აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში სტივენ უიტკოფი ღაზაში ჩავიდა. ეს აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური პირის პირველი ვიზიტია ღაზაში ომის დაწყების შემდეგ.
პარასკევს მან დაათვალიერა აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი ჰუმანიტარული დახმარების პუნქტი. გაეროს თანახმად, ჰუმანიტარული დახმარების ეს პროგრამა ნაწილობრივ პასუხისმგებელია ანკლავში არსებულ სასიკვდილო პირობებზე.
გაეროს განცხადებით მაისიდან, მას შემდეგ, რაც ღაზის რეგიონში ღაზის ჰუმანიტარულმა ფონდმა დაიწყო ფუნქციონირება, დახმარების მიღების მცდელობისას დაიღუპა 1000-ზე მეტი ადამიანი, უმეტესობა დახმარების ცენტრებთან განთავსებული ისრაელის ძალების მიერ სროლის შედეგად.
გაერომ უარი თქვა ფონდთან თანამშრომლობაზე, რომელიც, მისი თქმით, დახმარებას საშიში გზებით ანაწილებს და არღვევს ჰუმანიტარული ნეიტრალიტეტის პრინციპებს, რაც ხელს უწყობს მთელ ტერიტორიაზე შიმშილის კრიზისის გაღრმავებას. ღაზის ჰუმანიტარული ფონდი კი აცხადებს, რომ მის განაწილების პუნქტებში არავინ დაღუპულა და ის დახმარების მიწოდებას გაეროზე უკეთესად ახერხებს.
აშშ-ის ელჩმა ისრაელში, მაიკ ჰაკაბიმ, რომელიც პარასკევს უიტკოფთან ერთად ღაზაში იმყოფებოდა, X-ზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც მშიერი ღაზელები მავთულხლართებს მიღმა არიან გამოსახულნი, იქვე კი გაკრულია ფონდის პლაკატი, რომელზეც ამერიკის დროშაა გამოსახული წარწერით: „მიწოდებულია 100 000 000 კერძი“.
ფორუმი