ინდოეთი გააგრძელებს რუსეთისგან ნავთობის შესყიდვას, მიუხედავად აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მუქარისა ჯარიმების შესახებ - ამ ცნობას ავრცელებს სააგენტო Reuters-ი ინდოეთის მთავრობის ორ, ანონიმურად დატოვებულ წყაროზე დაყრდნობით.
"ეს გრძელვადიანი კონტრაქტებია... არ არის ადვილი შესყიდვის ერთ დღეში შეწყვეტა" - უთხრა სააგენტოს ერთ-ერთმა წყარომ.
ტრამპმა გასულ თვეში თავისი სოციალური ქსელით, Truth Social-ით დაწერა, რომ ინდოეთს დამატებითი სანქციები დაუწესდება რუსეთის იარაღის და ნავთობის შესყიდვისთვის. 1 აგვისტოს ტრამპმა ჟურნალისტებს აცნობა, როგორც მითხრეს, ინდოეთი აღარ შეისყიდის ნავთობს რუსეთისგანო.
გამოცემა The New York Times-ი შაბათს ავრცელებს ინდოეთის ორი, ასევე ანონიმურად დატოვებული ოფიციალური პირის სიტყვებს - რომ ინდოეთის მთავრობის პოლიტიკა უცვლელი რჩება. ერთ-ერთი წყარო გამოცემას ეუბნება, რომ მთავრობას "ნავთობის კომპანიებისთვის არანაირი დავალება არ მიუცია" რუსეთისგან იმპორტის შესამცირებლად.
მიმდინარე კვირაში Reuters-ი იუწყებოდა, რომ ინდოეთის სახელმწიფო კომპანიებმა შეწყვიტეს რუსეთის ნავთობის შესყიდვა - მას მერე, რაც ივნისში ფასდაკლებები შემცირდა.
Reuters-ი წერს, რომ ვაშინგტონში თეთრ სახლს ჯერჯერობით პასუხი არ გაუცია კომენტარის შესახებ თხოვნაზე.
ივლისის ბოლოს ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ კრემლს ათდღიანი ვადა დაუწესა უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად - ნაცვლად 50 დღისა, რომელზეც ტრამპი მანამდე ლაპარაკობდა. აშშ კვლავ მოითხოვს ზავს, კიევი მიანიშნებს, რომ მზადაა ცეცხლის შესაწყვეტად წინასწარი პირობების გარეშე. მოსკოვი ამ წინადადებას არ თანხმდება.
ინდოეთისთვის რუსეთი ნავთობის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია - მასზე მოდის ამ ქვეყნის იმპორტის დაახლოებით 35 პროცენტი. Reuters-ის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვრიდან ივნისამდე პერიოდში ინდოეთს მიეწოდებოდა 1.75 მილიონ ბარელამდე რუსული ნავთობი დღეში - რაც 1 პროცენტით მეტია შარშანდელ მონაცემთან შედარებით.
ფორუმი