Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი დგებუაძე აღარ იკავებს ბათუმის პოლიციის უფროსის პოსტს


ირაკლი დგებუაძე სასამართლოში
ირაკლი დგებუაძე სასამართლოში

ირაკლი დგებუაძე, - პოლიციის მაღალჩინოსანი, რომელიც ფიგურირებდა „ბათუმელებისა“ და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეში და რომელსაც ამაღლობელმა სილა გააწნა, - ბათუმის პოლიციის უფროსის პოსტს აღარ იკავებს.

ეს ინფორმაცია, რომელიც თავდაპირველად „ბათუმელებმა“ გაავრცელა, რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში დაუდასტურეს.

„ბათუმელების“ ინფორმაციითვე, ირაკლი დგებუაძე თბილისში გადაიყვანეს და პოლიციის ატაშეების ხელმძღვანელი გახდა.

შსს-ში გვითხრეს, რომ დგებუაძე „მუშაობას აგრძელებს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის უფროსის პოზიციაზე“.

პრესცენტრში არ უპასუხეს რადიო თავისუფლების კითხვას, რა გახდა დგებუაძის პოსტის შეცვლის საფუძველი.

  • მზია ამაღლობელი მიუთითებდა, რომ დაკავების შემდეგ დგებუაძე მას არაადამიანურად მოექცა ბათუმის პოლიციის შენობაში, არაერთი პოლიციელის თანდასწრებით.
  • კერძოდ, ამაღლობელის ჩვენების თანახმად, დგებუაძემ მას სახეში შეაფურთხა და არ აძლევდა წყლის დალევის და ტუალეტით სარგებლობის საშუალებას.
  • დგებუაძის წინააღმდეგ გამოძიება არ დაწყებულა.

ირაკლი დგებუაძე დაზარალებულად ცნეს ამაღლობელის საქმეზე - ის ამბობდა, რომ მზია ამაღლობელის „საკმაოდ ძლიერმა“ სილამ „ტკივილი მიაყენა“ და ლოყასთან ერთად, ყურიც გაუწითლა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს ორი წლით პატიმრობა მიუსაჯა.

  • მოსამართლემ გადააკვალიფიცირა ბრალდების მუხლი და საპატიმრო სასჯელი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის ნაცვლად, 353-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად გამოიტანა.
  • მზია ამაღლობელს ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმას და ითვალისწინებს თავისუფლების 4-დან 7 წლამდე აღკვეთას.
  • მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ეს მუხლი გადააკვალიფიცირა შედარებით მსუბუქი 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
  • მოსამართლის გადაწყვეტილებას სასამართლოსთან შეკრებილები პროტესტით და შეძახილებით შეხვდნენ: „მონებო!“
  • ევროკავშირმა მკაცრად დაგმო ეს განაჩენი და ხელისუფლებას ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG