Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ აკვირდება სი ძინპინი ყურადღებით ტრამპ-პუტინის სამიტს ალასკაში


Russian President Vladimir Putin and Chinese leader Xi Jinping talk as they watch the Victory Day military parade in Moscow in May 2025.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი (მარჯვნივ) და ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი (მარცხნივ) 9 მაისის სამხედრო აღლუმზე მოსკოვში

მოკლედ

  • ტრამპისა და პუტინის შეხვედრას უკრაინასა და ევროპაში სკეპტიციზმით ხვდებიან, ხოლო ჩინეთი კმაყოფილია.
  • ჩინეთი მოუწოდებს რუსეთსა და აშშ-ს, უკრაინის კრიზისი პოლიტიკურად მოაგვარონ და ურთიერთობები გააუმჯობესონ.
  • ტრამპისა და სი ძინპინის სამიტი შესაძლოა ოქტომბერში გაიმართოს, რაც აშშ-ჩინეთის ურთიერთობების გაღრმავებას მოასწავებს.

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის მოახლოებულ შეხვედრას უკრაინასა და მთელ ევროპაში სკეპტიციზმითა და აღელვებით ხვდებიან. ჩინეთი კი, როგორც ჩანს, კმაყოფილია.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 12 აგვისტოს განაცხადა, რომ „მოხარულია, რომ რუსეთი და აშშ კონტაქტს ინარჩუნებენ, აუმჯობესებენ ურთიერთობებს და წინ მიიწევენ უკრაინის კრიზისის პოლიტიკური მოგვარების საკითხში“. მანამდე კი, გასულ კვირას, ჩინეთის ლიდერმა პუტინთან სატელეფონო საუბრის დროს შეაქო რუსეთის პრეზიდენტი და ორივე მხარეს მოუწოდა, მომავალ შეხვედრაზე უკრაინაში ომი პოლიტიკური გადაწყვეტისაკენ წაიყვანონ.

ტრამპ-პუტინის სამიტის პარალელურად, პეკინი და ვაშინგტონი თავიანთი ურთიერთობების გაუმჯობესებაზე მუშაობენ. 11 აგვისტოს, გვიან ღამით, მათ გაახანგრძლივეს სავაჭრო შეთანხმების მისაღწევად დათქმული 90-დღიანი მოლაპარაკებების ფანჯარა. როგორც ამბობენ, ოქტომბერში სი ძინპინისა და ტრამპის მაღალი დონის სამიტი ჩატარდება, რაც, შესაძლოა, ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის კიდევ უფრო ფართო შეთანხმების საფუძველი გახდეს.

ვაშინგტონში დაფუძნებული ანალიტიკური ცენტრის, „დემოკრატიების დაცვის ფონდის“ უფროსი მკვლევარი კრეიგ სინგლტონი ამბობს, რომ სი ძინპინი ყურადღებით აკვირდება ალასკაში დაგეგმილ სამიტს, რადგან ეს მას საშუალებას მისცემს, „შეისწავლოს პრეცედენტი, თუ როგორ შეიძლება ის აზიასაც შეეხოს.“ სი ძინპინი ეცდება გაკვეთილები მიიღოს საკუთარი სამიტისთვის, სადაც, სავარაუდოდ, განიხილება ისეთი საკითხები, როგორებიცაა სავაჭრო ურთიერთობები და ტაივანი, თვითმმართველი კუნძული, რომელსაც ჩინეთი თავის ტერიტორიად მიიჩნევს.

„პეკინი ალასკას აღიქვამს, როგორც დასტურს ტრამპის მიდგომისა, რომ რუსეთი, ჩინეთი და აშშ თანასწორ პოლუსებად განიხილებიან, გავლენის სფეროების ლოგიკა კი ისევ ძალაშია“, - თქვა სინგლტონმა.

2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ჩინეთი იქცა რუსეთის უახლოეს პარტნიორად, რომელიც ნავთობის შესყიდვებით აძლიერებს მის ეკონომიკას, ორმაგი დანიშნულების პროდუქტებით ამარაგებს მის საომარ მანქანას და მსოფლიო ასპარეზზე დიპლომატიურ მხარდაჭერას უწევს. როგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იმ ივლისში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელს, კაია კალასს, განუცხადა, პეკინს არ შეუძლია შეეგუოს რუსეთის დამარცხებას უკრაინაში.

სინგლტონის თქმით, ის ფაქტი, რომ აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრას უკრაინისა და ევროპის ლიდერები არ ესწრებიან, პეკინი აღიქვამს საკუთარი სტრატეგიის სისწორის დადასტურებად.

„ალასკაში მთავარი რუკები კი არა, პრეცედენტია“, - თქვა მან. „თუ ევროპაში აგრესია ამართლებს, შეკავების ეფექტი აზიაშიც შესუსტდება.“

შეხვდება თუ არა ტრამპი სი ძინპინს პუტინთან სამიტის შემდეგ?

ჯერ კიდევ ბევრი ცვლადი და უცნობი ფაქტორი არსებობს, რომლებმაც შეიძლება სი ძინპინს შეხვედრა გადააფიქრებინოს.

ბოლო დღეებში ტრამპი ცდილობდა, რომ შეემცირებინა მოლოდინები სამიტთან დაკავშირებით. ამბობდა, რომ შეხვედრას შესაძლოა კონკრეტული შეთანხმება არ მოჰყვეს. აშშ-ის პრეზიდენტი სამიტამდე ასევე მჭიდრო კონტაქტშია უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ევროპელ ლიდერებთან და ამბობს, რომ მათ დაელაპარაკება „შეხვედრის დასრულებისთანავე.“

Taiwan's Civil Defense Groups Take Inspiration From Ukraine War
please wait

No media source currently available

0:00 0:03:49 0:00

სამიტის მოახლოებასთან ერთად, პეკინმაც და ვაშინგტონმაც შეიძლება ერთმანეთს კეთილი ნების ჟესტები გაუგზავნონ.

„ჩემი ბროლის ბურთი მეუბნება, რომ ტრამპი გამოაცხადებს ახალ „დიდ პარტნიორობას“, რომელიც მიზნად ისახავს აშშ-ჩინეთის ურთიერთობების ტონისა და ხასიათის უფრო პოზიტიური მიმართულებით შეცვლას“, - თქვა ჰარვარდის პროფესორმა და ჩინეთის მკვლევარმა გრემ ალისონმა X-ზე 11 აგვისტოს გამოქვეყნებულ პოსტში.

ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრის ოფიციალური თარიღი ჯერ არ დანიშნულა, თუმცა მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ, აშშ-სა და ჩინეთის ანონიმი მაღალჩინოსნების თანახმად, ოქტომბერში ტრამპის აზიაში გამგზავრების რამდენიმე შესაძლებლობა განიხილება.

ტრამპიც და სი ძინპინიც 26-28 ოქტომბერს კუალა-ლუმპურში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) სამიტს დაესწრებიან და, შესაძლოა, მალაიზიაში ყოფნისას დაგეგმონ შეხვედრა.

ასევე შესაძლებელია, რომ ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) ფარგლებში, 31 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე შეხვდნენ სამხრეთ კორეაში.

კიდევ ერთი ვარიანტია, რომ ტრამპმა და სი ძინპინმა სამიტი ჩინეთში გამართონ, რადგან აშშ-ის პრეზიდენტი ისედაც აზიაში იქნება.

რა მოხდება შემდეგ?

ამასობაში, ყველას ყურადღება ტრამპსა და პუტინზე იქნება მიპყრობილი ალასკაში.

კიევი და მისი მხარდამჭერები შიშობენ, რომ პუტინმა შეიძლება ამ შეხვედრაზე ტრამპს რუსეთისთვის ხელსაყრელი შეთანხმების მხარდაჭერისკენ უბიძგოს.

ტრამპი ასევე ბუნდოვნად ლაპარაკობს, რას შეიძლება მოიცავდეს უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმება. 11 აგვისტოს მან მორიგჯერ ახსენა „მიწების გაცვლის“ შესახებ შეთანხმების შესაძლებლობა და ამავდროულად განაცხადა, რომ „შეეცდება უკრაინისთვის ამ ტერიტორიების ნაწილი დაიბრუნოს“.

პეკინმა უკვე მიიღო რამდენიმე გამამხნევებელი სიგნალი თეთრი სახლიდან.

ჩინეთმა ასევე გამოიყენა თავისი დომინანტური პოზიცია იშვიათ მიწათა ელემენტების ბაზარზე და მიიღო დათმობები Nvidia-ს H20 მიკროჩიპზე აშშ-ის ექსპორტის კონტროლის შემსუბუქებასთან დაკავშირებით.

ტრამპმა გააუქმა აპრილში მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც ჩინეთში H20 ჩიპების ექსპორტი აკრძალა. გადაწყვეტილებამ ექსპერტები ორად გაყო. ზოგი მიიჩნევს, რომ ეს ეროვნულ უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს, სხვები კი ფიქრობენ, რომ ეს ჩიპები ჩინეთს ხელოვნური ინტელექტის შეჯიბრში ვერ დააწინაურებს.

უსაფრთხოების 20 ექსპერტი და აშშ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ხელს აწერენ წერილს, რომელშიც დაგმობილია ეს გადაწყვეტილება და ნათქვამია: „ამ ჩიპების ჩინეთისთვის მიწოდებით ჩვენ ვამდიდრებთ ინფრასტრუქტურას, რომელიც გამოყენებული იქნება ჩინეთის სამხედრო ძალების მოდერნიზაციისა და გაფართოებისთვის.“

ბოლო თვეების განმავლობაში კიდევ რამდენიმე ნაბიჯი გადაიდგა, რაც პეკინის გულის მოგების მცდელობებად იქნა აღქმული. მათ შორის - გეგმების დაბლოკვა ტაივანის პრეზიდენტისა, რომელიც სამხრეთ ამერიკაში დიპლომატიური ტურნეს ფარგლებში შეერთებულ შტატებში ტრანზიტით გადაადგილებას აპირებდა და ივნისში აშშ-ის ოფიციალურ პირებსა და ტაივანის თავდაცვის მინისტრს შორის შეხვედრის გაუქმება.

„თუ აღიქვამენ, რომ ვაშინგტონმა უკრაინა „გაყიდა“, პეკინი მარტივ გაკვეთილს ისწავლის: იძულება ამართლებს და ხარჯებიც მართვადია“, - თქვა სინგლტონმა.

XS
SM
MD
LG