Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსმა განაცხადა, რომ თავის საჰაერო სივრცეში შესული, „კურსდაკარგული“ დრონები ჩამოაგდეს


საილუსტრაციო ფოტო. ბელარუსი-პოლონეთის სახმელეთო საზღვარი
საილუსტრაციო ფოტო. ბელარუსი-პოლონეთის სახმელეთო საზღვარი

უკრაინაზე რუსული დრონებითა და რაკეტებით მორიგი მასირებული შეტევისა და პოლონეთის საჰაერო სივრცეში დრონების შეღწევის და ჩამოგდების შემდეგ, ბელარუსის არმიის სარდლობამაც განაცხადა, რომ გასულ ღამით უპილოტო საფრენი აპარატები ბელარუსშიც ჩამოაგდეს. კონკრეტულად ვისი დრონები, მინსკში არ ამბობენ.

რუსეთის მოკავშირე ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს ტელეგრამ-არხზე 10 სექტემბერს გამოქვეყნდა გენერალური შტაბის უფროსის, პაველ მურავეიკოს განცხადება, რომლის თანახმად, „რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის უპილოტო საფრენი აპარატებით დარტყმების ურთიერთგაცვლისას“ ბელარუსის საჰაერო თავდაცვის ძალები მუდმივად აკვირდებოდნენ მხარეთა რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ზემოქმედების შედეგად „კურსდაკარგულ“ დრონებს, რომელთა ნაწილი ბელარუსის ტერიტორიაზე გაანადგურეს.

მურავეიკოს თანახმად, ბელარუსი არსებული არხებით პოლონეთს და ლიეტუვას უზიარებდა ინფორმაციას „უცნობი უპილოტო საფრენი აპარატების“ მათ ტერიტორიებთან მიახლოების შესახებაც, რამაც პოლონეთს „ოპერატიული რეაგირების“ საშუალება მისცა.

ბელარუსის გენშტაბის უფროსის განცხადებით, სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ პოლონეთისგანაც მიიღეს ინფორმაცია ბელარუსის საზღვართან უპილოტო საფრენი აპარატების მიახლოების შესახებ.

გასულ ღამით, უკრაინაზე რუსეთის მორიგი მასირებული შეტევის დაწყების შემდეგ უკრაინის საჰაერო ძალების ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ რუსეთის უპილოტო საფრენმა აპარატებმა პოლონეთის ტერიტორიაზეც შეაღწიეს. გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, ცოტა ხნის შემდეგ ეს ინფორმაცია წაიშალა.

გამთენიისას პოლონეთის არმიის სარდლობამ დაადასტურა ქვეყნის საჰაერო სივრცეში დრონების შეჭრა, დილით კი მათი ნაწილის ჩამოგდების შესახებ განაცხადა:

„უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის დღევანდელი შეტევის შედეგად მოხდა პოლონეთის საჰაერო სივრცის უპრეცედენტო მასშტაბის დარღვევა დრონის ტიპის ობიექტებით. ეს არის აგრესიის აქტი, რომელმაც რეალური საფრთხე შეუქმნა ჩვენს მოქალაქეებს“.

პოლონეთის თავდაცვის მინისტრ ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშის ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო სივრცე ათზე მეტმა ობიექტმა დაარღვია. მინისტრის თანახმად, შეიარაღებული ძალების სარდლის გადაწყვეტილებით ჩამოაგდეს დრონები, რომლებიც უშუალო საფრთხეს წარმოადგენდნენ.

პოლონეთი ნატოს წევრი ქვეყანაა. ნატოს წესდებით, რომელიმე ერთ სახელმწიფოზე თავდასხმა ყველაზე თავდასხმას ნიშნავს და კოლექტიურ თავდაცვასაც ითვალისწინებს.

პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ნატოს გენერალურ მდივან მარკ რიუტეს მიაწოდა ინფორმაცია შექმნილ ვითარებასა და ზომებზე, რომლებსაც პოლონეთის საჰაერო სივრცის დამრღვევი ობიექტების წინააღმდეგ მიმართეს.

სააგენტო Reuters-ი ნატოში თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსული დრონების შეჭრას ნატო თავდასხმად არ განიხილავს.

უკრაინაზე რუსეთის ჯარების მასირებული შეტევების გამო პოლონეთს ხშირად უწევს თავისი საჰაერო სივრცის გასაკონტროლებლად პოლონეთის არმიისა და ნატოელი მოკავშირეების თვითმფრინავების გაგზავნა, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როცა ქვეყნის ტერიტორიაზე დრონების მოგერიება დასჭირდათ.

10 სექტემბრის დღის 12 საათის მდგომარეობით რუსეთს არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია.



ფორუმი

XS
SM
MD
LG