Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩატარება შეუძლებელია - ISFED თვითმმართველობის არჩევნებზე


ISFED-ის თანამშრომლებმა წინასაარჩევნო გარემოს შესახებ მედიასთან ისაუბრეს.
ISFED-ის თანამშრომლებმა წინასაარჩევნო გარემოს შესახებ მედიასთან ისაუბრეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“, რომელიც 30 წელია საარჩევნო გარემოს აკვირდება, აცხადებს, რომ 2025 წელს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად არის შეზღუდული. წინასაარჩევნო გარემო ორგანიზაციამ რამდენიმე კრიტერიუმით შეაფასა.

პოლიტიკური კონტექსტი

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ წინასაარჩევნო პერიოდის ფონია ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი, დემოკრატიული უკუსვლა და ადამიანის უფლებების მძიმე მდგომარეობა.

„ასეთ კონტექსტში, მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები კონკურენტული და ლეგიტიმური პროცესის ნაცვლად, სერიოზული პოლიტიკური კრიზისისა და შედეგების არაღიარების რისკის ქვეშ წარიმართება“.

საარჩევნო სისტემა

„ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს საარჩევნო სისტემაში ფუნდამენტური ცვლილებები შეიტანა, რომლებითაც გაიზარდა საკრებულოებში მაჟორიტარების რაოდენობა, გაუქმდა მათთვის დაწესებული 40%-იანი ბარიერი, მანდატების გადანაწილების წესი კი შეიცვალა უკეთესი შედეგების მქონე პარტიების სასარგებლოდ.

„ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს საარჩევნო სისტემაში ფუნდამენტური ცვლილებები შეიტანა, რამაც მანიპულაციის სახე მიიღო“.

საარჩევნო ადმინისტრაცია

გასული საპარლამენტო არჩევნების შედეგებით, საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლების დანიშვნის უფლება ხუთმა პარტიამ მოიპოვა, თუმცა ამ უფლებით მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“ და „ლელო - ძლიერმა საქართველომ“ ისარგებლეს.

„ცენტრალური საარჩევნო კომისია ამჟამად 10 წევრისგან შედგება, რაც მნიშვნელოვნად არღვევს პარტიების მიერ დანიშნულ და პროფესიული ნიშნით არჩეულ წევრთა შორის დადგენილ ბალანსს“...

არჩევნები ძირითად უბნებზე ჩატარდება ელექტრონული სისტემით, რომლის გამოყენებით ხმის მიცემის ფარულობასთან დაკავშირებით 2024 წელს კითხვები არსებობდა.

პოლიტიკური პარტიები

ბოლო საპარლამენტო არჩევნებში სამი ბარიერგადალახული პარტიის ლიდერები პატიმრობაში იმყოფებიან, ხოლო მეოთხის თავმჯდომარის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს. გარდა ამისა, „ქვეყანაში ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებების ფინანსური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა და მკვეთრად გაიზარდა უთანასწორობის დონე პარტიების შესაძლებლობებს შორის“.

მედიაგარემო

„სამართლიანი არჩევნები“ აღნიშნავს, რომ ბოლო წლების განმავლობაში მედიის თავისუფლება გაუარესდა, ტელევიზიებს ფინანსური პრობლემები აქვთ, დაიხურა „მთავარი არხი“.

არჩევნებზე დაკვირვება

არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე მიღებული ცვლილებებით, შეიზღუდა სადამკვირვებლო ორგანიზაციების უფლებები (სრულად აიკრძალა ამომრჩევლისთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მოთხოვნის უფლება).

„ვინაიდან ქვეყანაში თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩასატარებლად საჭირო პირობები დიდწილად არ არის დაცული, „სამართლიანი არჩევნები” მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებს სტანდარტული სადამკვირვებლო მისიითა და მეთოდოლოგიით არ დააკვირდება. თუმცა, ორგანიზაცია აგრძელებს მიმდინარე პოლიტიკური და საარჩევნო პროცესების მონიტორინგს და შეფასებას“.

2025 წლის არჩევნების შესახებ

2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. ამ არჩევნებში დიდი ოპოზიციური პარტიებიდან მონაწილეობას აპირებენ „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“. მათ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გააფორმეს.

ამ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვეს პარტიებმა: „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „ფედერალისტები“ და ა.შ.

მეხუთე პრეზიდენტი, წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი სალომე ზურაბიშვილი, არჩევნების თემას „შემოგდებულს“ უწოდებს - რამაც „გახლიჩა ოპოზიცია და დაასუსტა პროტესტი“.

ფორუმი

ყველაზე პოპულარული

XS
SM
MD
LG