Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა კაცია მოსამართლემ უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა


ნიკა კაცია სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ოჯახის წევრები, მეგობრები და აქტივისტები შეძახილებით შეეგებნენ.
ნიკა კაცია სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ოჯახის წევრები, მეგობრები და აქტივისტები შეძახილებით შეეგებნენ.

ნიკა კაცია, რომელიც პროევროპული აქციების მსვლელობისას, გასული წლის 7 დეკემბერს დააკავეს, მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა.


მის გათავისუფლებას სხდომათა დარბაზსა და ფოიეში შეძახილები მოჰყვა: "ნიკა კაცია, ნიკა კაცია"....

ნიკა კაცია: "ბოლომდე, ბოლომდე, დიდი მადლობა".

ნიკა კაციას გათავისუფლება მიულოცეს პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა მშობლებმა.

"ბევრნაირი ემოცია მაქვს და მაქვს ძალიან დიდი უხერხულობა, სევდანარევი სიხარულია, რადგან გუშინწინდელი და გუშინდელი ღამე იყო ყველაზე მძიმე. საკანში საკუთარ თავზე არ ღელავ, ფიქრობ იმაზე, რომ შენსავით კიდევ ბევრია და ეს ასახავს საქართველოს - ბიჭები, მზია ამაღლობელი, ნინო დათაშვილი... ელჩებიც ვართ, მსოფლიო მასშტაბის დიპლომატებს უდევთ ჩვენი სახელები.

ახლა ჩემი მისიაა, რომ ყველას ჩავეხუტო. იმ სიყვარულისთვის, რომლითაც ვიბრძვით. იმიტომ კი არა, რომ გმირი ვარ, ერთი გიჟი ბიჭი ვარ, გადარეული"...

გამოძიება მას სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ პუნქტით ჩადენილ დანაშაულს ედავებოდა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა მოხმარებას გულისხმობს და რაც სასჯელის ზომად 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

გადაწყვეტილების გამოცხადებისას, მოსამართლემ თქვა, რომ საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებები ერთობლივად უნდა შეჯამდეს, პოლიციელების ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, თუმცა ასევე უნდა შეფასდეს, იყო თუ არა „ნეიტრალური მტკიცებულების“ მოპოვების შესაძლებლობა - დაკავებისას ვიდეოს გადაღება ან ნეიტრალური მოწმის დასწრება.

ეს იყო პრაქტიკულად ის ტექსტი, რომელიც წერია, ამ დრომდე, ნარკოდანაშაულის საქმეებზე დაკავებულთა გამამართლებელ განაჩენებში.

თამარ მჭედლიშვილმა გადაწყვეტილების გამოცხადებისას მოიშველია საკონსტიტუციო სასამართლოს სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს ნეიტრალური მტკიცებულების მოპოვების სტანდარტს.

ეს გადაწყვეტილება გაიხსენეს თედო აბრამოვისა და გიორგი ახობაძის გამამართლებელ განაჩენებშიც.

თამარ მჭედლიშვილმა თქვა, რომ არსებობს ეჭვი, რომ შესაძლებელი იყო ნეიტრალური მტკიცებულების მოპოვება:

"მართალია, ნიკა კაციამ ოქმზე ხელმოწერით დაადასტურა ოქმის სისწორე, მან განმარტა, რომ ცარიელ ოქმზე მოაწერინეს ხელი... დაცვის მხარე ასევე უთითებს, რომ ნეიტრალური მოწმე არსებობდა ტაქსის მძღოლის სახით. ამიტომ სასამართლო მსჯელობს, არსებობდა თუ არა ნეიტრალური მტკიცებულების მოპოვების შესაძლებლობა“, - თქვა მოსამართლემ.

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის გადაწყვეტილებას, რომლითაც მან ნარკოდანაშაულში ბრალდებული ნიკა კაცია გაამართლა, პროკურატურა სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

განცხადება ამის შესახებ საქართველოს პროკურატურამ მოსამართლის გადაწყვეტილების გამოცხადებიდან რამდენიმე წუთში გაავრცელა.

„ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები სრულად იქნა გამოკვლეული თბილისის საქალაქო სასამართლოში. მიუხედავად ამისა, სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები, ბრალდებული უდანაშაულოდ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და პატიმრობიდან გაათავისუფლა. პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს, სამოტივაციო ნაწილის ჩაბარების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს“.

ნიკა კაცია ბრალს არ აღიარებდა გამოძიებისა და სასამართლოს მსვლელობის არცერთ ეტაპზე.

განაჩენის გამოცხადებამდე მან სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართა.

ნიკა კაციამ თქვა, რომ არავისთან აქვს თავი სამართლებელი და სამართლიან ქვეყანაში რომ ცხოვრობდეს, ერთ წამსაც არ გაატარებდა საპატიმროში:

"ყველა დიდი ირონია, რაც ახლავს ამ რეჟიმს, არის ის, რომ დღეს ბრალდებულების ტრიბუნასთან ვართ უდანაშაულოები, ისინი კი ვინც იძალადეს ბრალდებულებზე, გარეთ...

ამორალურია ეს ყველაფერი, მომავალ თაობას რა მაგალითს აძლევს პროკურატურა, რომელიც კერავს და ვერ კერავს საქმეს?... არის ერთი ამბავი, არის სიმართლე და არის ტყუილი და როცა სიმართლე ფიქსირდება, ის შედეგს აუცილებლად მოიტანს...

მე ვარ უსამართლობის სამიზნე... ეს საქმე თავიდან ბოლომდე არის შეთითხნილი, ამაზე კულტურულად ვერ გამოვთქვამ....ეს არ არის პერსონების სიმართლე, ეს არის ძალიან დიდი სიმართლე, რომელსაც გადაყვება ყველა. როცა ვამბობ რეჟიმს, მე ვგულისხმობ ყველას, ვინც ემსახურება ამას.

დიახ, ვარ ხისტი, აბა, რას ელოდებოდით, როცა ამხელა ტყუილს მაბრალებდით, რომელსაც მოჰყვება 20 წლამდე ან უვადო. ანეკდოტია თუ რა არის, რატომ გახდა ტრადიცია ამ 9 თვეში, რომ ადამიანის ბედით თამაში კარგია და ვინმემ ტაში უნდა დაუკრას?

ერთი ადამიანი ზის უბოროტესი და თამაშობს - ეს დავტოვოთ, ის გავუშვათ, ახლა ეს იტირებს.... შოკში ჩავვარდი, როცა ვნახე საბა სხვიტარიძის [მას პატიმრობა 3 სექტემბერს მიესაჯა] და თორნიკე გოშაძის [ასევე მსჯავრდადებული] დედა, ეს მანადგურებს...

როცა თქვენ[მოსამართლე] გითხარით, არ გისურვებთ, რომ თქვენს შვილს ნარკოტიკი ჩაუდონ-მეთქი, დედაჩემი მოვიდა ციხეში პაემანზე და მითხრა: არ გეთანხმები, ეგ რატომ უთხარიო.

რატომ აიძულეთ დედაჩემი არ დამთანხმებოდა? რატომ აიძულეთ დედაჩემი, სიყვარულით სავსე ქალი, რომელიც არასდროს არავისზე დაბოღმილა, მისგან იყო სულ მოთმინება, მოთმინება, რატომ აიძულეთ ილაპარაკოს ასე? ამას ვგულისხმობ, როცა ვამბობ, რომ რეჟიმი არის არაადამიანური.

მე ვარ ადამიანი, რომელსაც პატარა შეცდომის აღიარებაც კი შეუძლია. ოდნავ დამნაშავეც რომ ვყოფილიყავი, ჩემს ამ პრინციპულობას ვერ დაინახავდით..."

ნარკოდანაშაულის იდენტურ საქმეებზე ბოლო ერთი თვის განმავლობაში ორი გამამართლებელი განაჩენი დადგა.

2024 წლის დეკემბერში დაკავებული დემონსტრანტებიდან ნარკოდანაშაულის ბრალდება რამდენიმეს აქვს. მათგან ორი, გიორგი ახობაძე და თედო აბრამოვი, თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.

ნარკოდანაშაულში ბრალდებული კიდევ ერთი დაკავებული, ანტონ ჩეჩინი, 2 სექტემბერს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ 8 წლითა და 6 თვით პატიმრობაში გაუშვა.

სასამართლომ თითქმის დაასრულა ნარკოდანაშაულში ბრალდებულების, ანასტასია ზინოვკინას და არტემ ბრიგულის საქმის განხილვა და მოსამართლემ გადაწყვეტილება შესაძლოა 12 სექტემბერს გამოაცხადოს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG