გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი შენგელიამ მიიღო.
მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 7 ივლისს, მაშინ დააჯარიმა, როდესაც ის პროევროპული აქციების მონაწილის, ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებული ექიმის, გიორგი ახობაძის სასამართლო სხდომას ესწრებოდა.
რომეო ტყეშელაშვილმა ჯარიმა ნინო თარხნიშვილს „სასამართლოს მიმართ უპატივცემულობისთვის“ დააკისრა. ის ამბობდა, რომ მას შემდეგ, რაც მოსამართლე დარბაზში შევიდა და დარბაზში მყოფნი, მათ შორის ჟურნალისტები, ფეხზე წამოდგნენ, რადიო თავისუფლების ჟურნალისტი სკამზე სასამართლოს ნებართვის გარეშე, დროზე ადრე დაჯდა.
სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თავის განჩინებაში წერს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომის ვიდეოჩანაწერით დგინდება, რომ ნინო თარხნიშვილი შესვენებიდან დაბრუნებულ სასამართლოს, სხდომის მდივნის მოწოდებისთანავე, ფეხზე წამოუდგა:
„თბილისის სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნინო თარხნიშვილის მიზანი არ იყო სასამართლოს უპატივცემულობა, ხოლო ის ფაქტი, რომ სასამართლო სხდომის დარბაზში დამსწრე პირი, ნინო თარხნიშვილი შესვენებიდან დაბრუნებულ სასამართლოს, სხდომის მდივნის მოწოდებისთანავე ფეხზე წამოუდგა, მაგრამ სასამართლოს ნებართვის გარეშე დაჯდა, სასამართლოს მიმართ უპატივცემულობად და სხდომის თავმჯდომარის განკარგულების დაუმორჩილებლობად მიჩნევის საკმარის საფუძვლად ვერ ჩაითვლება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის 2025 წლის 7 ივლისის განკარგულება 200 ლარით დაჯარიმების შესახებ უნდა გაუქმდეს“, - წერია მოსამართლე ირაკლი შენგელიას განჩინებაში, რომელიც 31 ივლისსაა გამოცემული.
რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილის მიერ დაკისრებული ჯარიმა სააპელაციო სასამართლოში 8 ივლისს გაასაჩივრა. ის თვლიდა, რომ მოსამართლის განკარგულება უკანონო და დაუსაბუთებელი იყო.
ირაკლი შენგელიას, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2023 წლის აპრილში დაუწესა სანქციები „სასამართლო კლანის“ წევრებად მიჩნეულ სხვა მოსამართლეებთან, მიხეილ ჩინჩალაძესთან, ლევან მურუსიძესა და ვალერიან ცერცვაძესთან ერთად. მათ სავიზო სანქციები შეეხოთ.
ის თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2021 წლიდან მუშაობს. მისი მოსამართლეობის კარიერა წინა ხელისუფლების დროს იწყება.
რომეო ტყეშელაშვილი 15 წელია სასამართლო სისტემაში მუშაობს. თბილისის საქალაქო სასამართლოში პირველად იგი თითქმის 20 წლის წინ, სტაჟიორად მივიდა.
რომეო ტყეშელაშვილის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი პირველად 2022 წელს გაჩნდა.
მაშინ მან უარი თქვა აშშ-ის საელჩოს სასწავლო პროგრამაში მონაწილეობაზე. მისი თქმით, მან და კიდევ ოთხმა მოსამართლემ (ხათუნა ხარჩილავა, ნინო ნაჭყებია, მაია ქოქიაშვილი და გიზო უბილავა) ასე გააპროტესტეს სპეციალური სასწავლო პროგრამიდან ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის მოხსნა.
რომეო ტყეშელაშვილმა კოლეგები დაიცვა მაშინაც, როცა 2023 წლის აპრილში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ქართველ მოსამართლეებს დაუწესა სანქციები - მან ფეისბუკზე ამ გადაწყვეტილებას “მორიგი ცრუ ბრალდებები” უწოდა.
ფორუმი