პროკურატურამ ლუკა კურტანიძეს ბრალდება წარუდგინა ყოფილ ცოლზე ძალადობის, ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანებისა და დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტზე.
გამოძიებით დადგინდა, რომ "ბრალდებულმა დაარღვია სასამართლოს გადაწყვეტილებით გამოცემული დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, რომლითაც აკრძალული ჰქონდა ყოფილ მეუღლესთან მიახლოება, კომუნიკაცია და იმ ადგილთან და სახლთან მისვლა, სადაც მსხვერპლი იმყოფებოდა და დაზარალებულის კუთვნილ საცხოვრებელ სახლთან ორჯერ მივიდა, მათ შორის 25 ივლისს, ქობულეთში ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ყოფილ მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ავტომანქანა დაუზიანა".
პროკურატურა სასამართლოს აღკვეთის სახით პატიმრობის შუამდგომლობით მიმართავს. სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით წარდგენილი ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში, ლუკა კურტანიძეს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
მას ბრალდება წარედგინა:
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია);
- 11 პრიმა 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია);
- 11 პრიმა 381-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, ორი ეპიზოდი (ოჯახის წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა).
მოჭიდავე ლუკა კურტანიძე, ოლიმპიური თამაშების პრიზიორი, ყოფილი პარლამენტარი, ჭიდაობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი და შსს-ს აკადემიის ყოფილი პრორექტორი, ქობულეთში ყოფილ ცოლზე ძალადობის შემდეგ დააკავეს.
53 წლის ელდარ (ლუკა) კურტანიძე პოლიციამ მას შემდეგ დააკავა, რაც მისმა ყოფილმა ცოლმა, ხათუნა მიქაცაძემ, ძალადობის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გააზიარა.
კადრებში ჩანს, რომ პოლიცია ცდილობს შეაჩეროს ლუკა კურტანიძე, რომელიც ყოფილ ცოლს აგინებს, მისკენ მიიწევს, ქალი ძირს ვარდება, კურტანიძე ისევ აგრძელებს გინებას და კვლავ მასთან მისვლას ცდილობს. კაცის შეჩერებას პოლიციასთან ერთად იქ მყოფებიც ცდილობენ. კურტანიძე მათ ეწინააღმდეგება და ცდილობს ხელიდან დაუსხლტეს.
ლუკა კურტანიძე იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" (2015-2016 წლებში); საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი 2012-2014 წლებში; შსს-ს აკადემიის პრორექტორი 2013-2015 წლებში. 2002 და 2003 წლებში გახდა მსოფლიო ჩემპიონი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში. არის ოლიმპიური თამაშების ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის II და III ხარისხის ორდენებით.
ფორუმი