უწყების ცნობით, კულტურის ცენტრის დირექტორი აბრევიატურით ნ.ს. ლენტეხის მუნიციპალიტეტის სახელით ასრულებდა საჯარო ფუნქციებს, მას ექვემდებარებოდა კულტურის ცენტრი და მასთან არსებული ერთ-ერთი ანსამბლი.
„ბრალდებულმა დიდი ოდენობის ქრთამის აღების მიზნით საკონცერტო პროგრამითა და დარბაზის 10 დღით ქირავნობით დაინტერესებულ პირს ქრთამის სახით მოსთხოვა 20 ათასი ლარი.
დაკავებულის მოთხოვნით, 5 000 ლარი ოფიციალურად უნდა ჩარიცხულიყო ა(ა)იპ-ს ანგარიშზე, ხოლო 15 000 ლარი უნდა გადაეცათ მისთვის. დანაშაულებრივი განზრახვის შენიღბვის მიზნით, ნ.ს.-მ დაამზადა ორი ხელშეკრულება, ერთი ფართის ქირავნობის, ხოლო მეორე ფიქტიურად კონცერტის გამართვასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
მათივე ცნობით, ბრალდებული მოთხოვნილი თანხის, „7 ათასი ლარის აღების ფაქტზე დააკავეს".
ვინ არის ლენტეხის კულტურის ცენტრის დირექტორი?
საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, ააიპ „ჯოკიო მეშველიანის სახელობის კულტურის ცენტრის" დირექტორი ნათია სვანიძეა, რომელიც თანამდებობაზე ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის, გია ონიანის ბრძანების საფუძველზე 2025 წლის 24 თებერვალს დაინიშნა.
მას 6-თვიანი გამოსაცდელი ვადა ერთ თვეში ეწურებოდა. მანამდე ცენტრს მაყვალა გაზდელიანი ხელმძღვანელობდა. ის გარდაიცვალა.
დაკავებულ საჯარო მოხელეს ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ბოლო სამ დღეში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ორჯერ გაავრცელა ინფორმაცია საჯარო მოხელეების სავარაუდო კორუფციული ბრალდებით დაკავების შესახებ, მაგალითად;
- 24 ივლისს, ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი.
„ქრთამის სახით 300 ლარის აღების სანაცვლოდ, ერთ-ერთ მოქალაქეს დაუმზადა და გადასცა ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის ყალბი ცნობები", - განაცხადეს საგამოძიებო სამსახურში.
ფორუმი