ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ხაბეიშვილი ცდილობს საზოგადოების ყურადღების მიქცევას მაშინ, როცა მას სუსის თანამშრომლები დაკავების შესახებ განჩინებას აცნობენ.
„მეგობრებო, უნდა გესმოდეთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ასრულებს იმ დავალებას, რაც [მამუკა] მდინარაძეს [მის ხელმძღვანელს] აქვს მიღებული. არაფრის არ შეგეშინდეთ იმიტომ, რომ ძალა არის ქართველ ხალხში“, - თქვა ხაბეიშვილმა დაკავებისას.
„ნუ შეგეშინდებათ ნურაფრის. მე ამის მოლოდინი მქონდა“, - თქვა მან.
„მაკავებენ იმიტომ, რომ თურმე ერთ ადამიანს, ხაბეიშვილს, შეუძლია [ბიძინა] ივანიშვილის [„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის] დამარცხება. თქვენ შეგიძლიათ დაამარცხოთ ივანიშვილი, ეს რეჟიმი“, - განაცხადა პოლიტიკოსმა.
მიშა მშვილდაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ხაბეიშვილი ტელეკომპანიის ოფისთან დააკავეს. მის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ამ დროს პოლიტიკოსთან შავ ფორმაში ჩაცმული, სულ მცირე, ხუთი ადამიანი იმყოფება.
„სამსახურში მივდიოდი. დავინახე, რომ ბევრი შავფორმიანი იყო მის ირგვლივ და დავიწყე ვიდეოს გადაღება“, - იხსენებს მიშა მშვილდაძე.
დაკავების დროს "ფორმულის" ეზოში იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი მურთაზ ზოდელავა. როგორც მშვილდაძე ამბობს, ის დაკავებული არ არის, თუმცა „შავ ფორმაში ჩაცმულმა პირებმა“ ისიც წაიყვანეს.
ლევან ხაბეიშვილის დაკავების შესახებ ინფორმაციას ჯერ არ ფლობენ „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურში.
რადიო თავისუფლებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, რომ ლევან ხაბეიშვილი მათ დააკავეს. ამ საკითხზე ბრიფინგი 17:00 საათზე გაიმართება.
ბოლო პერიოდში ლევან ხაბეიშვილის პოლიტიკური აქტივობა ფოკუსირებულია 2025 წლის 4 ოქტომბერზე, - პარალელურად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისა, რომელსაც ენმ ბოიკოტს უცხადებს.
ხაბეიშვილი აცხადებს, რომ 4 ოქტომბერს საჭიროა „ქართული ოცნების რეჟიმის მშვიდობიანი დამხობა“ და მრავალი კვირაა, ამ დღეს აქციას აანონსებს.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მას ამ განცხადებების გამო მწვავედ აკრიტიკებდნენ და ძალადობის ორგანიზებაში ადანაშაულებდნენ.
ამასთან, ბოლო რამდენიმე თვეა, ლევან ხაბეიშვილი ავრცელებს ცნობებს „ქართული ოცნების“ ლიდერებს შორის დაპირისპირების შესახებ.
ფორუმი