალე პაკეტში ჩანს საღებავისგან დასვრილი კვერცხების რამდენიმე შეკვრა.
პროკურატურის თქმით, ეს კვერცხები ზვიად ცეცხლაძის სახლის ჩხრეკისას ამოიღეს.
ფორუმი