„გაზპრომის“ ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა, რომელიც ჩინეთში პრეზიდენტ პუტინის თანმხლებ დელეგაციაშია, დღეს, 2 სექტემბერს ჟურნალისტებს უთხრა, რომ რუსეთის, ჩინეთის და მონღოლეთის ლიდერების საჯარო განცხადებების საფუძველზე ხელი მოეწერა იურიდიული ვალდებულების მქონე მემორანდუმს გაზსადენ „ციმბირის ძალა 2-ის" და მონღოლეთის ტერიტორიის გავლით სატრანზიტო გაზსადენის მშენებლობის შესახებ.
რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის“ ცნობით, მილერმა განაცხადა, რომ ეს პროექტი შესაძლებელს გახდის რუსეთიდან მონღოლეთის გავლით წელიწადში 50 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ტრანსპორტირებას. „გაზპრომის“ ხელმძღვანელის თანახმად, ბუნებრივი აირის ფასს ცალკე განიხილავენ და ის უფრო დაბალი იქნება, ვიდრე ევროპისთვის.
მილერის ამ განცხადებას წინ უძღოდა პეკინში რუსეთის, ჩინეთის და მონღოლეთის ლიდერების შეხვედრა. პუტინი უკვე რამდენიმე დღეა იმყოფება ჩინეთში, სადაც მონაწილეობა მიიღო შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტში, 3 სექტემბერს კი პეკინში დაესწრება „მეორე მსოფლიო ომში მილიტარისტულ იაპონიაზე გამარჯვების“ მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმს.
რუსული „გაზპრომის“ და ჩინეთის ნავთობის და გაზის კომპანია CNPC-ის ერთობლივი პროექტის განხორციელების შედეგად, 2019 წლის დეკემბერში გაიხსნა რუსეთის მაგისტრალური გაზსადენი „ციმბირის ძალა“, რომლითაც ბუნებრივი აირი მიეწოდება აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებს.
„გაზპრომი“, რომლის აქციების საკონტროლო პაკეტს სახელმწიფო ფლობს, უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მნიშვნელოვან ზარალს განიცდის სანქციებისა და ევროპის სახელმწიფოთა დიდი ნაწილის მიერ რუსულ გაზზე უარის გამო.
კომპანიის ოფიციალური ანგარიშების თანახმად, მხოლოდ 2024 წელს „გაზპრომის“ დანაკარგი 1,08 ტრილიონი რუბლი იყო.
„გაზპრომის“ მონაცემებით, მილსადენ „ციმბირის ძალით” ჩინეთისთვის მიწოდებული გაზის მოცულობა ყოველწლიურად იზრდება და თუ 2020 წელს 4,1 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენდა, 2024 წელს 31,12 მილიარდს მიაღწია. „გაზპრომის“ ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა 2 სექტემბერს განაცხადა, რომ 2025 წელს ეს მაჩვენებელი 38 მილიარდი კუბური მეტრი იქნება.
ფორუმი