რადიო თავისუფლებისა და Current Time-ის ერთობლივმა საგამოძიებო პროექტმა „სისტემამ“ მიაგნო მტკიცებულებას იმისა, როგორ მუშაობს ე.წ. „კონსერვები“ - ვლადიმირ პუტინის წინასწარ ჩაწერილი ვიდეოები, რომლებსაც კრემლი ახლად ასაღებს.
2025 წლის 17-დან 24 თებერვლამდე, კრემლის სენატის სასახლეში პუტინის კაბინეტში ერთი შეხედვით შეუმჩნეველი ცვლილებები განხორციელდა. პრეზიდენტის ზურგს უკან თაროებზე, რომლებიც მიღებების დროს ზოგჯერ კამერების ობიექტივშიც ხვდება, წიგნები გადალაგებულია. გამოჩნდა ახალი გამოცემები (ზედა ფოტოზე ქვედა თარო), რუსეთის ფედერაციის კონსტიტუცია კი კარადის მარჯვენა მხრიდან მარცხნივ გადაიტანეს.
ამ განლაგებამდე, წიგნებს მხოლოდ უმნიშვნელოდ უცვლიდნენ ადგილს. ფოტო, რომელზეც წინა განლაგება ჩანს, 2016 წელსაა გადაღებული, ის ასევე აღბეჭდილია ოფისის პანორამულ კადრში, რომელიც გამოცემა Life-მა 2019 წელს გამოაქვეყნა.
2025 წლის თებერვლის შემდეგ პუტინმა თავის კაბინეტში 40-ზე მეტჯერ მიიღო გუბერნატორები, მინისტრები და სახელმწიფო კომპანიების ხელმძღვანელები - პროტოკოლის სამსახურის მიერ გადაღებულ, სულ ცოტა, ერთ კადრშია (ფოტო ან ვიდეო) შესაძლებელი წიგნების ახალი განლაგების შემჩნევა.
თუმცა ხუთ შემთხვევაში, წიგნების განლაგება წინა წესრიგს დაუბრუნდა. ეს შეიძლება იმაზე მეტყველებდეს, რომ კრემლი ახალ ჩანაწერებად წარმოაჩენდა 24 თებერვლამდე წინასწარ მომზადებულ ჩანაწერებს - ანუ ე.წ. კონსერვებს.
საარქივო კადრების ძირითადი ნაწილი აპრილის პირველ მესამედში გამოქვეყნდა.
• 2025 წლის 2 აპრილი – შეხვედრა ბურიატიის ხელმძღვანელ ალექსეი ციდენოვთან;
• 7 აპრილი – შეხვედრა „აეროფლოტის“ ხელმძღვანელ სერგეი ალექსანდროვსკისთან;
• 9 აპრილი – შეხვედრა სტრატეგიული ინიციატივების სააგენტოს დირექტორ სვეტლანა ჩუპშევასთან;
• 10 აპრილი – შეხვედრა ДОМ.РФ.- ის ხელმძღვანელ ვიტალი მუტკოსთან. მეხუთე მსგავსი „კონსერვი“ ერთი თვის შემდეგ გამოქვეყნდა;
• 2025 წლის 12 მაისი – შეხვედრა ივანოვოს ოლქის გუბერნატორ სტანისლავ ვოსკრესენსკისთან.
წინასწარ მომზადებული ჩანაწერების შემდგომ დღეს გამოსაქვეყნებლად გამოყენება კრემლის საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა. ზოგჯერ ეს პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით აიხსნება, ზოგჯერ პუტინის სურვილით, დაისვენოს საჯაროობისგან.
პუტინის მონაწილეობით 2025 წლის 2-დან 10 აპრილამდე ჩატარებულ საჯარო ღონისძიებებზე დაკვირვებისას, შესამჩნევია ჯგუფური შეხვედრებისა და მასობრივი ღონისძიებების არარსებობა. საჯაროდ, კრემლს მიღმა, ის მხოლოდ 11 აპრილს გამოჩნდა, როდესაც სანქტ-პეტერბურგში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს, შეხვდა. შეხვედრა მოამზადა პუტინის სპეციალურმა წარმომადგენელმა კირილ დმიტრიევმა, რომელიც თვის დასაწყისში აშშ-ში ჩაფრინდა.
ერთი „კონსერვის“ გამოყენება მაისში, შესაძლოა, პუტინის პირად ცხოვრებას უკავშირდებოდეს, წერს „სისტემა“. საქმე ისაა, რომ 12 მაისს, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი ვოსკრესენსკის „შეხვდა“, „პუტინის დიდი ხნის პარტნიორი და მისი ვაჟების დედა (რომელთა საიდუმლოდ შენახვასაც კრემლი ცდილობს), ალინა კაბაევა, 42 წლის იუბილეს აღნიშნავდა“.
ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა „სისტემის“ მიერ „ტელეგრამის არხით“ გაგზავნილი შეკითხვები ნახა, მაგრამ პასუხი არ გაუცია.
ფორუმი