საქმის მთავარი გამომძიებელი აქაც, ისევე, როგორც ჯგუფური ძალადობის მეორე საქმეზე [პარალელურ კლასს უწოდებენ ადვოკატები ხუმრობით] არსენ ხუნაშვილია. მისი დაკითხვა გუშინ დაიწყო იმ პროცესზე, სადაც 8 დემონსტრანტია ბრალდებული, თუმცა ვერ დასრულდა „უხმო ვიდეოსთან“ დაკავშირებული ინციდენტის გამო.
დღეს, მთავარი გამომძიებელი მოწმედ პროკურატურამ 11 დემონსტრანტის სხდომაზე მოიყვანა.
ბადრაგებმა შემოიყვანეს ბრალდებულები. ისინი დარბაზს თვალს ავლებენ და ნაცნობ სახეებს ეძებენ. ტრადიციული მისალმების შემდეგ ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფებთან კონსულტაციას გადიან.
მოსამართლე, ნინო გალუსტაშვილი აფრთხილებს დამსწრეებს წესრიგის დარღვევის შემთხვევაში, რა ზომებს შეიძლება მიმართოს.
განცხადებას აკეთებს მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე. მისი განცხადების თანახმად, ბრალდებულებს მიუვიდათ ინფორმაცია, რომ თუ ბოდიშს მოიხდიან და მიხეილ ყაველაშვილს შეწყალებით მიმართავენ, გაათავისუფლებენ.
ანდრო ჭიჭინაძის სიტყვა: მინდა გთხოვოთ დამასრულებინოთ[მიმართავს მოსამართლეს - რ.თ.], დიდი ხანი არ დამჭირდება და არ დავუბრუნდები ამ თემას. საბოლოო სიტყვამდე არაფრის თქმას აღარ ვაპირებ თუ რამე ისეთი არ მოხდა.
ისეთ პერიოდში ვცხოვრობთ, სადაც ინფორმაცია უფრო ძლიერი და მნიშვნელოვანი იარაღია, ვიდრე იარაღი და არ მსიამოვნებს ერთი და იგივეს ლაპარაკი, ამას ვუსვამ ხაზს, რაც დრო გადის სულ უფრო ხშირად მომდის ინფორმაცია და სურვილი, რომ მე თუ ბოდიშს მოვიხდი გამიშვებენ და ეს ეხებათ დანარჩენებსაც.
საკითხი ასე დგას - ძალიან რთულია კორექტული პასუხი მოვუძებნო, მაგრამ ვაი თქვენს პატრონს უბედურს ვინც ამას ითხოვს. ეს ბოდიში და შეწყალება შეუძლია შესთავაზონ იმ პოლიციელებს .... რუსთაველზე რომ დარბოდნენ.
ბრალდება არის მოგონილი იმიტომ, რომ ინდივიდუალურად ის ვიდეომტკიცებულებები აქვს წარმოდგენილი პროკურატურას, ინდივიდუალურად რომ გაგვერჩია, დანაშაული არ დგინდებოდა და მოიგონეს ჯგუფურობა და უფრო დიდ ჩიხში შეიყვანეს საკუთარი თავი. მე რომ ვინმე დამეზიანებინა, ამდენს არ ვილაპარაკებდი, იმასაც ვამბობ, რომ ვიდეოზე მე ვარ, არც სიტყვიერ შეურაცხყოფას უარვყოფ და არც იმ ქმედებას, რაც ჩანს. იქ ჩანს, რომ არავის ამ ქმედებით საფრთხე არ ექმნება.
მნიშვნელოვანი მგონია, რომ ნებისმიერი მიღებული ინფორმაცია თანამედროვე დროში გადავამოწმოთ, როგორც რელიგიას შეუძლია თავისუფლება მოგვანიჭოს და წაგვართვას, ასე შეუძლია ინფორმაციასაც....
აგრძელებს ონისე ცხადაძე: შეწყალების თხოვნას არ ვაპირებ, ეს არის ღირსების საკითხი, არ ვაპირებ მივწერო ადამიანს, რომელზე უკეთესი პრეზიდენტიც ვიქნებოდი მესამე კლასში და არც ვიცი წაიკითხავს თუ არა, არ ვაპირებ მივწერო ადამიანს, რომელიც ღირსების ორდენით აჯილდოებდა ადამიანებს, რომლებმაც მოქალაქეები ცემეს ქუჩებში და მეორე დღეს სპორტსმენებს აჯილდოებს.
შემდეგი ირაკლი ქერაშვილია: არ ვაპირებთ შეწყალებაზე მვმართოთ ე.წ. პრეზიდენტს და დღეს რაც არ უნდა გამაღიზიანებელი იყოს მოწმის საუბარი, მინდა, შეინარჩუნოთ სიმშვიდე, ვინაიდან ჩვენი აქ ყოფნის მიზეზი ხართ თქვენ და თქვენი ნახვა.
ახლა ლუკა ჯაბუას აქვს ხელთ მიკროფონი: ვუერთდები ანდროს, ვაი თქვენს პატრონს, მინდა დავამატო, რომ უდანაშაულო ადამიანებს არაფერი აქვთ მოსანანიებელი და ბოდიშის მოსახდელი
ჯანო არჩაია ეთანხმება და ამატებს: მინდა მივმართო ე.წ. მამაოებს, რომლებიც წვერებით დადიან, მინდა გაიხსენონ, ვის ემსახურებიან ღმერთს თუ სატანას, როცა მოუწოდებთ სულიერ შვილებს, დაფიქრდით თავად თქვენს შვილებს, როგორ უბრაგუნებდნენ და ციხეში ყრიან... ეს პოლიტიკას აღარ ეხება და ხმა ამოიღეთ... რაც შეეხება შეწყალებას, ჩვენ სამათხოვრო არავისი არაფერი გვჭირს, ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე.
შემდეგი გიორგი ტერიშვილია: ჩვენ შესაწყალებელი არაფერი გვჭირს, უდანაშაულოები ვზივართ, ბოდიშის მოხდას არ ვაპირებთ ბოდიში აქვთ აქვს მოსახდელი კობახიძეს და პროკურატურას და ყველა იმას, ვინც უდანაშაულოდ ჩაგვსვა ციხეში.
განცხადება არ გაუკეთებიათ დაკავებულებს: ვალერი თეთრაშვილს, რუსლან სივაკოვს და სერგეი კუხარჩუკს.
“2024 წლის 3 დეკემბერს, სამმართველოს უფროსისგან დამეწერა ოპერატიული პატაკი, რომელშიც მითითებული იყო 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები.”
გამომძიებლის თქმით, პატაკში ჩამოთვლილი იყო ბრალდებულის სახელები და მათ ბრალი ედებოდათ „ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა და ორგანიზებაში".
„4 დეკემბერს აღებული იქნა განჩინება, რომლის საფუძველზეც შსს - სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ყოფილიყო ის ვიდეოები, სადაც აღნიშნული იყო ის პირები, რომლებიც პატაკში იყო. ზემოაღნიშნული დეპარტამენტიდან გამოთხოვილი იყო ონისე ცხადაძის, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, ანდრო ჭიჭინაძის, გური მირცხულავას, სივაკოვის და თეთრაშვილის ვიდეო მასალები. მასალა განთავსებული იყო ფლეშ მეხსიერების ბარათზე, რომელიც გადმომეცა მე. ჩემი და დავით კიტიაშვილის მიერ დანიშნული იქნა ჰაბიოსკოპიური ექსპერტიზები. შემდეგ კი მივმართეთ სასამართლოს ზემოხსენებული პირების დაკავების შესახებ", - ამბობს გამომძიებელი და ამატებს, რომ მას შემდეგ, რაც ვინაობა დაადასტურა მათი დაკავების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა.
ფორუმი