დღეს, 12 სექტემბერს დაწყებული სწავლება 16 სექტემბერს დასრულდება. რუსეთ-ბელარუსის წინა სტრატეგიული სწავლება „დასავლეთი“ უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიან შეჭრამდე რამდენიმე თვით ადრე, 2021 წლის სექტემბერში ჩატარდა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, მასში მონაწილეობდა 200 ათასამდე სამხედრო, 760 ერთეული საბრძოლო ტექნიკა და 15 გემი.
ამჯერად, მხარეები ოფიციალურად არაფერს ამბობენ წვრთნებში მონაწილეთა რაოდენობაზე.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით, „დასავლეთი-2025”-ის მიზანია მეთაურებისა და შტაბების და რეგიონული და კოალიციური ჯარების დაჯგუფებების „უნარების სრულყოფა მშვიდობის შენარჩუნების, ინტერესების დაცვისა და სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთობლივი ამოცანების შესრულებისას“.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობითვე, პრაქტიკული სწავლებები ჩატარდება ბელარუსის და რუსეთის ტერიტორიებზე არსებულ პოლიგონებზე და ბალტიისა და ბარენცის ზღვების აკვატორიებში, პირველ ეტაპზე დამუშავდება სამოკავშირეო სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიის მოგერიების მართვა, ხოლო მეორე ეტაპზე - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 12 სექტემბერს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში არ არის მითითებული წვრთნებში მონაწილე სამხედროებისა და საბრძოლო ტექნიკის რაოდენობა.
მათი რიცხვი არ არის დასახელებული ოფიციალურ ინფორმაციაშიც, რომელიც სტრატეგიული სწავლების დაწყების შესახებ დღეს გაავრცელა ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო „ბელტამ".
11 სექტემბერს რუსული გამოცემა „კომერსანტი" წერდა, რომ სწავლებაში მონაწილეობას მიიღებს 13 ათასამდე სამხედრო. წვრთნებისას დაგეგმილია ზებგერითი სარაკეტო კომპლექსის, „ორეშნიკის“ გამოყენების ელემენტების დამუშავება.
2025 წლის აგვისტოს ბოლოს ლიეტუვის სპეცსამსახურებში განაცხადეს, რომ მათი მონაცემებით, რუსეთ-ბელარუსის სტრატეგიულ წვრთნებში ორივე ქვეყნიდან მონაწილეობას მიიღებს 30 ათასამდე სამხედრო. უშუალოდ ბელარუსის ტერიტორიაზე - მხოლოდ 8 ათასი, რომელთა შორის 2 ათასი რუსი ჯარისკაცი იქნება.
რუსეთ-ბელარუსის სტრატეგიული წვრთნების გამო 12 სექტემბრიდან ბელარუსთან საზღვარი დაკეტა პოლონეთმა.
11 სექტემბერს ლატვიის პარლამენტმა დადგენილება მიიღო და პრემიერ-მინისტრს მიმართა, რუსეთ-ბელარუსის წვრთნების პერიოდში ამ ქვეყნებთან საზღვრები დაკეტონ.
რუსეთი და ბელარუსი აცხადებენ, რომ „დასავლეთი-2025“ გეგმური სწავლებაა და არ არის მიმართული არცერთი მესამე ქვეყნის წინააღმდეგ.
სექტემბრის დასაწყისიდან ბალტიის რეგიონში მიმდინარეობს ნატოს წევრი სახელმწიფოების წვრთნები TARASSIS, რომელშიც 11 ქვეყნის სამხედროები მონაწილეობენ.
ფორუმი