Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ეს შევიწროება უნდა დასრულდეს“ - Amnesty International-ი 7 არასამთავრობოს ანგარიშების დაყადაღებაზე


Amnesty International-მა შვიდი ორგანიზაციის ანგარიშების დაყადაღებაზე განცხადება გაავრცელა.
Amnesty International-მა შვიდი ორგანიზაციის ანგარიშების დაყადაღებაზე განცხადება გაავრცელა.

​საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი საზოგადოების უფლებების შეზღუდვად აფასებს შვიდი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშების დაყადაღებას.

„დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციების საბოტაჟის მომწყობებად მოხსენიებით, ხელისუფლება ხელს უშლის მათ საქმიანობას და შემაძრწუნებელ გზავნილს უგზავნის სხვა ორგანიზაციებს, რომლებიც ქვეყანაში ადამიანის უფლებებს იცავენ.

ადამიანის უფლებათა დამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების საქმიანობის შელახვით საქართველოს ხელისუფლება თავად არღვევს ადამიანის უფლებებს. ადამიანის უფლებების შევიწროება უნდა დასრულდეს“, - წერია განცხადებაში.

დღეს, 27 აგვისტოს, ცნობილი გახდა, რომ დააყადაღეს შვიდი ქართული სამოქალაქო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები. ეს ორგანიზაციებია:

  • „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“;
  • „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED);
  • „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI);
  • „დემოკრატიის მცველები“;
  • „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI);
  • „საფარი“;
  • „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ (ყოფილი EMC).

პროკურატურის შუამდგომლობა ორგანიზაციების ანგარიშების დაყადაღების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა.

მათ 2024 წლის ბოლოს საპროტესტო აქციების „დაფინანსებას“ ედავებიან, „საბოტაჟის საქმის“ ფარგლებში. ამავე საქმის ფარგლებში მარტში დააყადაღეს საქველმოქმედო ორგანიზაციები, მათ შორის „ნანუკას ფონდი“.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლის, დეპუტატ ლევან მაჭავარიანის თანახმად, ორგანიზაციები „ირიბად ახალისებდნენ“, რომ აქციის მონაწილეებს „მეტი დანაშაული ჩაედინათ“. მისი თქმით, „რა თქმა უნდა, აქ იკვეთება საბოტაჟის მცდელობა და შესაბამისად, პროკურატურა ყველაფერზე პასუხს გასცემს“.

გამოძიება ასევე ამბობს, რომ სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობა „სრულად იყო მიმართული ძალადობრივ ქმედებებში ჩართული პირების და მათი ოჯახის წევრებისთვის ფინანსური მფარველობის უზრუნველსაყოფად“ - როდესაც აქციებზე „ძალადობის საქმეების“ მიმართ არაერთი კითხვა არსებობს.

ამ შვიდივე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დღესვე ბრიფინგი გამართეს და თქვეს, რომ „ხალხის მტრებს სურთ, რომ აღარ შეგვეძლოს დახმარება“, თუმცა ამის მიუხედავად, მუშაობას არ შეწყვეტენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG