Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთისა და აზერბაიჯანის შემდეგ ყაზახეთი? როგორ მუშაობს რუსეთის აგენტურა ცენტრალურ აზიაში


ფოტოკოლაჟი: რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომარტ ტოყაევი (წინა პლანზე). ილჰამ ალიევი, დონალდ ტრამპი და ნიკოლ ფაშინიანი (ფონზე)
ფოტოკოლაჟი: რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომარტ ტოყაევი (წინა პლანზე). ილჰამ ალიევი, დონალდ ტრამპი და ნიკოლ ფაშინიანი (ფონზე)

გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფმა „დოსიემ“ მოიპოვა და გამოაქვეყნა საიდუმლო დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ ყაზახეთში რუსული დაზვერვის აგენტების ქსელის მუშაობას. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, რუსეთი ცდილობს ყაზახეთი და მისი გავლენიანი მოქალაქეები არ გაუშვას თავისი ორბიტიდან.

ყაზახეთში თავისი მიზნის მიღწევის საშუალებად რუსეთი იყენებს ე.წ. რბილ ძალას - მათ შორის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) მიერ ორგანიზებულ სემინარებს, რომლებზეც მონაწილეები კრემლთან მეგობრობის სარგებელზე საუბრობენ.

უკრაინაში მიმდინარე ომის გამო კრემლის პოზიციები შესუსტდა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, უკრაინაში შეჭრამ შეარყია კრემლის პოზიციები კავკასიაში. აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა გვერდზე გაწიეს მოსკოვი, რომელიც წლების განმავლობაში მიკერძოებული არბიტრის როლს ასრულებდა სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში, და უპირატესობა მიანიჭეს შეერთებულ შტატებს - როგორც სამშვიდობო პროცესის გარანტორსა და შუამავალს.

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი ანდრეი გურულიოვი ბაქოს ახალი „სპეციალური სამხედრო ოპერაციით“ (СВО) დაემუქრა მას შემდეგ, რაც ბაქომ უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების სახით 2 მლნ დოლარი გამოუყო. რუსული პროპაგანდის მთავარმა სახემ, ვლადიმირ სოლოვიოვმაც კი განაცხადა, რომ, მისი ვარაუდით, უკრაინაში მიმდინარე „СВО“ „ბოლო არ უნდა იყოს“, რითაც აზერბაიჯანთან დაკავშირებულ პრობლემებზე მიანიშნა.

ყაზახეთისა და ცენტრალური აზიის დაკარგვის საფრთხე

რუსულმა საგამოძიებო ჯგუფმა „დოსიემ“ მოიპოვა დოკუმენტები, რომლებიც ყაზახეთში რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) აგენტების ფარულ საქმიანობას ამხელენ. „დოსიესა“ და რადიო თავისუფლების ყაზახური სამსახურის მიერ დამუშავებული მასალებიდან ნათელი ეფინება როგორც ყაზახეთში პრორუსული პროპაგანდის გავრცელების, ასევე „ყაზახური ელიტის“ გადაბირების გეგმებს.

„დოსიეს“ მიერ მოპოვებული რამდენიმე დოკუმენტი წარმოადგენს ანგარიშებსა და სამუშაო გეგმებს, რომლებიც ГРУ-ს პოლკოვნიკ დენის სმოლიანინოვს გაუგზავნეს ყაზახეთში მომუშავე აგენტებმა. ერთ-ერთ ოთხგვერდიან დოკუმენტში, სახელწოდებით „ყაზახეთის რესპუბლიკაში არსებული ვითარება“, რუსი აგენტები აღწერენ ყაზახეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად ასპექტებს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ „დასავლური ქვეყნები, აშშ-ის ხელმძღვანელობით, ცდილობენ ისარგებლონ უკრაინაში მიმდინარე „სპეციალური სამხედრო ოპერაციით“ და ცენტრალური აზია გაიყვანონ რუსეთის გავლენისგან“.

დენის სმოლიანინოვი, ГРУ-ს პოლკოვნიკი
დენის სმოლიანინოვი, ГРУ-ს პოლკოვნიკი

დოკუმენტის მიხედვით, დასავლეთის ძალისხმევით „ყაზახეთში გაძლიერდნენ პროდასავლური ძალები, რომლებიც ცდილობენ რუსული ენის აკრძალვას და ყაზახურის ერთადერთ სახელმწიფო ენად გამოყენებას“. დოკუმენტის თანახმად, სამხედრო სფეროში ყაზახეთის პოზიცია „ორაზროვანია“, რის არგუმენტადაც დასახელებულია ასტანის სამხედრო-ტექნიკური პარტნიორობა ნატოს ქვეყნებთან.

„რუსოფობია“ ყაზახეთში

დოკუმენტში მოცემული ინფორმაციის თანახმად, ყაზახეთის ხელისუფლება გეგმავს, ფარულად შექმნას და განავითაროს ტერიტორიული თავდაცვის ძალები კოსტანაის, პეტროპავლოვსკის, პავლოდარის, სემეის და უსტ-კამენოგორსკის მახლობლად. რუსი აგენტების თქმით, ყაზახეთის ხელისუფლებას ასევე სურს, გააკონტროლოს რუსეთის მოსაზღვრე რეგიონებში მცხოვრები რუსულენოვანი მოსახლეობის საპროტესტო განწყობები.

„იმისათვის, რომ არმიის რიგებში სხვა ეროვნების წარმომადგენლების (განსაკუთრებით რუსების) დომინირება თავიდან იქნას აცილებული, ყაზახეთის სამხედრო ხელმძღვანელობა გეგმავს ყაზახური ენის ცოდნის სავალდებულო გამოცდის შემოღებას“, - ნათქვამია „დოსიეს“ მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ყაზახეთის ხელისუფლება, სხვადასხვა სოციალური შეღავათის შეთავაზებით, ცდილობს თავისი მოქალაქეები ქვეყნის აღმოსავლეთში გადაასახლოს, რაც, დოკუმენტის ავტორთა აზრით, „ყაზახიზაციის კამპანიის გაგრძელებაა და მიზნად ისახავს რუსეთთან მოსაზღვრე რეგიონებში რუსულენოვანი მოსახლეობის წილის შემცირებას“.

რუსი აგენტები ასევე აღნიშნავენ, რომ ყაზახეთის ხელისუფლება „იწყებს თავისი ისტორიის საბჭოთა რუსეთისგან გამიჯვნას“: „ ზოგადად, ყაზახეთი თანდათან შორდება რუსეთს და ევრაზიული განვითარების მოდელს. თავის საგარეო პოლიტიკას მიმართავს შეერთებული შტატებისა და მისი ნატოს მოკავშირეებისკენ. ამ ქმედებების მთავარი მიზანია ყაზახეთ-რუსეთის თანამშრომლობის შესუსტება და რესპუბლიკის გამოსვლა ისეთი სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური ბლოკებიდან, როგორებიცაა ОДКБ, ШОС და ЕАЭС“.

აგენტები ГРУ-ს სთავაზობენ, „შეიმუშაოს ეფექტური პროგრამები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ცენტრალურ აზიაში მცხოვრები რუსი და რუსულენოვანი მოქალაქეების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, რუსოფობიასთან ბრძოლას და ყაზახეთში რუსული გავლენის გაძლიერებას“.

წინადადებები მოიცავს ყაზახეთში პრორუსული ექსპერტების ქსელის გაფართოებას, ჰუმანიტარული და კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერას, საინფორმაციო არხების შექმნას, მოსკოვისადმი ლოიალური ელიტის ჩამოყალიბებას და ყაზახ ახალგაზრდებთან მუშაობას.

აგენტების კონფერენცია

ღია წყაროებში არსებობს იმის მტკიცებულებები, რომ რუსი აგენტების მიერ დაგეგმილი ზოგიერთი ღონისძიება ნამდვილად განხორციელდა. მაგალითად: აგენტებმა ГРУ-ს აცნობეს, რომ ალმატიში გაიმართებოდა კონფერენცია სახელწოდებით „უკრაინის ომის გამოძახილი ცენტრალურ აზიაში“ და იქვე მიუთითეს, თუ რა იქნებოდა ამ ღონისძიებაზე კონკრეტულად განხილული. და მართლაც, ექსპერტთა პანელური დისკუსია გაიმართა 2023 წლის მაისში. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ოცზე მეტმა ექსპერტმა რუსეთიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, უზბეკეთიდან და გერმანიიდან. დოკუმენტის მიხედვით, თითოეულ მონაწილეს 500 დოლარი გადაუხადეს. გეგმის თანახმად, „ანაზღაურებად ექსპერტებს“ უნდა გაევრცელებინათ რიტორიკა, რომ რეგიონის უსაფრთხოებას მხოლოდ რუსეთი უზრუნველყოფს.

კონფერენცია, რომელიც სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა, ნამდვილად იყო გაჟღენთილი იყო პრორუსული რიტორიკით. ექსპერტები რუსეთს ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის საიმედო პარტნიორად წარმოაჩენდნენ. ისინი ცდილობენ, ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და ისტორიულ კავშირებზე დაყრდნობით, რეგიონის ქვეყნებისთვის დაემტკიცებინათ მოსკოვთან მჭიდრო ურთიერთობების შენარჩუნების სარგებელი. ზოგიერთი ექსპერტი აღნიშნავდა, რომ დასავლეთის სანქციებმა რუსეთზე გავლენა ვერ მოახდინა და რომ პირიქით, ევროპა ჩააგდო რთულ მდგომარეობაში.

პრორუსული აგენტების მიერ გამართული კონფერენცია ალმატიში. 2023 წლის მაისი.
პრორუსული აგენტების მიერ გამართული კონფერენცია ალმატიში. 2023 წლის მაისი.

„ეს აძლიერებს რუსეთის, როგორც სტაბილური და საიმედო პარტნიორის იმიჯს, - ამბობდნენ კონფერენციის მონაწილეები, - ცენტრალური აზია ამჟამად არა პერიფერიულ რეგიონად, არამედ მნიშვნელოვან რეგიონად აღიქმება, სადაც გეოპოლიტიკური კონკურენცია მიმდინარეობს. ამიტომ, ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი და თურქმენეთი მოსკოვის მხარეს უნდა იყვნენ“.

კონფერენციაზე გამომსვლელთა შორის იყო გერმანელი რალფ თომას ნიმაიერი, ჟურნალისტი და ყოფილი პოლიტიკოსი, რომელიც ცნობილია როგორც გერმანიის მთავრობის, ასევე ევროკავშირისა და ნატოს კრიტიკით. ნიმაიერი არაერთხელ სტუმრობდა რუსეთს, სადაც თავს „ალტერნატიულ კანცლერად“ წარმოადგენდა და აქტიურად გამოდიოდა რუსულ მედიაში.

გარდა ამისა, ალმატიში გამართული კონფერენცია ორგანიზებული იყო ვინმე ვიქტორ ლუკოვენკოს (ვასილიევი) მიერ. სწორედ ის თავმჯდომარეობდა სამსაათიან შეხვედრას. ამჟამად ვიქტორ ლუკოვენკო (ვასილიევი) პატიმრობაში იმყოფება ბიშკეკში (ყირგიზეთი), სადაც 2025 წლის აპრილში დააკავა პოლიციამ „მოქალაქეების ომისკენ მოწოდების“ ბრალდებით. მანამდე არაერთმა გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვიქტორ ვასილიევი ასევე მუშაობდა ევგენი პრიგოჟინის სტრუქტურებში და ფარულ ოპერაციებს ახორციელებდა, როგორც რუსეთის აგენტი.

ვიქტორ ვასილიევი, რომელიც ალმატიში პრორუსულ კონფერენციას უძღვებოდა.
ვიქტორ ვასილიევი, რომელიც ალმატიში პრორუსულ კონფერენციას უძღვებოდა.

„ყაზახეთის ელიტის გადაბირება“

„დოსიეს“ დოკუმენტების მიხედვით, ყაზახეთში არსებული ვითარების შეფასების შემდეგ, რუსმა აგენტებმა შეადგინეს „ყაზახეთში სოციალურ-პოლიტიკური ვითარების გაუმჯობესების“ სამუშაო გეგმა. მათ რუსეთის მთავარ სადაზვერვო სამმართველოს შესთავაზეს ყაზახეთში კვლევითი ინსტიტუტის შექმნა, რომელიც ოფიციალურად ჩაატარებდა სამეცნიერო და სოციოლოგიურ კვლევებს, მაგრამ სინამდვილეში ფარულად იმუშავებდა მოსკოვის ინტერესებიდან გამომდინარე. ამ ინსტიტუტს უნდა ჰქონოდა „ყაზახეთის ელიტასთან და სხვა გავლენიან ჯგუფებთან კონტაქტების გაფორმებისა და სოციალურ-პოლიტიკურ სიტუაციაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა“.

დოკუმენტებში ასევე გათვლილია კვლევითი ინსტიტუტის სამი ტიპის ხარჯი: „ერთჯერადი გადასახდელები“, „ყოველთვიური გადასახდელები“ და „პროექტის ხარჯები“. პროექტის მთლიანი ბიუჯეტი - 300 ათასი დოლარი. პროექტის გეგმის თანახმად, ამ ინსტიტუტის თანამშრომლებს ევალებათ ოთხი მიმართულებით მუშაობა: არსებული ვითარების შესწავლა, საინფორმაციო სივრცის მონიტორინგი, ფსიქოლოგიური გავლენის განხორციელება და ყაზახეთის ელიტასთან კონტაქტების დამყარება.

საილუსტრაციო ფოტო. ГРУ-ს რუსი ოფიცერი
საილუსტრაციო ფოტო. ГРУ-ს რუსი ოფიცერი

„ინსტიტუტის მიერ დაქირავებული პირები უნდა იზიარებდნენ ამ ცენტრის (პრორუსული ინსტიტუტის) თვალსაზრისს და მზად იყვნენ მუშაობის შესრულებასთან დაკავშირებული კონფიდენციალური საკითხებისთვის. რუსულმა ინსტიტუტმა უნდა უზრუნველყოს რუსი სპეციალისტების“ მიწვევა ყაზახეთში „სამეცნიერო ტურიზმის“ საფარით, ხოლო ყაზახი „მკვლევრები“ მიავლინოს საზღვარგარეთ, მათ შორის რუსეთში“, - დოკუმენტის მიხედვით, ინსტიტუტის თანამშრომლებს ასევე დაევალათ ყაზახეთის ელიტასთან, ალტერნატიულ სტრუქტურებთან და ადგილობრივ კლანებთან მუშაობა.

პარტიის შექმნა და არჩევნებში მონაწილეობა

რუსი აგენტების მიერ მთავარი სადაზვერვო სამმართველოსთვის გაგზავნილ კიდევ ერთ დოკუმენტში ნათქვამია, რომ მუშაობა უნდა ასტანაში პრორუსული საზოგადოებრივი ორგანიზაციისა და ბეჭდური გამოცემის შექმნაზე.

„საზოგადოებრივი ასოციაციის მუშაობაში შეიძლება ჩაერთონ იანვრის მოვლენების შემდეგ საზღვარგარეთ გაქცეული პირები, ასევე კრიმინალური დაჯგუფებები, რომლებიც მაღალი ავტორიტეტით სარგებლობენ ქვეყნის გარკვეულ რეგიონებში“.

აგენტები ГРУ-ს ხელმძღვანელობას ასევე სთავაზობენ ყაზახეთში ისეთი პოლიტიკური პარტიის შექმნას, რომელიც იმოქმედებს რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე. დოკუმენტის მიხედვით, დაგეგმილია პრორუსული საზოგადოებრივი ორგანიზაციის ბაზაზე პოლიტიკური ჯგუფის შექმნა და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა.

აგენტების მიერ გაგზავნილი დოკუმენტის ფრაგმენტი, რომელშიც მოცემულია ინსტრუქციები, თუ როგორ მიიზიდონ ყაზახური ელიტა მოსკოვთან პარტნიორობაში.
აგენტების მიერ გაგზავნილი დოკუმენტის ფრაგმენტი, რომელშიც მოცემულია ინსტრუქციები, თუ როგორ მიიზიდონ ყაზახური ელიტა მოსკოვთან პარტნიორობაში.

რუსეთის სპეციალური არასამხედრო ოპერაცია?

რა არის ის, რასაც რუსეთი ყაზახეთში აკეთებს („დოსიეს“ მიერ გამოქვეყნებული მასალების მიხედვით) - სტანდარტული პრაქტიკა, მეზობელი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა თუ საინფორმაციო ომი?

რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის პროექტის, "ეხო კავკაზას" რედაქტორის, აღმოსავლეთმცოდნე ვადიმ დუბნოვის თქმით, რუსეთის ეს ტაქტიკა არა მხოლოდ ყაზახეთზე, არამედ სხვა მეზობელ ქვეყნებზეც (ყოფილ „მოძმე საბჭოთა რესპუბლიკებზე“) ვრცელდება, ოღონდ განსხვავებული ელემენტებით.

„თითოეული ქვეყანა, თითოეული ყოფილი „მოძმე“ რესპუბლიკა ხომ თავისებურადაა „მოძმე“, - ამბობს ვადიმ დუბნოვი, - აზერბაიჯანს საკუთარი სპეციფიკა აქვს. რუსეთს უფრო მეტად სჭირდება აზერბაიჯანთან მეგობრობა, ვიდრე პირიქით. ამიტომ მოსკოვი კორექტული იყო თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით ბაქოს მიერ გაკეთებული მკაცრი განცხადებების პასუხად. მოსკოვსა და ბაქოს შორის კონფლიქტი და ურთიერთობის კრიზისი გარდაუვალი იყო ობიექტური მიზეზების გამო. ბოლო წლებში აზერბაიჯანი არღვევდა ბალანსს დასავლეთსა და რუსეთს შორის. აშკარად გადაიხრა რუსეთისკენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც მოსკოვისგან მიიღო ყველაფერი, მათ შორის წარმატებით დაასრულა ყარაბაღის ამბავი, ბაქომ დაიწყო კურსის „გასწორება“, ბალანსის აღდგენა. მეთოდები, რომლებსაც რუსეთი ყაზახეთში იყენებს, აზერბაიჯანში არ იმუშავებს. ყაზახეთი უფრო რთული ქვეყანაა თავისი პოლიტიკური სტრუქტურით როგორც რეგიონულად, ასევე პოლიტიკურად. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა კი ააშენა ვერტიკალური მმართველობის სისტემა, სადაც „რუსული გავლენის აგენტები“ თავს თავისუფლად ვერ გრძნობენ. ილჰამ ალიევმა მოახერხა იმ ელიტის ჩანაცვლება, რომელიც მემკვიდრეობით ერგო საბჭოთა ეპოქიდან და რომელიც „ნაყოფიერად“ თანამშრომლობდა კრემლთან“.

ვადიმ დუბნოვი
ვადიმ დუბნოვი

ექსპერტთა ნაწილი შეშფოთებას გამოხატავს ყაზახეთის მიმართულებით რუსეთის გააქტიურების გამო და პარალელს ავლებს უკრაინაში შეჭრის წინა ეტაპთან, თუმცა როგორც ვადიმ დუბნოვი ამბობს, ძნელი დასაჯერებელია, რომ მოსკოვს უკრაინული გაკვეთილები ორი ცდის (2014, 2022 წწ) შემდეგ მაინც არ დაესწავლა:

"ყაზახეთი არ არის ფრონტის ის ხაზი, რომლის გახსნისთვისაც მოსკოვი მზადაა თუნდაც იმგვარად, როგორც მზად იყო დონბასში ომის დაწყებისას“.

ყაზახი პოლიტოლოგის, დიმაშ ალჟანოვის თქმით, ყაზახეთის ხელისუფლება ცდილობს ისარგებლოს მომენტით და თვისებრივად შეცვალოს ქვეყნის განვითარების სტრატეგია:

„ყაზახეთს აქვს გარკვეული მოწყვლადობა: ტერიტორიის დაცვის შესაძლებლობა შეზღუდულია მცირე ადამიანური რესურსებით, საკმაოდ სუსტი არმიითა და უსაფრთხოების სამსახურის გაუმართავი სტრუქტურით. ამის გამო ყაზახეთი იძულებულია იმოქმედოს არა ძალის პოზიციიდან, არამედ შესაძლებლობებიდან გამომდინარე. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ყაზახეთის სტრატეგია არ ყოფილა არმიაზე, დაცულ საინფორმაციო სივრცესა და ძლიერ ეკონომიკაზე დაყრდნობილი მყარი სუვერენიტეტის შექმნა. ქვეყანამ კორუფციისა და რესურსების ექსპორტის გზა აირჩია. ამჟამად ამ საკითხის გადახედვა ხდება, მაგრამ ის ჯერაც ღიაა, რადგან ელიტები ბოლომდე ვერ აცნობიერებენ საფრთხეს და პუტინის რეჟიმთან ურთიერთქმედების იმედი აქვთ“.

დიმაშ ალჟანოვი
დიმაშ ალჟანოვი

თუმცა ყაზახი პოლიტოლოგი დარწმუნებულია, რომ რუსეთი, გეოგრაფიიდან გამომდინარე, სტრატეგიულად ყოველთვის საფრთხის მატარებელი იქნება ყაზახეთისთვის: მოსკოვს სჭირდება ცენტრალური აზიის საზღვრებამდე მიღწევა, უსაფრთხოების უზრუნველყოფა ყაზახეთის კონტროლის გზით.

„ამ თვალსაზრისით, ყაზახეთისა და რუსეთის ინტერესები ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ყაზახეთს მოუწევს რუსეთის გავლენისგან გათავისუფლება. მაგრამ საინფორმაციო სივრცის სუსტმა დაცულობამ, დამოუკიდებელი მედიისა და განვითარებული მედიაბაზრის არარსებობამ, ქვეყანა რუსეთის საინფორმაციო გავლენის ზონაში მოაქცია. ეს კი ახდენს საზოგადოების პოლარიზაციას იმ საინფორმაციო ომის ფონზე, რომელიც თან ახლავს რუსეთის უკრაინაში შეჭრას. რაც შეეხება ГРУ-ს პროექტებისა და ზრახვების გამჟღავნებას. ეს პროექტები შეიძლება განსხვავებული იყოს ყაზახეთში, მოლდოვაში, უკრაინასა და საქართველოში, რადგან ამ ქვეყნებში რუსეთის შესაძლებლობებიც განსხვავებულია. ზოგიერთ ქვეყანაში მოსკოვი სერიოზულად ზემოქმედებს სუვერენიტეტზე, განსაკუთრებით მოლდოვასა და საქართველოს შემთხვევაში“, - უთხრა დიმაშ ალჟანოვმა რადიო თავისუფლების რუსულ რედაქციას.

ვადიმ დუბნოვის თქმით, ნაადრევია რუსეთის სამხრეთ კავკასიის საქმეებიდან სრულად ჩამოშორებაზე საუბარი, რადგან რუსეთი ამჟამად აკონტროლებს სომხეთის ტერიტორიაზე არსებულ თითქმის ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტს - რკინიგზას, გაზის ტრანსპორტირებას და ა.შ.

„ტრამპი ფსონს დებს მათზე, ვისაც მოთამაშეებად მიიჩნევს და ამ პროცესში კი ის მოთამაშეებად მიიჩნევს ირანსაც და რუსეთსაც. ტრამპი, როგორც წესი, მოსკოვის ინტერესებს ითვალისწინებს ხოლმე. სავარაუდოდ, ასე იქნება ამჯერადაც, - ამბობს ვადიმ დუბნოვი, - მოსკოვმა რეგიონში ინიციატივა 2020 წლის შემდეგ დაკარგა, ობიექტური მიზეზების გამო სომხეთისა და აზერბაიჯანის დაახლოების პროცესი უფრო ორმხრივი გახდა. მათ უბრალოდ საჩუქარი გაუკეთეს ტრამპს. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ვფიქრობ, რომ მოსკოვი დასუსტებულ მდგომარეობაში დარჩება“.

შეუძლია თუ არა ამ პრეცედენტმა რუსეთის მეზობლებს უბიძგოს, რაც შეიძლება შორს ეძიონ უსაფრთხოების გარანტიები?

ვადიმ დუბნოვის თქმით, რუსეთი არასდროს ყოფილა უსაფრთხოების გარანტი, ის ყოველთვის იყო საფრთხის წყარო: „ყველა ასე უყურებდა მას, თუმცა სხვადასხვაგვარად უწევდნენ ანგარიშს. ახლა, ობიექტური მიზეზების გამო, შეიქმნა შესაძლებლობა, ეს დამოკიდებულება გადაფორმატირდეს“.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG