სასამართლო სხდომაზე გაირკვა, რომ ლევან ბასილაძე ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, გია ბასილაძის შვილია. ბასილაძე „ქართული ოცნების“ რეგიონული თავმჯდომარეა და ამავდროულად ამ პარტიას წარმოადგენს ქუთაისის საკრებულოში - ამ პარტიის ლიდერები პატიმრობაში მყოფი დემონსტრანტების წინააღმდეგ უარყოფით შეფასებებს არ ერიდებიან.
ლევან ბასილაძის კავშირების დასადასტურებლად კითხვა სხდომაზე დასვა ბრალდებულ ირაკლი მიმინოშვილისა და გიორგი გორგაძის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ. პროკურატურამ კითხვის აცილება მოითხოვა.
„ეს მიუთითებს მის პოლიტიკურ მიკერძოებულობაზე, ის უნდა იყოს პოლიტიკურად მიუკერძოებელი, როგორც მოწმე და პოლიციელი. მისი ცინიზმი ბრალდებულების მიმართ და მისი მცდელობა, კითხვებს პასუხი არ გასცეს და ის თქვას, რასაც პროპაგანდა საუბრობს. ჩემთვის მნიშვნელოვანია დადგინდეს, არის ის მიკერძოებული მოწმე თუ ობიექტური...“ - ამბობდა შოთა თუთბერიძე, როცა მას სიტყვა მოსამართლემ შეაწყვეტინა.
მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა. მისი თქმით, „მისი ოჯახი ვინ არის და რას წარმოადგენს, შემხებლობა მოწმესთან არ აქვს“.
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის შვილი პროევროპულ აქციებზე ჯგუფური ძალადობის საქმეზე დაკავებული ორივე საქმის (11-პირიანი და 8-პირიანი) მნიშვნელოვანი მოწმეა. მისი ჩვენების თანახმად, მან დაათვალიერა ვასილ კაძელაშვილისა და ვეფხია კასრაძის წინააღმდეგ არსებული ვიდეომასალა, დანიშნა ვინაობის დასადგენად საჭირო ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა.
მანვე დაათვალიერა ზვიად ცეცხლაძისა და თორნიკე გოშაძის წინააღმდეგ საქმეში არსებული ვიდეოებიც. ამ შემთხვევაშიც დანიშნა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა. დამატებით, გაჩხრიკა თორნიკე გოშაძის ბინა და გამოჰკითხა ის.
ლევან ბასილაძეს არ დაუნიშნავს ექსპერტიზა საქმის მთავარ მტკიცებულებებზე მანიპულაციის დასადგენად ან გამოსარიცხად - მისი თქმით, ეს საჭიროდ არ ჩაუთვლია და ამ საკითხის დაზუსტება არც გამოძიების ინტერესი არ გამხდარა.
ფორუმი