ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 8 დემონსსტრანტის სასამართლო სხდომა დაიწყო.
„რამდენი მოწმე მოგიყვანიათ, ეტყობა სულ რომ გეჩხუბებით, მოვასწრებთ იმედია", - ამბობს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი.
დაიკითხება მთავარი გამომძიებელი, არსენ ღუნაშვილი, მის გარდა მოწმედ პროკურატურამ კიდევ ორი გამომძიებელი მოიყვანა: გიორგი ჯიქია და ნიკოლოზ ალხაზიშვილი
ასევე, გაგრძელდება გამომძიებელ ლევან ბასილაძის დაკითხვა(წინა სხდომაზე დაწყებული) და სავარაუდოა, რომ ზვიად ცეცხლაძის წინააღმდეგ უხმო ვიდეო მტკიცებულება ისევ მთავარი განხილვის თემა იქნება.
დღევანდელი სასამართლო სხდომა თურმე 11:00-ზე უნდა დაწყებულიყო. სასამართლოს საიტზე 12:00 იყო მითითებული, ასე გვქონდა ჩანიშნული ჟურნალისტებსაც.
მოსამართლე შენიშვნას აძლევს ორ ადვოკატს: გუჯა ავსაჯანიშვილს და შოთა თუთბერიძეს, რატომ დააგვიანეთო.
ადვოკატების თქმით, საიტზე შეამოწმეს და 12:00 ეწერა. თამარ მჭედლიშვილი პასუხობს, მე რასაც ვამბობ ის უფრო მნიშვნელოვანია თუ რაც სასამართლოს საიტზე წერიაო?
ადვოკატი პასუხობს, რომ „ეს ოფიციალური საიტია".
მოსამართლის თქმით, კოლეგიას შენიშვნას ვერ მისცემს, რადგან მათ უამრავი საქმე აქვთ და შესაძლოა შეცდომა გაიპარა. „ჩემთან გადაამოწმეთ ხოლმეო", - გასცემს რეკომენდაციას.
ამ დისკუსიის შემდეგ მოსამართლე ამბობს, რომ ადვოკატებს ამის შემდეგ ერთი წუთით დაგვიანებასაც კი არ აპატიებს. მან ადვოკატების განმარტებები სასამართლოს უპატივცემულობად აღიქვა.
საუბარში ერთვება ადვოკატი, არჩილ ჭავჭანიძე და აცხადებს, რომ „გაუგებრობა მოხდა, წმინდა წყლის"
„კი ბატონო, მაგრამ მაინც ერთსა და იმავე ადვოკატებს ველოდები ყოველ სხდომაზე და ამდენი საუბარი, რა საჭირო იყოო", - ამბობს მოსამართლე და ამატებს: საიტს მე გავაკონტროლებ და თუ დააგვიანებთ ზომებს მივიღებო.
სხდომათა დარბაზში გამოიძახეს გამომძიებელი ლევან ბასილაძე. მისი დაკითხვა წინა სხდომაზე დაიწყო, თუმცა ვერ მოესწრო დასრულება.
ფორუმი