Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ახობაძე უდანაშაულოდ ცნეს - ის დარბაზიდან გათავისუფლდა


გიორგი ახობაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
გიორგი ახობაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

პროევროპული აქციიების მონაწილე, ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმი გიორგი ახობაძე მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა უდანაშაულოდ ცნო. ის დარბაზიდან გაათავისუფლეს.

მოსამართლემ განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება „მტკიცებულებათა არასაკმარისი რაოდენობის“ გამო გამოიტანა.

გიორგი ახობაძეს გულშემატკივრები სასამართლოს ფოიესა და ეზოში შეძახილებით შეხვდნენ. მან მადლობა გადაუხადა მედიასაშუალებებს, რომლებიც მის სასამართლო სხდომებს აშუქებდნენ.

"ბრძოლა ბოლომდე!" - შესძახა სასამართლოდან გამოსულმა გიორგი ახობაძემ.

ექიმი გიორგი ახობაძე გასული წლის 7 დეკემბერს დააკავეს, როცა ის დედაქალაქის ცენტრში, რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციიდან სახლში ბრუნდებოდა.

პროკურატურა აცხადებდა, რომ ის ნარკოტიკულ საშუალებას ფლობდა. წაყენებული ბრალით, მას 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებოდა.

გიორგი ახობაძე ბრალს არ აღიარებდა და ამბობდა, რომ ნარკოტიკული საშუალებები ჩაუდეს.

„აუცილებლად მინდა ვისაუბრო მოტივზე, რის გამოც აქ ვართ შეკრებილები და რის გამოც ციხეში ჩამსვეს - თუ ერთი წინადადებით აღვწერთ, ეს საქმე არის „რუსული რეჟიმის“ მსახური, მხდალი, შეშინებული ადამიანების რევანშია ჩემ მიმართ. ზუსტად ამას მიფიქსირებდნენ დაკავების დროს.

სხვა რომ ვერაფრით ვერ მომერივნენ, - ვერც დაშინებით, ვერც დისკრედიტაციით (ჩემს მანქანაზე, სახლის ფასადზე წარწერებით), - მოიფიქრეს ბანალური „ჩადების საქმე“, რომელშიც განსაკუთრებულად დახელოვნებულები არიან - ეს შსს-ის სავიზიტო ბარათია დამოუკიდებელი საქართველოს მანძილზე", - თქვა მან 25 ივლისს თავის დასკვნით სიტყვაში.

მთელი ამ ხნის განმავლობაში მისი ადვოკატები აცხადებდნენ, რომ გიორგი ახობაძის საქმეში არ არსებობდა ე.წ. ნეიტრალური მტკიცებულება (ვიდეოჩანაწერი და ა.შ.), რომელიც მის დანაშაულს დაამტკიცებდა.

განახლება: მოგვიანებით საქალაქო სასამართლომ გაავრცელა განცხადება, სადაც წერს, რომ სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განაჩენით გიორგი ახობაძე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში.

„საქმის მასალების მიხედვით, გიორგი ახობაძეს ბრალად ედებოდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

სისხლის სამართლის საქმის არსებითად განხილვის შედეგად, სასამართლომ სათანადო სტანდარტის მტკიცებულებების არასაკმარისობის გამო გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი“ - წერს სასამართლო.

ფორუმი

XS
SM
MD
LG