Amnesty-ს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულების დირექტორის მოადგილე დენის კრივოშეევი აცხადებს:
„მზია ამაღლობელი პოლიციის მხრიდან არაერთი შეურაცხყოფის მსხვერპლი გახდა: მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, შეაფურთხეს, დააზიანეს და შემდეგ სამედიცინო დახმარებაზე უარი უთხრეს. ეს პოლიციის თანამშრომლებმა სასამართლო პროცესზე აღიარეს, და ამის მიუხედავად, დაუსჯელობამ გაიმარჯვა“.
„[სასამართლო] პროცესი სავსე იყო პროცედურული დარღვევებითა და მიკერძოებით, ხოლო სასამართლომ უარი თქვა დაცვის მხარის არგუმენტების დიდი ნაწილის დაკმაყოფილებაზე და პოლიციის თანამშრომლების მიერ არასათანადო მოპყრობის შესახებ სანდო ბრალდებების გამოძიებაზე“, - აცხადებს ის.
„მზია ამაღლობელმა უნდა მიიღოს სამართლიანი სასამართლო პროცესი და მის მიერ განცდილი ძალადობა ასევე დამოუკიდებლად უნდა იქნას გამოძიებული და სამართლიანობის უზრუნველსაყოფად გამოსწორებული“, - განაცხადა დენის კრივოშეევმა.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ განაჩენს ერთობლივად გმობენ 24 ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობები და მას „არაპროპორციულსა და პოლიტიზებულს“ უწოდებენ.
ისინი მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს ბრალდება, - „პოლიციელზე თავდასხმა“, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა, გადაუკვალიფიცირა შედარებით მსუბუქი მუხლით, „საზოგადოებრივი წესრიგის დამცველზე“ ძალადობით და მას ორი წლით პატიმრობა მიუსაჯა.
ამ გადაწყვეტილებას მზია ამაღლობელის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
მისი ადვოკატი მაია მწარიაშვილი აცხადებს, რომ ეს მუხლიც „ისეთივე აბსურდია, როგორც ის მუხლი, რომლითაც მიმდინარეობდა გამოძიება“.
მაია მწარიაშვილის თქმით, ამ გადაწყვეტილებით სისტემა „თავის გადარჩენას“ შეეცადა:
„ვერც პოლიციელზე თავდასხმა დაამტკიცა და ვერც ის დაამტკიცა, რომელი მუხლითაც გადაკვალიფიცირდა ეს ბრალი. სამართლებრივად ერთი და იგივეა, ერთნაირად უკანონოა, გინდ 2 წელი იყოს და გინდ 4 წელი. ამ წუთას სისტემამ იმუშავა საკუთარი თავის გადარჩენაზე“, - თქვა მან.
ფორუმი