Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში ოპერაცია მიმდინარეობს ანტიკორუფციულ ბიუროში „რუსული გავლენის ნეიტრალიზებისთვის“


საილუსტრაციო ფოტო. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცრაზმელები
საილუსტრაციო ფოტო. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცრაზმელები

დღეს, 21 ივლისს, დილით უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გენერალური პროკურორის ოფისთან ერთად დაიწყო სპეციალური ოპერაცია, რომლის მიზანია ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროში „რუსული გავლენის ნეიტრალიზაცია“.

ამის შესახებ რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური წერს უსაფრთხოების სამსახურში თავის წყაროებზე დაყრდნობით.

წინასწარი ინფორმაციით, უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს ერთ-ერთი თანამშრომელი რუსეთს საიდუმლო მონაცემებს გადასცემდა ექს-პრეზიდენტ იანუკოვიჩის გარემოცვის მეშვეობით და ეჭვმიტანილია რუსეთში ბიზნესის უკანონოდ წარმოებაშიც.

თავად უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ დილით გაავრცელა მოკლე განცხადება, რომ უსაფრთხოების სამსახურის და გენერალური პროკურორის ოფისის თანამშრომლები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ სასამართლოს დადგენილების გარეშე.

გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ ანტიკორუფციულ სამსახურში უთხრეს, რომ დილიდან 80-მდე ჩხრეკა მიმდინარეობს.

  • უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო 2015 წელს შეიქმნა, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანო სპეციალური სტატუსით.
  • ბიუროს ამოცანაა გამოავლინოს და აღკვეთოს კორუფციული და სხვა სისხლისსამართლებრივი დანაშაული მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან და დანაშაული, რომელიც ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრება.

განახლება: უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ გენერალური პროკურორის ოფისის თანამშრომლებთან ერთად დააკავეს ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დეტექტივების ერთ-ერთი რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელი რუსლან მაგამედრასულოვი, რომელიც ბიუროს საქმიანობას ხელმძღვანელობდა დნეპროპეტროვსკის და ზაპოროჟიეს ოლქებში.

გამოძიების თანახმად, რუსლან მაგამედრასულოვი შუამავლის როლს ასრულებდა მეწარმე მამის მიერ უკანონოდ მოყვანილი ტექნიკური კანაფის გასაყიდად რუსეთის დაღესტნის რესპუბლიკაში და მჭიდრო კონტაქტი ჰქონდა უკრაინის პარლამენტის ყოფილ დეპუტატთან, აკრძალული პრორუსული პარტიის, „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის“ წევრ ფიოდორ ხრისტენკოსთან, რომელიც უკრაინიდან გაქცეულია, რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობს და გავლენას ახდენს ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობაზე.

ხრისტენკო ეჭვმიტანილია სახელმწიფო ღალატსა და გავლენის ბოროტად გამოყენებაში. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ამ მუხლებით აღიძრა.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობითვე, დაკავებული რუსლან მაგამედრასულოვის მამას რუსეთის მოქალაქეობა აქვს, რაც ანტიკორუფციული ბიუროს ჩინოვნიკს არ მიუთითებია სახელმწიფო საიდუმლოებაზე წვდომის ნებართვის გაფორმებისას, მისი დედა კი რუსეთის პენსიას იღებს ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში და სოციალურ ქსელებში პრორუსულ კომენტარებს აქვეყნებს.

განახლება: უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ 21 ივლისს, შუადღის შემდეგ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმად, უსაფრთხოების სამსახურის და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა ჩაატარეს სულ მცირე 70 ჩხრეკა, სასამართლოს დადგენილების გარეშე დაწყებული საგამოძიებო მოქმედებები კი ეხება ბიუროს სულ მცირე 15 თანამშრომელს.

ანტიკორუფციული ბიუროს განცხადებით, საგამოძიებო მოქმედებების საფუძვლად უმრავლეს შემთხვევაში დასახელდა ცალკეული პირების მონაწილეობა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებში, ზოგიერთი თანამშრომელი კი ეჭვმიტანილია აგრესორ ქვეყანასთან(რუსეთი) შესაძლო კავშირებში, თუმცა ეს ფაქტები ერთმანეთთან არანაირად დაკავშირებული არ არის.

ბიუროს თანახმად, უსაფრთხოების სამსახურის ინიციატივით დაწყებულია სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის შემოწმებაც, რომლის შედეგად ამ სამსახურმა შესაძლოა, მიიღოს არასაჯარო ინფორმაცია ანტიკორუფციული ბიუროს მიმდინარე და დაგეგმილი ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შესახებ, ამ ინფორმაციის გასაჯაროებამ კი შესაძლოა, ხელი შეუშალოს ბიუროს საგამოძიებო მოქმედებებს.

განცხადებაში ისიც ნათქვამია, რომ ერთ-ერთი ჩხრეკისას ანტიკორუფციული ბიუროს დეტექტივის მიმართ გამოყენებული იყო ფიზიკური ძალა, მიუხედავად იმისა, რომ მას წინააღმდეგობა არ გაუწევია.


ფორუმი

XS
SM
MD
LG