Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპმა ჩინეთი, რუსეთი და ჩრდილოეთი კორეა ფაქტობრივად, დაადანაშაულა შეთქმულების დაგეგმვაში


ჩინეთის მეთაური სი ძინპინი(ცენტრში) რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან ერთად პეკინში, სამხედრო აღლუმის დაწყებამდე. 2025 წლის 3 სექტემბერი
ჩინეთის მეთაური სი ძინპინი(ცენტრში) რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან ერთად პეკინში, სამხედრო აღლუმის დაწყებამდე. 2025 წლის 3 სექტემბერი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთი, რუსეთი და ჩრდილოეთი კორეა ფაქტობრივად, დაადანაშაულა შეერთებული შტატების წინააღმდეგ შეთქმულების დაგეგმვაში.

3 სექტემბერს, პეკინში სამხედრო აღლუმის დაწყებიდან მალევე პრეზიდენტმა ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში პოსტი გამოაქვეყნა და დაინტერესდა, ახსენებდა თუ არა ჩინეთის მეთაური სი ძინპინი იმ უზარმაზარ მხარდაჭერასა და სისხლს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს შეერთებულმა შტატებმა გაიღო ჩინეთის თავისუფლების დასაცავად. დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ჩინეთისთვის დაღუპული ამერიკელები ახსოვთ და პატივს მიაგებენ.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჩინეთის ლიდერს და ჩინელ ხალხს შესანიშნავი დღესასწაული უსურვა და სი ძინპინს მიმართა, გულთბილი სურვილები გადასცეს ვლადიმირ პუტინსა და კიმ ჩენ ინს, სანამ ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ შეთქმულებას ამზადებენ.

დღეს, 3 სექტემბერს პეკინში გაიმართა „იაპონელ დამპყრობლებთან ჩინელი ხალხის ომსა და მსოფლიო ანტიფაშისტურ ომში გამარჯვების“ მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი.

აღლუმს 25-მდე ქვეყნის მეთაურები დაესწრნენ. ჩინეთის კომუნისტური ხელისუფლების ლიდერის, სი ძინპინის მთავარი სტუმრები იყვნენ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი.

დასავლელი ანალიტიკოსები ამას განიხილავენ ე.წ. ქაოსის ღერძის განმტკიცებად. ეს ტერმინი გულისხმობს ავტორიტარული სახელმწიფოების ჯგუფს, რომელიც დასავლეთს უპირისპირდება და რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში ეხმარება.

შეერთებული შტატების პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევის შემდეგ დონალდ ტრამპმა აღადგინა უკრაინაში ომის გამო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ შეწყვეტილი ურთიერთობა და 2025 წლის აგვისტოში პუტინს ალასკის შტატშიც უმასპინძლა. ეს მოლაპარაკება უკრაინაში ომის შესაწყვეტად კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა.

2 სექტემბერს ტრამპმა ისევ განაცხადა, რომ პუტინით იმედგაცრუებულია.


ფორუმი

XS
SM
MD
LG