Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ენცოს“ ჯოხაძე-მიქაძეების საქმეზე დაუსწრებლად შეუფარდეს პატიმრობა - ჯანგველაძის მკვლელობის საქმის გაგრძელება


გარეკანის ფოტოზე: გიორგი ჯოხაძე და დავით მიქაძე
გარეკანის ფოტოზე: გიორგი ჯოხაძე და დავით მიქაძე

მას შემდეგ, რაც გუშინ პროკურატურამ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის გამო 34 ადამიანი დააკავა, დღეს, 6 ნოემბერს ამ საქმეზე პასუხისგებაში მიცემული 7 ადამიანის, ასევე დავით მიქაძისა და მისი დაცვის უფროსის სასამართლო პროცესი გაიმართა.

„ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებულ „ომში“ ეს ორი მხარე ერთმანეთთან დაპირისპირებულ ბანაკებს წარმოადგენს.

შვიდი ბრალდებულიდან სამს პატიმრობა შეუფარდეს (ერთი ისედაც პატიმრობაში იყო), ერთს - გირაო, სამზე კი ძებნა გამოაცხადეს. ძებნილთა შორის არიან „კანონიერი ქურდი“ „ენცო“, ასევე ნოდარ ნიშნიანიძე.

ცალკე წარმოებულ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, მორიგ ჯერზე დაუსწრებლად შეუფარდეს პატიმრობა დავით მიქაძეს, ხოლო მისი დაცვის უფროსს - „წინასწარი პატიმრობა“.

მოკლედ - საქმის გარემოებები

  • 2025 წლის 14 მარტს თბილისში, ვაკეში მოკლეს ლევან ჯანგველაძე, - „კანონიერი ქურდის“, მერაბ ჯანგველაძის, იგივე „მერაბ სოხუმსკის“ ძმა; ეს ბოლო წლების ყველაზე გახმაურებული მკვლელობაა, რაც პოსტსაბჭოთა კრიმინალურ სუბკულტურას უკავშირედება;
  • ჯანგველაძის მკვლელობის ბრალდებით 24 ოქტომბერს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს ყოფილ სპეცრაზმელ გელა უძილაურს, - გიორგი ჯოხაძის ყოფილ პირად მცველს; ის მკვლელობას აღიარებს, თუმცა შეკვეთას და მკვლელობის განზრახვას - არა;
  • აპრილში მკვლელობის იარაღის „გასაღების“ (რაც აუცილებლად მიყიდვას არ გულისხმობს) ბრალდებით დააკავეს სანდრო (ჯანო) წივწივაძე;
  • ხუთი თვის შემდეგ, აგვისტოში მკვლელობის ორგანიზების ბრალი წაუყენეს ძმებ დავით (დათუნა) და გიორგი მიქაძეებსა და გიორგი ჯოხაძეს; გიორგი მიქაძე დააკავეს, დანარჩენ ორზე კი ძებნა გამოაცხადეს - ისინი საზღვარგარეთ არიან;
  • ამავე დროს დააკავეს ჯოხაძის ნათესავი მამუკა ბაღდავაძე (დანაშაულის შეუტყობინობლობის ბრალდებით) და გიორგი კაჭკაჭაშვილი, რომელსაც გამოძიების მასალებით უწოდებენ ჯოხაძე-მიქაძეების „დაჯგუფების წევრს“ - იარაღთან დაკავშირებული ბრალდებით;
  • მოგვიანებით, მიქაძის დაცვის ერთ-ერთ წევრს, ლაშა მაისურაძეს ბრალი წაუყენეს ჯანო წივწივაძის ყოფილი ადვოკატისადმი „მუქარის“ გამო და დააკავეს; მიქაძეს ამავე საქმეზე ბრალი დაუმატეს;
  • სულ ბოლოს, 5 ნოემბერს, ჯანგველაძის მკვლელობისგან განყენებულ საქმეზე ბრალი წარუდგინეს დავით მიქაძის დაცვის უფროსს, დავიჩ ჩუბინიძეს - ის დაკავებულია და 6 ნოემბერს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს; მიქაძე კვლავ მიმალვაშია.
  • მკვლელობის შესაძლო დამკვეთად ჯანგველაძის ოჯახი ასახელებს ყოფილ გენ.პროკურორ ოთარ ფარცხალაძესა და „დედ ჰასანის“ შვილიშვილს, ირაკლი უსოიანს, თუმცა ბრალი არავისთვის წაყენებულა. გამოძიება და ჯოხაძე-მიქაძეების საქმის განხილვა გრძელდება.
  • მკვლელობის შემდეგ შეიცვალა სახელმწიფო სტრუქტურების არაერთი ხელმძღვანელი, მათ შორის სუს-ის, პროკურატურის, შსს-ისა და „ფინანსური პოლიციის“ ხელმძღვანელი პირები.
  • მოვლენათა ჯაჭვში ჯერჯერობით ბოლო ეპიზოდია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ „კანონიერი ქურდების“ დაპირისპირებული მხარეების წარმომადგენლებისადმი სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება 5 ნოემბერს.

რა ხდება ახლა?

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის 5 ნოემბრის ბრიფინგის თანახმად, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი ადამიანების დასაკავებლად ჩატარებული სპეცოპერაციების ფარგლებში დააკავეს 34 ადამიანი.

ერთი მათგანი („ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ლაგოდეხის საკრებულოში), მირზა ალიევი, ლიკვიდირებულია, ერთი სპეცრაზმელი კი - დაჭრილი.

ხუთშაბათს, 6 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩატარდა სხდომა ცალკე გამოყოფილი 7 ადამიანის საერთო საქმეზე.

პროკურორმა ვაჟა თოდუამ განაცხადა, რომ „კანონიერი ქურდის“ ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის შემდეგ „ქურდულ სამყაროში“ მიიღეს გადაწყვეტილება მკვლელობაში მონაწილე პირების მიმართ ანგარიშსწორების შესახებ.

ეს აცნობეს „ქურდული სამყაროს“ წევრებს და მათ მხარდამჭერებს, - მათ შორის პატიმრობაში მყოფ პირებს, - რომლებსაც დაევალათ მისი აღსრულება.

პროკურორის განცხადებით, მას შემდეგ, რაც გიორგი მიქაძე მოათავსეს რუსთავის ციხეში, „კანონიერი ქურდები“ დაუკავშირდნენ „ქურდული სამყაროს” წევრებს და დაავალეს მიქაძეზე სადამსჯელო ოპერაციის განხორციელება, შესაბამისი დავალება კი კაკო ტუღუშმა („ენცომ“) გასცა.

ამას წინ უძღოდა 5 ნოემბერს შსს-ის მიერ სატელეფონო საუბრების დაახლოებით 12-წუთიანი ჩანაწერის გავრცელება, - რაც შეიცავს არაერთ ადამიანს შორის სხვადასხვა დროს გამართულ სხვადასხვა საუბარს.

სასამართლოში 6 ნოემბერს 7 ადამიანის საქმე განიხილებოდა. ესენი არიან:

  • „კანონიერი ქურდი“ კაკო ტუღუში, იგივე „ენცო“ - მასზე ძებნაა გამოცხადებული;
  • ლევან მოისწრაფიშვილი, იგივე „კვერცხა“ - პატიმრობაშია 2025 წლის მარტიდან და ბრალად ედება „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა;
  • ბადრი „ბადუკა“ ნათობაძე - გიორგი ჯოხაძის ძმის, სოსო ჯოხაძის მკვლელობისთვის მსჯავრდებული, რომელსაც 19 წელი აქვს მისჯილი; ის უარყოფს „ენცოსთან“ რაიმე დირექტივის მიღებას;
  • ნოდარ ნიშნიანიძე - მასაც ეძებენ. მედიაში კრიმინალური სამყაროს წევრად ცნობილი ნიშნიანიძე ფეხბურთელ ვაკო ყაზაიშვილის სიძეა, რომელსაც დაუსწრებლად აქვს პატიმრობა მისჯილი ნაკრების წევრის მიმართ მუქარის ბრალდებით;
  • თამაზ მეფარიშვილი (თაზო) - მასზეც ძებნა გამოაცხადეს;
  • გიორგი კირთაძე;
  • ნანა ნეფარიშვილი.

კირთაძე და ნეფარიშვილი

შსს-ის ჩანაწერების თანახმად:

  • ერთ ეპიზოდში რუსთავის ციხეში მყოფი „კვერცხა“ - ლევან მოისწრაფიშვილი - უკავშირდება „კანონიერ ქურდ“ კაკო ტუღუშს, იგივე „ენცოს“;
  • მოისწრაფიშვილს „ენცოსთან“ დაკავშირებაში ეხმარება გიორგი კირთაძე:
  • „თაზოსთან [საუბარია თამაზ მეფარიშვილზე] გადარეკე შენი ძმაკაცის ტელეფონით, შენ ტელეფონზე დავრეკავ, რომ „ლაუდსპიკერით“ დამალაპარაკო“, - ეუბნება „ენცო“ მას. კირთაძე ასეც იქცევა.

დღეს სასამართლოზე „კვერცხამ“ და „ბადუკამ“ განაცხადეს, რომ გიორგი კირთაძე არაფერ შუაშია „ქურდულ სამყაროსთან“ და გამოძიებას მის წინააღმდეგ საქმისწარმოების შეწყვეტისკენ მოუწოდეს.

იგივე პოზიცია ჰქონდათ მათ მოქალაქე ნანა ნეფარიშვილზე.

ნეფარიშვილიც, კირთაძის მსგავსად, „დამკავშირებლის“ როლში ფიგურირებს ჩანაწერებში.

კერძოდ, იგი „კვერცხას“ ეუბნება, რომ „თაზოს“ [თამაზ მეფარიშვილს] უნდოდა მასთან საუბარი და „ნოდარასთან“ - სავარაუდოდ, ნოდარ ნიშნიანიძესთან - „შეერთება“.

მოსამართლე ნანა შამათავამ კირთაძეს პატიმრობა, ნეფარიშვილს კი 3000-ლარიანი გირაო შეუფარდა. პროცესი გრძელდება - ისინი კვლავ ბრალდებულები არიან.

„ენცო“, „კვერცხა“, „ბადუკა“ და „თაზო“

შსს-ის ჩანაწერების თანახმად, ერთ-ერთი სატელეფონო საუბრისას „კანონიერი ქურდი“ „ენცო“ „კვერცხას“ ეუბნება, რომ „დიდი მიქაძე, პატარა მიქაძე და ჯოხაძე არიან ბოზ*ები“, რომ ციხეში უნდა გაიგონ, რომ მათ მხარი არ უნდა დაუჭირონ. ამ საუბარში „კვერცხა“ ბადრი ნათობაძესაც ახსენებს.

„ამგენს ვინც გვერდში დაუდგება, იგიც მაგნაირი ბო*ი იქნება“... „მთავარია, „პა ხატუ“ გაატარე ქურდების სახელით „პრაგონი“ [ერთგვარი გზავნილი]. ხაზი გაუსვი, ვინც მაგენის გვერდში დადგება, იგენიც ავტომატურად ბოზ**ი არიან“, - იმეორებს „ენცო“.

„კვერცხა“ პასუხობს, რომ მას და ბადუკა ნათობაძეს „ვიღაცები“ აგინებდნენ, რაზეც „ენცო“ ეუბნება, რომ ეს ინფორმაცია იცის და სწორედ ამაზე აქვს რეაგირება.

რაც შეეხება თამაზ მოისწრაფიშვილს - ის ფიგურირებს ვინმე „აკოსთან“ საუბარში, სადაც განიხილავენ ქსნის ციხეში მომხდარს. თაზო მოისწრაფიშვილი „აკოს“ უამბობს, რომ:

  • ქსნის ციხეში მიიყვანეს ვინმე „რუსლანა“, რომელიც არის „იტალიელის“ ძმაკაცი;
  • „იტალიელის“ ვინაობას მოსაუბრეები ჩანაწერის ამ ეპიზოდში, რაც გასაჯაროვდა, არ ასახელებენ [მედიაში გავრცელებული ცნობებით, იტალიაში ცხოვრობს მერაბ ჯანგველაძე];
  • „ამას [„რუსლანას] უთქვია მაგათზე [სავარაუდოდ, მიქაძეებზე], ეგენი ბო**ბი არიანო. იქ „სიმონ“ დაუწყაით პირიქით. მერე ამან დამირეკა, ვინმე თქვენიანი მაქ თუაო, სასწრაფოდ დამირეკოსო, მაგ ბიჭს იქ ხელი არ მოხვდესო, თორე ყველას იმენა დედას მოვუ**ვთო“...

ეს ჩანაწერები აირეკლავ ჯოხაძე-მიქაძეების მოწინააღმდეგეებსა და მომხრეებს შორის მიმდინარე მწვავე დაპირისპირებას.

„ეს არაფერ შუაშია“ - ნათენაძე

ბადრი ნათენაძემ ხუთშაბათს სასამართლოში განაცხადა, რომ მიქაძეებსა და ჯოხაძეს მართლაც აგინებდა ციხეში, თუმცა ეს ვისიმე დავალებით არ გაუკეთებია.

„მე გიორგი მიქაძეს, მაგის ძმას და გიორგი ჯოხაძეს ვაგინე… 19 წელია ვზივარ გიორგი ჯოხაძის ძმის მკვლელობაზე და ორი დღე ტელევიზორში ვისმენ, რომ ფსიქოლოგიურად ვავიწროებ [გიორგი მიქაძეს]“, - თქვა მან.

„მაგის ძმას შევაგინე. ჩემი და მაგათი ურთიერთობები არაფერ შუაშია აქ, თუ გინებაზე უნდა მომცეთ წელი, მომეცით, დაარტყით ეგ ჩაქუჩი და მოვრჩეთ, რა“, - მიმართა მან მოსამართლეს.

„აქედან რომ წავალ ციხეში, რა, არ შევაგინებ? 34 კაცია დაკავებული, მერე ტელევიზორში ტიტრები მიდის „ომი დაიწყო კრიმინალურ სამყაროშიო“. არადა, არაფერ შუაშია ეს. ვართ 4 კაცი, მათ შორის ვარ მე, რომელიც ვზივარ სოსო ჯოხაძის მკვლელობაზე. სხვა დანარჩენებს კი არაფერთან შეხება არ აქვთ. მინდა, მართლა გაირკვეს ყველაფერი“, - IPN-ის ცნობით, განაცხადა ბადრი ნათობაძემ სხდომაზე.

  • გიორგი მიქაძე რუსთავის ციხეში იმყოფება, სადაც მას პატიმრების ნაწილი „შუმოკს“ უწყობს - აგინებს, შეურაცხყოფას აყენებს მას და სავარაუდოდ, მასთან დაკავშირებულ პირებს, მათ შორის ოთარ ფარცხალაძეს;
  • ამავე ციხეში მსჯავრს იხდის ბადრი (ბადუკა) ნათობაძე - მიქაძეების მეგობრის, გიორგი ჯოხაძის ძმის, კრიმინალური ავტორიტეტის, სოსო ჯოხაძის მკვლელობის ბრალდებით;
  • გიორგი ჯოხაძეც - რომელიც ძებნილია - ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაშია ბრალდებული;
  • ძმებ ჯოხაძეებსა და ნათობაძეს წარსულში დაპირისპირება ჰქონდათ.
  • სოსო ჯოხაძე „ბადუკა“ ნათობაძემ 2016 წელს ავტომობილში ჩაცხრილა, რისთვისაც 19-წლიან სასჯელს იხდის.

ნოდარ ნიშნიაძის ეპიზოდი

შსს-ის გავრცელებული ჩანაწერების თანახმად, „კვერცხა“ ასევე ურეკავს ნოდარ ნიშნიანიძეს და ეუბნება:

  • „ნოდო, რაც ჩააგდე, ყველაფერი მოვისმინე, ძმაო. ოდიშარიასაც ავძახე, იტალიელმა გახსენა-მეთქი, რომ იცოდე-მეთქი და დანარჩენი, აგერ ველოდებით-მეთქი, მაინტერესებს, რას იზამ-მეთქი“.
  • „ბოლომდე „დავუბაითეთ“, ძმაო, გაუტარეთ ყველგან „პრაგონები“, რომ ბოზ**ი არიან“, - პასუხობს ნიშნიანიძე.

ნიშნიანიძე ასევე ამბობს, რომ „ვოისი“, რაც ბადუკა ნათობაძემ მას ჩაუგდო, გაუგზავნა „დიდ ძმებს იტალიაში“:

„მე, კაროჩე, პირველი ვოისი რაც ჩამიწერა ბადუკამ, ორწუთ-ნახევრიანი, პირდაპირ გადავუგდე დიდ ძმებს იტალიაში, ხო ხვდები. ეგრევე გადავუგდე, მეთქი, ეგრევე ტრ**ში ჩააგდეს-მეთქი, მაგრა გაუსწორდა, გაიგე? ეგრევე გადმომირეკა“.

ერთ-ერთ სხვა ჩანაწერში ორი სხვა ადამიანი - ვინმე მ.ჯ. და თ.ო. - საუბრისას ამბობენ, რომ „ტარიელა და ჯანგველაძე ერთად არიან ახლა“ - სავარაუდოდ, იგულისხმებიან „კანონიერი ქურდები“, ტარიელ ონიანი და მერაბ ჯანგველაძე.

მერაბ ჯანგველაძე (მარცხნივ) და ტარიელ ონიანი
მერაბ ჯანგველაძე (მარცხნივ) და ტარიელ ონიანი

კიდევ უფრო ადრე, - აგვისტოს ბოლოს, - სოციალურ ქსელებში გავრცელდა აუდიოჩანაწერი, - სავარაუდოდ, „ვოისი“, - რომელშიც, სავარაუდოდ, ბადრი ნათობაძე მიმართავს „ნოდოს“ - სავარაუდოდ, ნოდარ ნიშნიანიძეს და უყვება, როგორ აგინებს [შორიდან, თავისი საკნიდან] საპატიმროში ახლადგადმოყვანილ გიორგი მიქაძეს, რომელიც პასუხად არაფერს ამბობს.

პატიმრობა მიქაძის დაცვის უფროსსაც

შსს-ის მიერ 5 ნოემბერს გავრცელებული ინფორმაცია და აღძრული სისხლის სამართლის საქმე ეხება სავარაუდო დაპირისპირებაში მყოფ როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს - როგორც ჯანგველაძის საქმეზე „ორგანიზებაში“ ბრალდებულ დავით მიქაძეს, ისე - მისი, მისი ძმისა და გიორგი ჯოხაძის რეპუტაციის წინააღმდეგ მოქმედ პირებს.

დავით მიქაძისათვის ახალი ბრალდების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ იმავე ბრიფინგზე გაავრცელა, სადაც ისაუბრა „ქურდული სამყაროს“ წევრების დაკავების შესახებ.

ეს დავით მიქაძისათვის მესამე ბრალდებაა. მიქაძეს სამივე ბრალდება დაუსწრებლად წაუყენეს, დავით ჩუბინიძე კი დააკავეს. დღეს, 6 ნოემბერს ჩუბინიძესაც „წინასწარი პატიმრობა“ შეუფარდეს.

დავით მიქაძე ტვ ფორმულასთან ინტერვიუში
დავით მიქაძე ტვ ფორმულასთან ინტერვიუში

შსს-ისა და პროკურატურის გავრცელებული ცნობებიდან იკვეთება, რომ ამჯერად ბრალდება ჯანგველაძის საქმეს არ უკავშირდება.

გამოძიების ვერსია ასეთია:

  • 2021 წლის დასაწყისში დავით მიქაძემ და მისი დაცვის უფროსმა, დავით ჩუბინიძემ - იცოდნენ რა, რომ დაზარალებული, ვინმე ვახტანგ კობიაშვილი, საცხოვრებელ სახლში ცეცხლსასროლ იარაღებს ინახავდა, მათი „მართლსაწინააღმდეგო დაუფლება განიზრახეს“;
  • ამ მიზნით დავით ჩუბინიძემ - დავით მიქაძესთან შეთანხმებით - აიძულა ვახტანგ კობიაშვილი, მისთვის იმ სახლის გასაღები გადაეცა, სადაც იარაღებს ინახავდა, შემდეგ კი მიემართა პოლიციისთვის და განეცხადებინა, რომ იარაღები თითქოსდა დაუდგენელმა პირმა მოიპარა;
  • შედეგად, მიქაძე და ჩუბინიძე „მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ“ კობიაშვილის კუთვნილ ცეცხლსასროლ იარაღებს: GLOCK – 42-ის; SIG-SAUER - P-320 COMPACT MEDIUM-ის; DANIEL DEFENSE - DDM4 PDW-ის; NAA - 22 LLR-ის და BARNOW – CORECCO მოდელის ცეცხლსასროლ იარაღებს;
  • ამის შემდეგ მიქაძე და ჩუბინიძე შეხვდნენ კობიაშვილს, დაინტერესდნენ პოლიციისთვის მიწოდებული ინფორმაციის შინაარსით და „კიდევ ერთხელ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ იმ შემთხვევაში, თუ მათი მხრიდან იარაღების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტს პოლიციას შეატყობინებდა“;
  • გამოძიება ასევე ამბობს, რომ მიქაძემ და ჩუბინიძემ ამ იარაღებიდან ერთ-ერთი, GLOCK - 42 მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი, ვინმე „დავით ღოღელიანზე გაასაღეს“;
  • ეს იარაღი, გამოძიების თანახმად, ამოღებულია ღოღელიანის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად.
  • დავით ღოღელიანი დაუკავებიათ 19 სექტემბერს - ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვის ბრალდებით; ისიც წინასწარ პატიმრობაშია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG