რუსეთის უმსხვილეს ავიაკომპანია „აეროფლოტს“ პრობლემები შეექმნა. 28 ივლისს, დილის ცხრა საათისთვის ავიაკომპანიამ განაცხადა, რომ მისი საინფორმაციო სისტემების მუშაობა შეფერხებულია, რის გამოც იძულებული არიან, რეისები გააუქმონ ან გადადონ.
„აეროფლოტმა“ მგზავრებს მიმართა, თვალყური ადევნონ კომპანიის ონლაინ-ტაბლოს და აეროპორტების საინფორმაციო ტაბლოებს.
რუსული ავიაკომპანია შეფერხების მიზეზს არ ასახელებს და მხოლოდ იმას აცხადებს, რომ სპეციალისტები მუშაობენ რისკების მინიმუმამდე დაყვანისა და სერვისების მუშაობის უსწრაფესად აღდგენის მიზნით.
უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ „აეროფლოტს“ სანქციები დაუწესეს დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. რუსული ავიაკომპანიისა და მისი თვითმფრინავების(Airbus, Boeing) მომსახურება აკრძალულია.
„აეროფლოტის“ თვითმფრინავები, როგორც უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამო, ევროკავშირის „შავ სიაშია".
განახლება: ადგილობრივი დროით 11:00 საათისთვის ავიაკომპანიის სისტემის მუშაობა ისევ შეფერხებული იყო. „აეროფლოტის“ თანახმად, მხოლოდ მოსკოვიდან ავიარეისები გაუქმდა 22 ქალაქის მიმართულებით. მათ შორისაა როგორც რუსეთის ქალაქები, ისე ერევანი და მინსკი.
განახლება: „აეროფლოტის“ სისტემაზე კიბერშეტევის შესახებ განაცხადეს უკრაინის მხარდამჭერი ჰაკერების ჯგუფებმა Silent Crow და „კიბერპარტიზანები BY".
ფორუმი